Facebook-მომხმარებელმა Steppen Wolf-მა Facebook-ჯგუფებში „ა რ ა ჯანმოს დიქტატურას!“ და „ნანოტექნოლოგია (COVID-19-ვაქცინებში) იცოდე რას ირჩევ!" გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც არგენტინელი დოქტორის, მარტინ მონტევერდეს მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს. პოსტის თანახმად, არგენტინელმა დოქტორმა მონტევერდემ, ბიოტექნოლოგებმა ანაბელა ფემიამ და ლისანდრო ლაფერიერმა შეისწავლეს „Cansino“-ს, „Pfizer“-ის, „Sinopharm“-ის, „AstraZeneca“-ს და „Sputnik“-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფლაკონები და დაადგინეს, რომ ვაქცინები გრაფენის ოქსიდს შეიცავენ. რეალურად, მარტინ მონტევერდესა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევა მეცნიერულად არაზუსტი და გაუმართავია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს.
2022 წლის იანვარში, ჰომეოპათმა მარტინ მონტევერდემ, ძირითადი და გამოყენებითი მეცნიერებების დოქტორმა ანაბელა ლის ფემიამ და ბიოტექნოლოგიის კურსდამთავრებულმა, ლისანდრო ლაფერერემ, პრეზენტაცია გამართეს, რომელშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად, კორონავირუსი იზოლირებული არ იყო და ის ადამიანთა შორის არ ვრცელდებოდა. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების გაკვეთა აკრძალა და მრავალი სპორტსმენი ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა. ამ ზემოთ ჩამოთვლილ ყალბ მტკიცებებთან ერთად, რომელიც როგორც „ფაქტ-მეტრის“(ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4), ისე არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი საერთაშორისო პლატფორმის მიერ, არაერთგზის გადამოწმდა, არგენტინელმა მეცნიერებმა პრეზენტაციაზე განაცხადეს ისიც, რომ მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 ვაქცინის- Cansino, Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და Sputnik V- ნიმუშები განიხილეს Nikon Eclipse 50i მიკროსკოპის საშუალებით და თითოეულ მათგანში გრაფენის ოქსიდი აღმოაჩინეს.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია არგენტინულ სოციალურ ქსელში ძალიან ფართოდ გავრცელდა და შედეგად ის, არგენტინული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმების AFP Factual-ის და Chequeado-ს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მათ მოცემული კვლევა შეაფასეს როგორც არამეცნიერული და ასევე კორონავირუსის ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის არსებობის ფაქტი კიდევ ერთხელ უარყვეს.
„ფაქტ-მეტრი“ გასული თვეების განმავლობაში აქტიურად წერდა, რომ კოვიდვაქცინების შემადგენლობაში გრაფენის ოქსიდი არ ფიგურირებს. ყალბი მტკიცებები გრაფენის PCR-ტესტის ჩხირებსა ან პირბადეებზეც ვრცელდებოდა. რეალურად, გრაფენის ოქსიდი არის ნანომასალა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. გრაფენისა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. Meedan’s Health Desk-ის თანახმად, პოტენციურად ამ ნაერთის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინებში, სადაც ის ისეთი რაოდენობით იქნება კონცენტრირებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. თუმცა სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, იმის დასადგენად, იქნება, თუ - არა ნაერთი სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის, კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ამასთან ერთად, Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან იმეილ მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს“. ამდენად, ნებისმიერი სახის მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინა გრაფენის ოქსიდს შეიცავს, ყალბი ამბავია.
რაც შეეხება უშუალოდ არგენტინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევას, უნდა აღინიშნოს, რომ მათი კვლევის პრეზენტაციას არგენტინულ სოციალურ სივრცეში ძალიან ფართო გავრცელება მოჰყვა, ფოტოები და ვიდეოები თითქმის ყველა სოციალური ქსელის - Facebook, Twitter, Instagram, Telegram- პლატფორმაზე გაზიარდა.
როგორც სხვადასხვა მეცნიერმა და სწავლულმა AFP Factual-თან საუბარში განაცხადეს, არგენტინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია, ამასთან ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ კვლევაში გამოყენებული Nikon Eclipse 50i ტიპის მიკროსკოპით ვაქცინებსა თუ სხვა ტიპის ხსნარში შეუძლებელი იქნებოდა გრაფენის ოქსიდის აღმოჩენა. მაგალითად, მარია სელესტე დალფავომ, ქიმიის დოქტორმა თქვა, რომ Nikon Eclipse 50i ტიპის მიკროსკოპი „უბრალოდ ადიდებს რაღაცის ზომას. და თუ მასთან ერთად ე.წ. რამანის ტექნიკა არ არის გამოყენებული, მაშინ შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, რომ რაც ჩანს, არის გრაფენი“.
ფრანჩესკო სტელაჩიმ, პროფესორმა და ნანომასალებისა და სუპრამოლეკულური ინტერფეისების ლაბორატორიის დირექტორმა ლოზანაში განაცხადა, რომ არგენტინელი მკვლევრების მიერ წარმოდგენილი ფოტოები „არანაირად არ ადასტურებს, რომ ვაქცინებში არის გრაფენი... ეს იგივეა, რომ ვიღაცის ეროვნება ამოვიცნო ამ ფოტოებზე დაკვირვებით“,- განმარტა პროფესორმა.
ხორხე მონტანარის, პროფესორისა და ჯანდაცვის ნანოტექნოლოგიებში სპეციალიზებული ასოცირებული მკვლევრის თქმით, კვლევის პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ფოტოებზე არსებული გამოსახულება „უბრალოდ ჭუჭყი ან ბუშტუკებია, რომლებსაც მათში გამავალი სინათლის ცეცხლგამძლე ეფექტი ემატება“. მეცნიერის განმარტებით, ის რაც ფოტოებზე ჩანს, შეიძლება იყოს „ჩვეულებრივი ჭუჭყი თხევად ნიმუშებში, ...გეომეტრიული ფორმის კრისტალები, რომლებიც ბუფერში ან ბუფერულ ხსნარებში მარილებისგან წარმოიქმნება. მისი დანახვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც დაშლილი მარილების ნიმუშებს ოპტიკური მიკროსკოპით აკვირდებიან“.
----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.