მიმდინარე წლის 20 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე თანამედროვე [სურსათის] ლაბორატორიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. „წინა ხელისუფლებამ საოცრად დამამცირებელი კანონი მიიღო, როდესაც იმპორტირებული საქონლის კონტროლი მოსპო საქართველოში... ამის შემდეგ, ძალიან მოკლე ხანში მიიღეს კიდევ მეორე აბსტრაქტული კანონი. ჩვენ ალბათ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც გენმოდიფიცირებული საქონლის მარკირება აიკრძალა. ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას თავისი დეპარტამენტი აქვს. სამწუხაროდ ჩვენს ლაბორატორიებში არ არის საშუალება, რომ ანალიტიკური პროცესი ბოლომდე მივიდეს და ყველა ის მიუღებელი ნივთიერება გამოვავლინოთ, რომელიც ამ პროდუქტშია. მაგალითად ხორცის ნაწარმში 15–17 %–ს არ აღემატება ხორცის შემცველობა, მოდის გენმოდიფიცირებული სოიო, არის სისხლი, არის ფქვილი, არის ცხიმი და აი ამისგან შედგება ჩვენი ნაწარმი...დღეს ჩვენ იძულებული ვართ, რომ მთლიანად შევამოწმოთ პროდუქტი, უცხოეთში გავაგზავნოთ, რაც ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ჩვენ ვაყენებთ წინადადებას, შევქმნათ თანამედროვე ლაბორატორია“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა „მრეწველების“ ლიდერის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სიზუსტე გადავამოწმეთ.
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 სექტემბრის N305-IIს დადგენილებით საქართველო „ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს“ შეუერთდა. 2013 წლის მონაცემებით კარტახენას ოქმი 166 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. (თარჯიმანისთვის - ჰიპერლინკი ინგლისურია).
კარტახენას ოქმი 2000 წელს ქალაქ მონრეალში მიიღეს და ძალაში 2003 წელს შევიდა. იგი ბიოუსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენციას წარმოადგენს, რომელიც ძირითადად გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საკითხს ეხება. კარტახენას ოქმი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლისათვის შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებას, სათანადო ლაბორატორიული ბაზის შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ის ასევე ითვალისწინებს გმო (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი) პროდუქტების მარკირებასაც. კარტახენას ოქმის თანახმად ქვეყანამ თავად უნდა იზრუნოს გმო პროდუქციის კონტროლზე და გენმოდიფიცირებული პროდუქტის თვისებებზე მოსახლეობის ინფორმირებაზე.
მიუხედავად კარტახენას ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნისა, საქართველოს პარლამენტს „გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ შესაბამისი კანონი დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოში გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საკითხები კანონმდებლობით არ რეგულირდება და ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე გენმოდიფიცირებული საქონლის აღრიცხვა და კონტროლი, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე, არ ხორციელდება. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არც ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასურსათო ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გმო პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტების დონის განსაზღვრა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N 2–231 ბრძანების მიხედვით თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9% - ზე მეტია, ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას ექვემდებარება. როგორც სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათისა და ცხოველთა საკვების ინსპექტირების დეპარტამენტში გვითხრეს, გმო პროდუქტების მარკირება შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობის გამო პრაქტიკაში ვერ ხორციელდება. დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიების შექმნაზე მუშაობა დაწყებულია.
2012 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ინიციატივით გარემოს დაცვის სამინისტრომ „ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა, რაც საკანონმდებლო დონეზე ბიოუსაფრთხოების რეგულირებას გულისხმობს. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს სოსო ქარცივაძეს ვესაუბრეთ, რომელიც უშუალოდ მუშაობდა აღნიშნულ კანონპროექტზე. „კანონპროექტი კრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, კერძოდ თესლების შემოტანა/დათესვას. კანონპროექტზე მუშაობა უკვე დავასრულეთ, უახლოეს მომავალში გავა მთავრობის სხდომაზე და მოწონების შემთხვევაში პარლამენტს გადაეგზავნება. ასევე, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ევროკავშირთან, რათა შევქმნათ სრულყოფილი სისტემა, რომელიც ევროკავშირის ბიოუსაფრთხოების კანონმდებლობასთან შესაბამისი იქნება“- განაცხადა სოსო ქარცივაძემ ჩვენთან საუბრისას.
კანონპროექტის თანახმად, საბაზრო ქსელში გენმოდიფიცირებული პროდუქტის განთავსება მხოლოდ შესაბამისი ეტიკეტირების (მარკირების) შემდეგ იქნება შესაძლებელი.
გოგი თოფაძე განცხადებაში მიუთითებს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გენმოდიფიცირებული საქონლის მარკირება აიკრძალა. „მრეწველების“ ლიდერი განცხადების ამ ნაწილში არ არის ზუსტი, რადგანაც საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება არ აუკრძალავთ. ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც სურსათში გმ კომპონენტის (სურსათის საერთო მასის 0.9%-ზე მეტი) მარკირებას ითვალისწინებს, რაც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის სტანდარტებთან. თუმცა არ გვაქვს ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გმ კომპონენტის განსაზღვრა საქონელში, რის გამოც პრაქტიკულად არ ხდება გმო პროდუქტის ეტიკეტირება.
ევროკავშირის ქვეყნებში გენმოდიფიცირებული საკვების და ფურაჟის ან გმო-სგან მიღებული ან მისი შემცველი საკვების და ფურაჟის ბაზარზე განთავსება ევროკავშირის 1829/2003 დადგენილებით რეგულირდება. დადგენილება ძალაში 2004 წლის 18 აპრილს შევიდა. დადგენილება ყველა გენურად მოდიფიცირებული საკვებისა და ფურაჟის მარკირებას ითვალისწინებს. დადგენილება გენურად მოდიფიცირებული კომპონენტის 0,9%-იან სავალდებულო ზღვარს აწესებს, რომლის ზევითაც გმო პროდუქტის მარკირება აუცილებელია. თუკი მაჩვენებლი 0.9%-ზე დაბალია, მასში გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მარკირება სავალდებულო აღარ არის. გარდა ამისა, გმო პროდუქტებმა ასევე უნდა დააკმაყოფილოს სხვა პროცედურებიც, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და პროდუქტებს ეხებათ.
გოგი თოფაძე თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ იმპორტირებულ საქონელზე კონტროლი გააუქმა. ჩვენ აღნიშნულ თემაზე ადრეც გვიმუშავია. 2006 წელს პარლამენტმა ახალი საბაჟო კოდექსი მიიღო, რომლის თანახმადაც შემცირდა და გამარტივდა საბაჟო პროცედურები. აღნიშნული საბაჟო კოდექსის მიხედვით საზღვარზე იმპორტირებული საქონლის შემოტანისთვის მხოლოდ დოკუმენტაციის წარდგენა იყო საკმარისი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426 დადგენილების თანახმად, რომელიც 2013 წლის 10 ივნისს ამოქმედდა, სურსათის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ იმპორტზე ნებართვის გაცემის პირობები შეიცვალა და იმპორტირებული საქონელი ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაექვემდებარა. ამჟამად, საქართველოში იმპორტისთვის გამიზნული საქონელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ექვემდებარება: დოკუმენტურ შემოწმებას; იდენტურობის შემოწმებას; ნიმუშის აღებას ადგილზე ინსპექტირებისთვის ან ლაბორატორიული ანალიზისთვის.
დასკვნა
2008 წელს საქართველო „ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს“ შეუერთდა. კარტახენას ოქმის შესაბამისად საქართველოს გენურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ კანონი უნდა შეემუშავებინა, რომელიც გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლს უზრუნველყოფდა. მსგავსი კანონი საქართველოს დღემდე არ მიუღია. კანონმდებლობის არ არსებობის გამო ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე გენმოდიფიცირებული საქონლის, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე აღრიცხვა და კონტროლი არ ხდება.
საქართველოში არ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შესაბამისი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გმო პროდუქტში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტების განსაზღვრა, როგორც ამას გოგი თოფაძე მიუთითებს.
ევროკავშირის 1829/2003 დადგენილების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ყველა გენურად მოდიფიცირებული საკვებისა და ფურაჟის მარკირება ხდება.
„მრეწველების“ ლიდერი აღნიშნავს, რომ საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც გენმოდიფიცირებული საქონლის მარკირება აიკრძალა. განცხადების ეს ნაწილი არ არის ზუსტი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის N 2–231 ბრძანების თანახმად თუ სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9% - ზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას. მართალია საქართველოში გმო პროდუქტების მარკირება არ არის აკრძალული, მაგრამ მიუხედავად არსებული ბრძანებისა, საქართველოში გმო პროდუქტების მარკირება პრაქტიკულად არ ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენოტოს განმარტებით, ამის მიზეზი შესაბამისი ლაბორატორიების არარსებობაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით გარემოს დაცვის სამინისტრომ „ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ბიოუსაფრთხოების დარეგულირებას გულისხმობს. კანონპროექტი მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების (მცენარეული თესლების და ნერგების) იმპორტს და დათესვა/დანერგვას კრძალავს. რაც შეეხება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების შემოტანას და საბაზრო ქსელში განთავსებას, ეს შესაბამისი ეტიკეტირების (მარკირების) შემდეგ იქნება შესაძლებელი. გარემოს დაცვის სამინისტროს განმარტებით, კანონპროექტი უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული.
გოგი თოფაძე თავის განცხადებაში ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ წინა ხელისუფლებამ იმპორტირებულ საქონელზე კონტროლი გააუქმა. 2006 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საბაჟო კოდექსის თანახმად შემცირდა და გამარტივდა საბაჟო პროცედურები. იმპორტირებული საქონლის კონტროლი პრაქტიკულად გაუქმდა, საქონლის შემოტანისთვის მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა იყო საკმარისი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის N426 დადგენილების საფუძველზე იმპორტირებულ საქონელი 2013 წლის 10 ივნისიდან ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაექვემდებარა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, გოგი თოფაძის განცხადება: “წინა ხელისუფლებამ იმპორტირებული საქონლის კონტროლი მოსპო... ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ [ევროპაში], სადაც გენმოდიფიცირებული საქონლის მარკირება აიკრძალა... საქართველოს ლაბორატორიებში არ არის მიუღებელი ნივთიერებების გამოვლენის საშუალება“, არის მეტწილად სიმართლე.