'ქართული ოცნების' ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

შალვა პაპუაშვილი 2012 წლის წლიურ მაჩვენებელს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს ადარებს. უმუშევრობის მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს, ამიტომაც კვარტალური მონაცემების წლიურ მაჩვენებელთან შედარება მანიპულაციურია და არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, 2012 წლის წლიური მაჩვენებელი 2023 წლის ასევე წლიურ მაჩვენებელს უნდა შევადაროთ.

2023 წელს უმუშევრობის დონემ 16.4% შეადგინა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 26.7% იყო. ამრიგად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში უმუშევრობის დონე ნამდვილად შემცირდა, თუმცა არ განახევრებულა.

გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის დონის კლება არ იყო მხოლოდ დასაქმების ზრდით განპირობებული და მასზე გავლენა სამუშაო ძალის კლებამაც იქონია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა და სამუშაო ძალის მიღმა გადაინაცვლა ან ქვეყანა დატოვა, რამაც უმუშევართა სტატისტიკა შეამცირა.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა.

პირველ რიგში, სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგია განვმარტოთ. ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალის) შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად - სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე შემცირდეს. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის დონის სწორად შესაფასებლად სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრებიც უნდა გავაანალიზოთ.

შალვა პაპუაშვილი 2012 წლის წლიურ მაჩვენებელს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს ადარებს, კვარტალური მონაცემების წლიურ მაჩვენებელთან შედარება არამართებულია, რადგან უმუშევრობის მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც, სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, 2012 წლის მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებელს უნდა შევადაროთ.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16.4% შეადგინა. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, მაგრამ აქტიურად ეძებს სამუშაოს. 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა, უმუშევრობის დონე 26.7%-ს შეადგენდა. ანუ, 11-წლიან პერიოდში უმუშევრობის დონე ჯამში 10.3 პროცენტული პუნქტით, 1.6-ჯერ შემცირდა. ამრიგად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში უმუშევრობის დონე ნამდვილად შემცირდა, თუმცა არ განახევრებულა.

უმუშევრობის დონის კლებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ, ეს უკანასკნელი ცალსახად უარყოფითი მოვლენაა. გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა ან ქვეყანა დატოვა და, შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევართა რიგებს დააკლდა.

2023 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 1 596.3 ათასი შეადგინა, რაც აღემატება 2019-2022 წლების მონაცემებს, თუმცა წინა წლების (2012-2018) მაჩვენებლებზე ნაკლებია. 2023 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 58.4 ათასით არის შემცირებული. ამრიგად, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სამუშაო ძალა შემცირდა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია უმუშევრობის დონის შემცირებაზეც.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები (დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმების დონე) იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ (იხ. გრაფიკი 1). 2023 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით (122.4 ათასით) აღემატება. 2023 წელს დასაქმების დონემ (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 44.5% შეადგინა. 2012 წელთან შედარებით დასაქმების დონე 4.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის გრძელვადიან პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები ჯამში გაუმჯობესდა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რამდენადაც უმუშევრობის დონე არის შემცირებული. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ უმუშევრობის დონის შემცირებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმების ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები 2012-2023 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრძელვადიანი პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, „ქართული ოცნების“ საწყის წლებში ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის პარამეტრები გაუმჯობესდა. 2016-2019 წლებში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, რის ხარჯზეც, დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონემ იკლო. პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა და უმუშევრობის დონეც გაიზარდა. პანდემიის შემდგომ პერიოდში, 2022-2023 წლებში, დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაბამისად, შემცირდა უმუშევრობის დონეც.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დასაქმების ზრდაზე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნამ, ასევე სხვა ფაქტორებმა იქონია გავლენა. კერძოდ, პანდემიის დასრულებასა და მისი თანმხლები ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. გარდა ამისა, დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა იქონია სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდამ და სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც, ძირითადად, ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებას გულისხმობს.

ამრიგად, დასაქმების მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს. შესაბამისად, უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის კვარტალურ მაჩვენებელთან შედარება მანიპულაციურია. 2023 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 26.7%-დან 16.4%-მდე, ანუ 1.6-ჯერ შემცირდა. მტკიცება, რომ უმუშევრობის დონე განახევრდა, გადაჭარბებულია. გარდა ამისა, უმუშევრობის დონის კლებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ - ადამიანებმა დატოვეს ქვეყანა ან შეწყვიტეს სამუშაოს ძიება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ვაფასებთ, ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.