ერთი კარგად ახსნას [გახარიამ], რას ნიშნავს სიების გასაჯაროება? სიები, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვინ მიიღო, გასაჯაროებულია

გურამ მაჭარაშვილი: ერთი კარგად ახსნას [გახარიამ], რას ნიშნავს სიების გასაჯაროება? სიები, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვინ მიიღო, გასაჯაროებულია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ გურამ მაჭარაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი:

2024 წლის 14 ნოემბერს „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სიების გასაჯაროებაზე გახარიას განცხადება შეაფასა. „ერთი კარგად ახსნას, რას ნიშნავს სიების გასაჯაროება? გასაჯაროებული არ არის ამომრჩეველთა სიები? თუ ფარულობა უნდა დაირღვეს და ბიულეტენები გაასაჯაროონ? ოქმები გასაჯაროებულია. სიები, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვინ მიიღო, გასაჯაროებულია. ოქმებში ყველა ხედავს, რომელ უბანზე ვინ რამდენი ხმა მიიღო. რა ბაზების გასაჯაროებაზე საუბრობს?“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„ფაქტ-მეტრმა“ გურამ მაჭარაშვილის განცხადება გადაამოწმა

29 ოქტომბერს გიორგი გახარიამ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი მოთხოვნა წაუყენა: „2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს, ინდივიდუალურად, უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები: მონაწილეობდა, თუ - არა არჩევნებში, რომელ უბანზე მისცა ხმა, რომელ საათზე მისცა ხმა“. ამავე განცხადებაში, გახარიამ დააზუსტა, რომ „არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე“.

მოთხოვნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ტიპის ბაზის შექმნა შეუძლებელია. „საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცალსახად განსაზღვრავს, რა ტიპის ბაზები არსებობს ჩვენთან. ეს არის ამომრჩეველთა საერთო სია. რა მონაცემებია საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელია პერსონალური მონაცემები, რომელიც არის დაფარული და არ არის საჯარო და ა.შ. ჩვენ კანონმდებლობის შესაბამისად ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს იოსელიანი.

მიუხედავად იმისა, ანიჭებს, თუ - არა კანონმდებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზემოთ ხსენებული ბაზის შექმნისა და გამოქვეყნების შესაძლებლობას, ფაქტია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მონაწილეობდა არჩევნებში (სახელდებით), ასევე სად და რა დროს მისცა ხმა, არც საჯაროა და არც ინდივიდუალურად გადამოწმებას არ ექვემდებარება. ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გარკვეული მანიპულაციების არსებობა/არ არსებობის დადასტურებას, სავარაუდოდ, რამდენიმე გზით შეუწყობდა ხელს. პირველი, ადამიანები, რომლებმაც არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა გადაამოწმებდნენ, ხმა მის ნაცვლად სხვას ხომ არ მიუცია. მეორე, ადამიანები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, გადაამოწმებდნენ, სხვა უბანზეც ხომ არ იყო მათი მონაცემები გააქტიურებული. მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ ამ სახის ბაზა პირის მიერ ხმის მიცემა/არ მიცემის ფაქტის ფარულობის დარღვევის რისკებს შეიცავს. შესაბამისად, შესაძლოა, ის მოქალაქეებზე ზეწოლის კიდევ ერთ ბერკეტად იყოს გამოყენებული.

გურამ მაჭარაშვილის განცხადება რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. პოლიტიკოსი საზოგადოებას არწმუნებს, რომ ცესკოს მიერ გასაჯაროებული ოქმები, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ (ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, შესაძლოა, შედარებულ იქნას ამ უბნის სიებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან), იმ მიზნებს უზრუნველყოფს, რასაც ცესკოს მიერ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის შესრულება უზრუნველყოფდა. ასევე მცდარია მტკიცება, რომ სიები, „ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვინ მიიღო, გასაჯაროებულია“. მეტიც, ამგვარი სიების გასაჯაროება ხმის ფარულობას იმ ნაწილში არ არღვევს, რომ ნათელი გახდება, ვინ ვის მისცა ხმა. საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემა პირსა და მის მიერ გაკეთებულ არჩევანს შორის კავშირის დადგენას, მხოლოდ მისი არჩევნებზე ყოფნა ან არყოფნის ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელს ხდის.

მიუხედავად ამისა, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ვერდიქტით შეფასებისაგან თავს იკავებს, ვინაიდან ამგვარი სიის გასაჯაროება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქმნის დამატებით რისკს, დაირღვეს არჩევანის ფარულობისა და თავისუფლების პრინციპი, ვინაიდან ხმის მიცემისგან თავის შეკავება / არჩევნებზე წასვლისგან თავის შეკავება, ასევე არჩევანია და მისი გამჟღავნება შესაძლოა, ადამიანზე ზეწოლის დამატებით ბერკეტად იქნეს გამოყენებული. „ფაქტ-მეტრის“ აზრით, საარჩევნო დარღვევების ამგვარი მეთოდით გამოძიების/მიკვლევის მექანიზმის შექმნა, ამ რისკის გამო, მხოლოდ მესამე - მიუკერძოებელი არბიტრისთვის, სიების გადაცემით იქნებოდა შესაძლებელი. ამ შემთხვევაშიც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების შემდგომ, იმის გარანტია, რომ ის მხოლოდ მიუკერძოებელ არბიტრს გადაეცემა და არ აღმოჩნდება რომელიმე ისეთი პირის/უწყების ხელში, ვინც ამ ინფორმაციის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას შეძლებს, არ არსებობს.

ამასთან, 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის პრობლემა ნამდვილად იდგა ბიულეტენის მეორე მხარეს გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობის გამო (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, მასში არსებული ფაქტობრივი უზუსტობის მიუხედავად, კონტექსტის გათვალისწინებით, ვერდიქტის გარეშე ტოვებს.