გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო, არის ხოლმე ხანდახან სესხები

ირაკლი კობახიძე: გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო, არის ხოლმე ხანდახან სესხები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

საქართველოს ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია პროგრამიდან - „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიება“, ფინანსდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების და უცხოური გრანტების და კრედიტების ერთობლიობას წარმოადგენს. ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყოველწლიურად, ამ მიზნით გამოყოფილი თანხების საშუალოდ 45%-ზე მეტი უცხოური გრანტები და კრედიტებია. ყველაზე მასშტაბური საგზაო პროექტის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, შემთხვევაში ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და 64%-ს შეადგენს. შესაბამისად, გზებს მხოლოდ ქართული სახელმწიფო არ აშენებს და სესხებიც არა ხანდახან, არამედ ყოველწლიურად გამოიყოფა და თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. აქედან გამომდინარე, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკულ დახმარების კონტექსტში გზების დაფინანსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „გზებს აშენებს სამინისტრო, არის ხოლმე ხანდახან სესხები, ამერიკული ნაკლებად. გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო იმ თანხებით, რომელთა მობილიზება ხდება გადასახადების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები იხდიან გადასახადებს და ამ გადასახადების მეშვეობით იგება ქვეყანაში გზები“.

საქართველოს ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია პროგრამიდან - „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიება“ (კოდი25.02), ფინანსდება. პროგრამის დაფინანსება თავის მხრივ საბიუჯეტო დაფინანსების, გრანტების და კრედიტების ჯამს წარმოადგენს.

განცხადებაში პრემიერი ამბობს, რომ გზები გადასახადების გადამხდელების ფულით, ანუ ძირითადად ბიუჯეტის თანხებით იგება. ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ, საანგარიშო პერიოდში (2013-2024 წლებში), უცხოური გრანტები და კრედიტები, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხების რა ნაწილს შეადგენდა.

გრაფიკი 1: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის ბიუჯეტი, უცხოური გრანტების და კრედიტების წილი მთლიან ბიუჯეტში (მლნ ლარი)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ბიუჯეტის მონაცემების ცხადყოფს, „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიან პერიოდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსების საშუალოდ 45.6%-ზე მეტი უცხოურ გრანტებსა და კრედიტებზე მოდის. შესაბამისად, გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია უცხოური გრანტებით და კრედიტებით არა ხანდახან, როგორც პრემიერი აცხადებს, არამედ ყოველწლიურად ფინანსდება. უფრო მეტიც, გზების რეაბილიტაციასა და მშენებლობაზე დახარჯული თანხების თითქმის ნახევარი უცხოური გრანტები და კრედიტებია.

რაც შეეხება ყველაზე დიდ საგზაო პროექტს - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს, აქ უცხოური დაფინანსების წილი კიდევ უფრო მაღალია და საანგარიშო პერიოდში საშუალოდ 64.1%-ს შეადგენს.

გრაფიკი 2: ჩქაროსნულია ავტომაგისტრალის ბიუჯეტი, ბიუჯეტში უცხოური დაფინანსების წილი (მლნ ლარი)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტი

საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი დამფინანსებლები ADB – აზიის განვითარების ბანკი, EIB - ევროპის საინვესტიციო ბანკი, WB - მსოფლიო ბანკი, EBRD - ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არიან. ამერიკული დაფინანსება გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით თითქმის არ არის.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების და უცხოური გრანტების და კრედიტების ერთობლიობას წარმოადგენს. ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ყოველწლიურად, ამ მიზნით გამოყოფილი თანხების საშუალოდ 45%-ზე მეტი უცხოური გრანტები და კრედიტებია, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემთხვევაში ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და 64%-ს შეადგენს. შესაბამისად, გზებს მხოლოდ ქართული სახელმწიფო არ აშენებს და სესხებიც არა ხანდახან, არამედ ყოველწლიურად გამოიყოფა და თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. აქედან გამომდინარე, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.