ირაკლი ღარიბაშვილი: 100 დღის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი ეკონომიკური ხედვა 10-წლიანი განვითარების, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერ-მინისტრის დაპირება არ შესრულდა
ბექა ლილუაშვილი: ქვეყნის პრემიერმა 500 დღით დააგვიანა დაახლოებით 10-წლიანი გეგმის გამოქვეყნება, 100 დღეში რომ დაგვპირდა.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე
რეზიუმე: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 22 თებერვალს ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატის რანგში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ დაახლოებით 100 დღეში ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვას წარადგენდა.
მთავრობამ დოკუმენტი - „ხედვა 2030“, აღნიშნული დაპირების გაცემიდან 560 დღეში (2022 წლის 5 სექტემბერს) წარადგინა დასამტკიცებლად. შესაბამისად, პრემიერის დაპირებამ 460 დღით დააგვიანა. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება არ შესრულდა, ბექა ლილუაშვილის განცხადება კი არის სიმართლე.
ანალიზი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა: „ქვეყნის პრემიერმა 500 დღით დააგვიანა დაახლოებით 10-წლიანი გეგმის გამოქვეყნება, 100 დღეში რომ დაგვპირდა, ეტყობა კარგ სტატისტიკურ ციფრებს ელოდებოდა“.
ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 22 თებერვალს ჯერ კიდევ პრემიერობის კანდიდატის რანგში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „100 დღის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ეკონომიკური ხედვა 10-წლიანი განვითარების, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება და როგორი იქნება ქვეყანა, წლების მიხედვით, ვადების მიხედვით იქნება გაწერილი თავისი სამოქმედო გეგმით“.
2022 წლის 5 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტი „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“ მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად გამოაქვთ დასამტკიცებლად და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება.
პრემიერის თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.
„პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას - 2030, ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით - „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია".
როგორც ვხედავთ, სამთავრობო პროგრამა „ხედვა 2030“ მთავრობას დასამტკიცებლად პრემიერის დაპირებიდან ზუსტად 560 დღეში წარედგინა (ჯერ არ გასაჯაროებულა). რადგან პრემიერი სამთავრობო ხედვის გამოქვეყნებას 2021 წლის 22 თებერვალს 100-დღიან ვადაში დაგვპირდა, პრემიერმა დაპირება ვერ შეასრულა და სამთავრობო პროგრამა 460 დღის დაგვიანებით დამტკიცდა.
აქედან გამომდინარე, ბექა ლილუაშვილის განცხადება არის სიმართლე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება კი არ შესრულდა.