გია ვოლსკი: პრეზიდენტი კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა

გია ვოლსკი: პრეზიდენტი კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გია ვოლსკის განცხადება არის ტყუილი.

vs

სალომე ზურაბიშვილი: ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

2024 წლის 18 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო - „ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

20 მაისს პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მან ვეტოს სამართლებრივად გაუმართაობასა და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე ისაუბრა - „ ვეტო შენიშვნების გარეშე არის კონსტიტუციის დარღვევა. არ შეიძლება. პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, თუნდაც პოლიტიკური შეფასებების ნაწილიც იყოს გათვალისწინებული. მაგრამ ძირითადად ვეტო უნდა ასახავდეს სამართლებრივ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ. ეს მისი ვალდებულებაა. როდესაც ამას არ ასრულებს, ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

პრეზიდენტის ვეტო გულისხმობს პროცედურას, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მისთვის გადაცემული კანონის ხელმოწერასა და გამოქვეყნებაზე უარს ამბობს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უბრუნებს. [1] პარლამენტის რეგლამენტი დამატებით აკონკრეტებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული. [2] 

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, როგორც მოტივირებული შენიშვნები, ასევე, ალტერნატიული კანონპროექტიც წარადგინა.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონი, რომელიც ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას, ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. „აგენტების კანონი“, რომლის დემოკრატიულ პრინციპებთან თუ ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუთავსებლობა შარშან უკვე ცალსახად დადასტურდა ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნით. გარდა ამისა, პრეზიდენტმა დაასაბუთა, თუ როგორ ეწინააღმდეგება კანონი კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებს და საბოლოოდ, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რომ ვინაიდან, კანონი მთელი თავისი შინაარსით არაკონსტიტუციური, არაქართული და არაევროპულია, მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის უმოკლეს ვადაში, მისი ამოქმედების მომდევნო დღეს გაუქმებას. 

აღნიშნულის მიუხედავად, ვეტოს სამართლებრივი გამართულობა მმართველი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც დააყენა. აღსანიშნავია, რომ პირველად არ ხდება, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის ვეტოს, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულ „პოლიტიკურ ახირებად“ წარმოაჩენენ (აღნიშნულზე ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

ამგვარ შეფასებებს, უმეტესწილად საფუძვლად უდევს მტკიცება, თითქოს პრეზიდენტის ვეტო კანონის პუნქტობრივ სამართლებრივ ანალიზს უნდა ასახავდეს. რეალურად, კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მხოლოდ კონსტიტუციით, კონსტიტუცია კი ამგვარ მითითებას არ ითვალისწინებს. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ „არც კონსტიტუციაში და არც რეგლამენტში არაფერი არ წერია იმაზე, რამდენად ვრცელი უნდა იყოს, რამდენად სრულყოფილად უნდა აკრიტიკებდეს, ყველა მუხლს უნდა ეხებოდეს თუ ნაწილს, მთავარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინოს დასაბუთებული ვეტო. თუ ეს დასაბუთება ვინმეს არ მოსწონს, ეს მისი საქმეა, მან უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.“  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, პირველ რიგში კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას. [3]  შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი, ხოლო  თუ პარლამენტმა არ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. [4] 

ამრიგად, თუ ვეტოს გამოყენებას საფუძვლად უდევს პრეზიდენტის პოზიცია იმის შესახებ, რომ კანონი ვერ გაკეთილშობილდება და იგი უნდა გაუქმდეს, საკმარისია, პრეზიდენტმა ამ პოზიციის მოტივირება წარმოაჩინოს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი თავის ვეტოს აღნიშნული კანონის ეუთო/ოდირის დასკვნასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამობით ასაბუთებს, ხოლო კანონპროექტში შეტანილი ცვლილებით, შემოსაზღვრავს კანონის მოქმედების ვადას. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონსტიტუცია არ უწესებს შეზღუდვას პრეზიდენტს, თუ კონკრეტულად რომელი მუხლის ჩასწორება შეუძლია ან არ შეუძლია თავისი მოტივირებული შენიშვნებით. შესაბამისად, გია ვოლსკის მტკიცებას, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას კიდევ ერთხელ სერიოზულად ასცდა, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი, ხოლო პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვეტო იურიდიულად გამართულია, ვერდიქტით სიმართლე.

[1] საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლი

[2] პარლამენტის რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტი  

[3] პარლამენტის რეგლამენტის 122-ე მუხლის მე-3 პუნქტი

[4] საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-3 მე-4 პუნქტი