2013 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მან განმარტა, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად მნიშვნელოვანია, პოლიციის აკადემიის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა გაჩნდეს. ამისათვის კი საჭიროა, რომ აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულის სტატუსი მიენიჭოს. მისივე თქმით, ცვლილებების ამოქმედება პოლიციის აკადემიას აღნიშნულ სტატუსს ავტომატურად არ მიანიჭებს, თუმცა შესაძლებელს გახდის, რომ აკადემიამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს და თუ აკადემია ავტორიზაციისათვის საჭირო მოთხოვნებსა და პირობებს დააკმაყოფილებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიიღოს.
საკითხის განხილვას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან შენიშვნები მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში აკადემიამ შეძლო საქართველოში პოლიცია საბჭოთა მილიციის სისტემიდან თანამედროვე, მოქალაქეების სამსახურში მყოფ პოლიციად გადაექცია. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს, რომლის შესახებაც მინისტრის მოადგილე საუბრობდა, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ის პოლიციელებისათვის მხოლოდ ახალი ფორმების შეკერვასა და მათი ღირსების შელახვაში გამოიხატება. ამის მაგალითად მან მელორ ვაჩნაძესთან დაკავშირებული ინციდენტი დაასახელა, რომელიც დეპუტატის განცხადებით, პოლიციელის ცემისთვის 100 ლარითაც კი არ დაჯარიმდა. მომხსენებლისადმი მიმართვისას ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვა: „ხარისხიანი განათლება რომ გდომოდათ თქვენ, პოლიციის აკადემიაში, ბატონო ლევან, 2012 წელს, ნოემბრის თვეში, ერთი თვეც არ იყო გასული თქვენი მთავრობის დამტკიცებიდან, თქვენ არ გააუქმებდით კონკურსებს და სასწავლო პროგრამებს პოლიციის აკადემიაში“.
ფაქტ–მეტრი იმ სასწავლო პროგრამებითა და კონკურსებით დაინტერესდა, რომლებიც დეპუტატის თქმით 2012 წლის ნოემბერში ახალი მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა და ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
იმის დასაზუსტებლად, თუ რა კონკურსებსა და პროგრამებს გულისხმობდა დეპუტატი განცხადებისას, ჩიორა თაქთაქიშვილს დავუკავშირდით. ფაქტ–მეტრთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის ის ბრძანება გაუქმდა, რომელიც პოლიციის აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს უზრუნველყოფდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული პროგრამების გავლის გარეშე, ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნა არ ხდებოდა. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სამინისტრომ ბრძანების გაუქმება სხვადასხვა თანამდებობებზე ისეთი თანამშრომლების დასანიშნად გამოიყენა, რომლებსაც აღნიშნული პროგრამები გავლილი არ ჰქონდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის # 101 ბრძანების საფუძველზე, პოლიციის აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი განისაზღვრა. აღნიშნული ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისაღები პირებისათვის და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური პროგრამები დაწესდა. ესენია:
- პატრულ–ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
- უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
- დეტექტივ–გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
- მეხანძრე–მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
- განცხადების წარდგენა;
- განცხადების (აპლიკაციის) განხილვა;
- კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ორგანიზება;
- კანდიდატთა შესარჩევი ტესტირების ან/და გასაუბრების ჩატარების წესი;
- კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
- აკადემიაში სპეციალური პროგრამის გასავლელად მსმენელთა ჩარიცხვა;
- სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროგრამაზე მსმენელად ჩარიცხვის წესი.