მირიან ქათამაძის დაპირებები მერად არჩევამდე - როგორ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები ქობულეთის მერმა

რეზიუმე: 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება. მიუხედავად ამისა, მუხაისტატეს, კვირიკეს და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა წყლის მარაგის შევსებას კვირაში ერთხელ ახერხებს, ხოლო წყავროკაში მცხოვრებ თოთხმეტ ოჯახს წყალი, თითქმის სამი თვეა, არ მიეწოდება. ეს ნიშნავს, რომ წყლის პრობლემა საბოლოოდ, არა თუ 2018 წელს, 2019 წელსაც ვერ მოგვარდა.

პრობლემები შეიქმნა ქობულეთში 2 კმ-იან მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას. კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ასრულბდა, მშენებლობა შეაჩერა. თუმცა პროექტი, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წარმართავდა, უკვე დასრულებულია.

ნაწილობრივ განხორციელდა მდინარე აჭყვის შესართავიდან სასტუმრო „ჯორჯიან პალასამდე“ ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოებიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გვაცნობეს, რომ კომპანიამ სამუშაოების ერთი ეტაპი განახორციელა. პარალელურად, იმავე ტერიტორიაზე დაანონსებული იყო ნაპირსამაგრი ჯებირების რეაბილიტაციის სამუშაოებიც. პროექტი უკვე ხორციელდება. სამუშაოები ივლისის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დროებით შეჩერდა და აგვისტოს ბოლოს განახლდება. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სამუშაოების შეჩერებას ხელშეკრულება ითვალისწინებდა.

„ქობულეთს აუცილებლად ექნება დელფინარიუმი“ - ამ დაპირების შესრულების მიზნით სამუშაოები არც დაწყებულა და უცნობია, როდის დაიწყება.

ბობოყვათის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის მშენებლობა მირიან ქათამაძის კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც, ასევე, ჯერაც იდეის დონეზეა.

ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას კი საფუძველი ჯერ კიდევ 2017 წლის 21 აგვისტოს ჩაეყარა, მაგრამ დასრულებული არ არის. გარდა ამისა, წელს ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა დაანონსდა. ჯერჯერობით ეს პროექტები მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

ფიჭვნარის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ზონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხზე კი ოფიციალური ინფორმაციით, ჯერაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ანალიზი

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მირიან ქათამაძე მოსახლეობას დაჰპირდა: „პრიორიტეტი იქნება, რომ ქობულეთის მოსახლეობას არასდროს არ ჰქონდეს წყლის რაოდენობასა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. რა თქმა უნდა, არის დარჩენილი პრობლემები და 2018 წელი იქნება ამ პრობლემების მოგვარების წელი.“

მირიან ქათამაძემ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პირობაც დადო: „სანაპირო ზოლის მოწესრიგება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი არის ნაპირსამაგრი სამუშაოები. უკვე დაიწყო 2 კმ მონაკვეთის ნაპირსამაგრი ახალი ჯებირების მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალურ განვითარების ფონდი.

ასევე იგეგმება აჭყვადან სასტუმრო „ჯორჯიან პალასამდე“ ნაპირსამაგრი ჯებირების რეაბილიტაციის პროექტი.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და ძალიან ბევრი სასტუმრო აშენდება არა მარტო იქ, არამედ შემოსასვლელშიც და ყველგან.

ქობულეთს აუცილებლად ექნება დელფინარიუმი, რომელიც იქნება მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი.

ჩვენ არ გვასვენებს ახალი ბულვარის იდეა, რომლის პროექტიც უკვე არსებობს და დაფინანსების საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეს იქნება ბულვარის გაგრძელება. ეს იქნება გამწვანების ზონა „ჯორჯია პალასიდან“ მდინარე აჭყვის შესართავამდე.

სივრცითი მოწყობის გეგმიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ქობულეთის იდეა, რომელიც ბობოყვათის ტერიტორიაზე იგეგმება.

ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიურ ზონას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭება, ამ მხრივ, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები.“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წყლით უზრუნველყოფის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია, რაც მოსახლეობამ 2018 წლის ბოლოსაც და 2019 წელსაც, არაერთხელ გააპროტესტა. 2017 წლის დეკემბრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, თვითმმართველობამ 4235757 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, თუმცა პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა.

რაც შეეხება სხვა დაპირებებს, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ირკვევა, რომ სანაპირო ზოლის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მაგრამ მალევე შეჩერდა. პროცესის გაჭიანურების გამო მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც გამართა, რადგან 2018 წლის საზაფხულოო სეზონზე სანაპირო ზოლი მოუწესრიგებელი იყო. ეს კი ადგილობრივების შემოსავლის გარეშე დატოვებას ნიშნავდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩარევის შემდეგ, პროექტი სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ გააგრძელა. საბოლოოდ პროექტი მაინც განხორციელდა, ოღნდ არა 2018 წელს, არამედ 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის.

ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მის გასწვრივ ახალი ბულვარის მოწყობისთვის, რაც, ასევე მირიან ქათამაძის ერთ-ერთი დაპირება იყო, ჯამშურად 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ბულვარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება, შპს „ჯორჯიან სტოუნსა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის, 2019 წლის 4 მარტს გაფორმდა. პროექტის ღირებულება 2276067 ლარია, ხოლო ხანგრძლივობა - 300 კალენდარული დღე. ხელშეკრულების თანახმად, გათვალისწინებულია პროცესის შეჩერება 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. ჯერჯერობით მხოლოდ 413243 ლარის სამუშაოებია განხორციელებული.

ფაქტ-მეტრმა სიტუაცია ადგილზე შეისწავლა. მიუხედავად იმისა რომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ორ პროექტში 9 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი გარკვეულ კითხვებს აჩენს, რაც ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს. მაგალითად: ჯებირებზე ღიად არის დატოვებული რკინის შვერილები, რაც უსაფრთხო არაა. რამდენიმე ადგილას კი პლაჟზე ჩასასვლელად მოწყობილი ხის კიბე მოძველებულია და მისი გამოყენება, შესაძლოა, უსაფრთხო არ იყოს. ფოტო 1, 2, 3

ჯებირების რეაბილიტაციის სამუშაოებს კი შპს „შარა-გზამშენი“ ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი მალე დასრულდება. ამ დროისთვის კომპანიას უკვე ჩაერიცხა 951000 ლარი. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 1075000 ლარია.

ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2017 წლის 21 აგვისტოდან მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, წელს ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობაც დაიწყო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალი კლასის სასტუმრო, სპაცენტრი, რეკრეაციული ზონები, ჩოგბურთის კორტები და სხვა ობიექტები. ჯერჯერობით ეს დაპირებაც მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

ბობოყვათის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის, ასევე, დელფინარიუმის მშენებლობის საკითხი კვლავ იდეის დონეზეა. ჯერაც უცნობია, როდის დაიწყება მათი განხორციელება. არ შესრულდა ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭების დაპირებაც. 2017 წლის არჩევნებამდე მირიან ქათამაძე აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები დაწყებული იყო. ქობულეთის მერიიდან შეგვატყობინეს, რომ საკითხი ამ დრომდე მოლაპარაკების ეტაპზეა.