გამოჰყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის „სფიჩრაითერი“

რეზიუმე: საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარების მწვავე კითხვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტიის წევრების დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ქართული ოცნების წარმომადგენლებს საკმარისი დრო არ ჰქონიათ. კომენტარში ვოლსკიმ მხოლოდ ორი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი და ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ახსენა და ისინი მიკერძოებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ადრე მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მუშაობდნენ. 21 იანვარს გამართულ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ოთხი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა დაუსვეს კითხვები. რაც შეეხება ვოლსკის მიერ დასახელებულ ორ ევროპარლამენტარს, გლუკსმანი, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო 2005-2012 წლებში, ამჟამად ევროპარლამენტში იმ პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მოკავშირეა. ანდრიუს კუბილიუსი კი მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არასდროს მუშაობდა.

ანალიზი

21 იანვარს ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე დებატები გაიმართა. საქართველოს მხრიდან ევროპარლამენტარების მწვავე კითხვებს, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა პასუხობდნენ.

პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკაში მიკერძოების ნიშნებს ხედავს და ორი მათგანის მიხეილ სააკაშვილთან კავშირს უსვამს ხაზს: „ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს პასუხი გასცეს ამ შეკითხვებზე. გამოჰყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის „სფიჩრაითერი“ და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი, ისევე, როგორც ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის დაქვემდებარებაშიც კი მუშაობდა, როდესაც პოროშენკომ მრჩეველთა საბჭო შეკრიბა“.

რაფაელ გლუკსმანის ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ 2005-2012 წლებში ნამდვილად იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, ხოლო ევროპარლამენტის წევრად 2019 წელს აირჩიეს. თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ გლუკსმანი ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. თავის მხრივ, აღნიშნული ალიანსი, ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური მოკავშირეა. გლუკსმანი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ გამოძიებების შესახებ უსვამს კითხვებს, რომლებიც პოლიტიკური პრობლემების პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაიწყო: „ჩემი შეკითხვა დროში უცნაურ დამთხვევაზეა, ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ გამოძიებების დაწყებაზე. გაქვთ კრიზისი და გაქვთ გამოძიება ბატონი მელიას, ბატონი ბოკერიას და სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, ვინც პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე, დაიწყო რა ხელახალი გამოძიება მათ წინააღმდეგ“.

გია ვოლსკის მიერ მოხსენიებული ანდრიუს კუბილიუსი, 2008-2012 წლებში ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. 2019 წლიდან ის „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრია. კუბილიუსი ასევე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრია და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროცესში აქტიურადაა ჩართული. კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პეტრო პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, რომელიც 2015 წლის მაისში შეიქმნა. აღნიშნული საბჭოს წევრები ასევე კარლ ბილდტი (შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ჯონ მაკკეინი (აშშ-ის სენატორი), მიკულას ჯურინდა (სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) და სხვები იყვნენ. ამ ფონზე, კუბილიუსისთვის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მუშაობის დაბრალება, როგორც მინიმუმ, არასერიოზულია.

კუბილიუსმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: „თქვენი პარტიების ლიდერები დამპირდნენ, რომ საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა, ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი - მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება“. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უმწვავესი კითხვებით აღნიშნული პიროვნებების გარდა, სხვა ევროპარლამენტარებმაც მიმართეს, თუმცა გია ვოლსკის ისინი არ უხსენებია.

ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან, რასა იუკნევიჩიენემ (ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი 2008-2012 წლებში) მწუხარება გამოთქვა საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ცუდი ოპოზიციის შესახებ ჩივილის გამო და დასძინა, რომ ეს დემოკრატიის წესები არ არის. რასა იუკნევიჩიენე „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, ასევე ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილეა.

ანა ფოტიგა ევროპარლამენტში კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს წარმოადგენს. თავის განცხადებაში, პოლონელმა პოლიტიკოსმა განაცხადა: „კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა საქართველოში პატიმრების და დაკავებების საერთო რიცხვი ყველა ამ საპროტესტო აქციის შემდეგ - ვფიქრობ, რაც უფრო მეტი პატიმარი იქნება, რუსეთი მით უფრო მტკიცე გახდება“. ანა ფოტიგა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და 2007-2008 წლებში პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იყო. ფოტიგა ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის დელეგაციის წევრიცაა.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რომელმაც „ქართული ოცნება“ ღიად გააკრიტიკა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, მარკეტა გრიგოროვაა. ჩეხი დეპუტატი ევროპარლამენტში „მწვანეთა“ და „თავისუფალ ევროპულ ალიანსს“ წარმოადგენს, ასევე ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის დელეგაციის წევრია. გრიგოროვამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შემდეგი კითხვით მიმართა: „როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ საქართველო ისე ახლოსაა ევროპასთან და ევროკავშირთან, როგორც არასდროს, ფიქრობთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პატიმრები გეთანხმებიან ამაში?“

მიხაელ გალერი ევროპარლამენტის წევრი 1999 წლიდანაა, „ევროპის სახალხო პარტიას“ წარმოადგენს და ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. თავის გამოსვლაში გალერმა პირდაპირ ახსენა ბიძინა ივანიშვილი ნეგატიურ კონტექსტში: „გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა?“

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არ მოერიდა საქართველოს ხელისუფლების მაღალი ტრიბუნიდან კრიტიკას, სანდრა კალნიეტეა. 2002-2004 წლებში კალნიეტე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2009 წლიდან ევროპარლამენტის წევრია და „ევროპის სახალხო პარტიას“ წარმოადგენს. კალნიეტემ თავის გამოსვლაში აღნიშნა: „ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია.” კალნიეტე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრიცაა.

ევროპარლამენტარმა, სვენ მიკსერმა მწუხარება გამოთქვა იმ უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ველზეა. ესტონელი პოლიტიკოსი სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის წევრია. 2010-2014 წლებში, მიკსერი ესტონეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, 2019 წელს ის ევროპარლამენტში აირჩიეს.

ევროპარლამენტში სულ 751 დეპუტატია. ევროპარლამენტარები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ევროპის სახალხო პარტიას (EPP – 182 ადგილი) წარმოადგენენ, ასევე, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსს (S&D – 154 ადგილი), მწვანეთა/თავისუფალ ევროპულ ალიანსს (GREENS/EFA – 74 ადგილი) და კონსერვატორ-რეფორმისტების ჯგუფს (ECR - 62 ადგილი).

წყარო: ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა კრიტიკულად უყურებს საქართველოს შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს და ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე მცდარია ის მოსაზრებაც, რომ მწვავე კითხვები მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლების მხრიდან დაისვა.

კახა კუჭავამ ევროპარლამენტარების საპასუხოდ განაცხადა, რომ მათ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდეს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ასევე ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ევროპარლამენტარების სრული ინფორმაციით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, კიდევ ერთი განმარტება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს დროის სიმცირეს ეხებოდა. დავით ზალკალიანისა და გია ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო ზემოთ აღნიშნულ კითხვებსა თუ გამოთქმულ კრიტიკაზე არგუმენტირებულად ეპასუხათ. თუმცა, რა ახსნაც არ უნდა ჰქონოდათ კახა კუჭავასა და ქეთევან ციხელაშვილს ევროპარლამენტარების მწვავე კითხვებზე, თავად ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის უმრავლესობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხდება, საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას ნამდვილად არ წაადგება.

P.S. საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილი აშშ-ის ოთხი კონგრესმენის წერილი. რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი, დემოკრატი ჯერალდ კონოლი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ელიოტ ენჯელი და ამავე კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნა, პოლიტიკური ოპოზიციის დევნა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.