ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.
რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ სტატია: „CBC: კანადელებს დაჰპირდნენ, რომ ჰეროინის მოხმარება თავისუფლად შეეძლებათ“, მანიპულაციურია. სტატიაში საუბარია კანადის ჯანდაცვის მინისტრის ჯინეტ ტეილორის გეგმაზე, რომელიც ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას ეხება. სტატიის სათაური აბსოლუტურ შეუსაბამობაშია შინაარსთან და აშკარად ემსახურება კანადის დისკრედიტაციის მცდელობას. კანადაში არ იგეგმება მძიმე ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაცია და ისინი არ არის ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. „საქართველო და მსოფლიომ“ არსაწორად გამოიყენა CBC-ის სტატიაც და იქ მოყვანილი ინფორმაცია, ჰეროინის თუ მისი მსგავსი ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, გააყალბა.
ანალიზი
მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „CBC: კანადელებს დაჰპირდნენ, რომ ჰეროინის მოხმარება თავისუფლად შეეძლებათ“. სტატიაში საუბარია კანადის ჯანდაცვის მინისტრის ჯინეტ ტეილორის (Ginette Petitpas Taylor) გეგმაზე, რომელიც ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების ეხება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულში ფაქტების ნაწილი სიმართლეა, მისი სათაური აბსოლუტურ შეუსაბამობაშია სტატიის შინაარსთან და აშკარად ემსახურება კანადის დისკრედიტაციის მცდელობას.
კანადის ჯანდაცვის მინისტრმა, ჯინეტ ტეილორმა, ქალაქ კალგარში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ნარკოდამოკიდებულების ხარისხის შემცირებას ეძღვნებოდა (აღნიშნული კონფერენცია კანადაში წელიწადში 2-ჯერ ტარდება), განაცხადა, რომ საგანგაშოა ნარკოტიკებით სიკვდილიანობის სტატისტიკა ქვეყანაში - 2017 წელს გამოვლინდა 3 000 შემთხვევა. არსებულ მდგომარეობას მან ნარკო-კრიზისი უწოდა და თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ იბრძოლოს მსგავსი ფატალური შემთხვევების აღმოფხვრისა თუ მოქალაქეებისთვის ისეთი პირობების შეთავაზებისთვის, რომელიც მსგავს სტატისტიკას გააუმჯობესებს. მინისტრმა გამორიცხა მძიმე ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის შესაძლებლობა, ამავე დროს, მხარი დაუჭირა კვლევებს, რომელშიც შესწავლილი იქნება იმ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნების ხარისხი, რომლებიც მძიმე ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდიდნენ სასჯელს. ეს კვლევები დაეხმარება ხელისუფლებას შეაფასოს სადამსჯელო მიდგომების მიზანშეწონილობა.
მინისტრის თქმით, მალე ამოქმედდება ე.წ. საპილოტე პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი რეაქციული სასწარფო დახმარების ცენტრების არსებობას, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს კრიზისულ სიტუაციებში (დოზის გადაჭარბება ან/და დოზის მოთხოვნილება) დაეხმარებიან და მდგომარეობიდან გამოიყვანენ. ზუსტად ამ პროგრამის ფარგლებში დაინერგება სხვადასხვა ნარკოტიკის გამოყენების შესაძლებლობა სასწარფო დახმარების ცენტრების მიერ მყისიერი მკურნალობისათვის. პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტი ნარკოდამოკიდებული პაციენტის მკურნალობას და სიკვდილიანობის შემცირებას.
გეგმაში საუბარია, აგრეთვე, მეტადონის პროგრამაში ჩართულობის შესაძლებლობის გაზრდაზე, რაც გულისხმობ არსებული პროცედურების შედარებით გამარტივებას. აღნიშნულიც ემსახურება ნარკოტიკებით სიკვდილიანობის დონის შემცირებას. მთავრობა, ასევე, გამოყოფს 30 მილიონ დოლარს, რათა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები ნარკომომხმარებლებში სხვადასხვა დაავადებების (C ჰეპატიტი; აივ-ინფექცია და ა.შ.) აღმოსაფხვრელად. ტეილორის თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად იზრუნონ ნარკოდამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთელებაზე და არა მათ დასჯაზე.
ნარკოდამოკიდებულების შემცირების ახალი პროგრამით ჰეროინი და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებები, რომლის მოხმარებაც კანადაში დასჯადია, არ იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. პროგრამა ითვალისწინებს ამ საშუალებების გამოყენებას სპეციალური სამედიცინო ცენტრების მიერ, რომლებიც ახორციელებენ დამოკიდებული ადამიანების გადარჩენასა და მათ შემდგომ რეაბილიტაციას. CBC-ის სტატიაც, რომელსაც „საქართველო და მსოფლიო“ სათაურში წყაროდ უთითებს იგივე იდეას გამოხატავს და არა იმას, რომ ჰეროინი ყველასთვის ხელმისაწვდომია. შესაბამისად, „საქართველომ და მსოფლიომ“ კანადაში მიმდინარე პროცესები ნარკოდამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით, არასრულყოფილად წარმოაჩინა და ისეთი ფორმის სათაური შეურჩია, რომელიც მკითხველის დეზინფორმაციასა თუ კანადის სახელმწიფოსადმი ნეგატიურ განწყობას ემსახურება.
კანადელებს დაჰპირდნენ, რომ ჰეროინის მოხმარება თავისუფლად შეეძლებათ
06/02/2018
Fake News
Fake News