სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული კვების ობიექტების მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ "ბოლო ორი წლის მანძილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად ხორციელდება. არსებობს სრული ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა სასწავლო ობიექტების საკვებ ბლოკებში".
სასწავლო დაწესებულებებში საკვები ობიექტების თემას განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკვები ობიექტების მდგომარეობის შესწავლა 2013 წლიდან დაიწყო, შეიქმნა ბაზები და აღინიშნა ყველა ის პრობლემა, რომელიც შემოწმებების შედეგად გამოვლინდა. მინისტრმა ბაღებსა და სკოლებში არსებული მდგომარეობის კუთხით ხაზი სასმელი წყლის პრობლემას გაუსვა. მისივე თქმით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, 361 ობიექტში ინსპექტირება განხორციელდა, გარკვეულ ობიექტებზე გამოვლინდა შეუსაბამობები და ბიზნესოპერატორებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.
ფაქტ-მეტრი ამ თემით დაინტერესდა.
სასწავლო დაწესებულებებში არსებული კვების ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, კახა სოხაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტების მონიტორინგი 2013 წლიდან დაიწყო. მონიტორინგის პროცესი როგორც სკოლამდელ, ისე სასკოლო დაწესებულებებს მოიცავს. მოწმდება როგორც საჯარო სკოლები და სახელმწიფო ბაღები, ისე კერძო პირების მფლობელობაში არსებული სასწავლო დაწესებულებები. მისივე განმარტებით, საბავშვო ბაღების კონტროლი 2013 წლიდან დაიწყო, 2014 წლიდან კი სკოლებიც დაემატა. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 900-მდე სკოლა და რამდენიმე ასეული ბაღი შემოწმდა.
კახა სოხაძის თქმით, ობიექტები წელიწადში მინიმუმ ერთხელ მოწმდება. თუმცა, რეკომენდაციების მიცემის შემდეგ, მათი ხელმეორედ გადამოწმება ხდება. ამასთან, საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური შემოწმებები. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორია თითქმის სრულად იქნა მოცული და აქტიური მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ანგარიშები 2011-2014 წლების მონაცემებს მოიცავს. 2011 წლის ანგარიშში განმარტებულია, რომ სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება სახელმწიფომ 2011 წლის 3 იანვრიდან დაიწყო. ინსპექტირება სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ 218 საწარმოში განხორციელდა, მათგან 202 გეგმიური იყო, 16 კი არაგეგმიური. ინსპექტირების პროცესი სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებს არ მოიცავდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ არაგეგმიური ინსპექტირების შედეგად, თბილისის 11 ბაგა-ბაღი შემოწმდა. ბაგა-ბაღებში ყველის 2 ნიმუში აიღეს. დარღვევა ყველის 1 ნიმუშში გამოვლინდა. კერძოდ, აღმოჩნდა კოლიფორმაბი. შედეგად, მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამასთან, იმერეთის რაიონის ორი სოფლის სასმელ წყალში საერთო კოლიფორმული ბაქტერიები აღმოჩნდა. რეკომენდაციები მიეცათ სოფლის რწმუნებულებსა და საჯარო სკოლის დირექციას.
2013 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გეგმიური ინსპექტირება 144 ბაგა ბაღში განახორციელა. არაგეგმიური ინსპექტირება კი 13 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდა. ამასთან, მიცემული რეკომენდაციების შემოწმების მიზნით, ხელახლა 127 ბაგა-ბაღი გადამოწმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის ანგარიშში განმარტებულია, რომ 2013 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბაგა-ბაღები იყო.
2014 წელს საქართველოს მასშტაბით გეგმიური შემოწმება 467, არაგეგმიური კი ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა. ხელახლა გადამოწმდა 399 ბაღი. რაც შეეხება სკოლებს, 2014 წელს გეგმიური ინსპექტირება 400 სასკოლო ბუფეტში განხორციელდა, არაგეგმიური კი რვაში. ხელახლა გადამოწმდა 388 სასკოლო ბუფეტი. 2015 წლის ანგარიში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე:
- საბავშვო ბაღებში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, აღარ გამოიყენება ალუმინისაგან დამზადებული ინვენტარი, რომელიც მიჩნეულია მეორე კლასიფიკაციის საშიშროების ელემენტად და დაუშვებელია ბავშვთა კვების მოსამზადებლად;
- საბავშვო ბაღების უმეტესობამ მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს;
- თითქმის ყველა საბავშვო ბაღში მოწესრიგდა წყალგაყვანილობა;
- საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენური მდგომარეობა, მათ შორის პერსონალის ჰიგიენა, სურსათის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რეცხვა-დეზინფიცირება;
- სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების პერსონალისთვის პერიოდულად ატარებს ტრენინგებს, რომელიც სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენის აუცილებელ ნორმებს შეეხება;
- საბავშვო ბაღებში სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადების დროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანხმდება ტექნიკური სპეციფიკა და ცხოველური წარმოშობის სურსათის მომარაგების პირობები მკაცრად არის რეგლამენტირებული.