ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს სძულთ ევროკავშირი

ვერდიქტი: "თბილისი 24"-ის მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ფაქტებით მანიპულირება. რეზიუმე: ონლაინ მედიასაშუალება „თბილისი 24“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა, თითქოს, განაცხადა, რომ ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს სძულთ ევროკავშირი. ფაქტ-მეტრმა გაანალიზა ზიგმარ გაბრიელის ინტერვიუ გერმანულSpiegel-

თან. აღმოჩნდა, რომ კონტექსტი, სადაც ერთად მოიხსენიება ამერიკა, ევროკავშირი, ჩინეთი და რუსეთი არის დაშვება, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამერიკა დათმობს საკუთარ საგარეო პრიორიტეტებს და პოზიციებს - „სირიას ხელში ჩაიგდებს რუსეთი და ირანი, ვაჭრობას - ჩინეთი“. მისი შეფასებით, სცენარის ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ევროპული ფასეულობების გავრცელებას. მეორე კონტექსტში კი მინისტრი საყვედურობს ამ სამ ქვეყანას ევროპული გამოცდილების უგულვებელყოფას. სტატიაში არ წერია ისეთი რამ თითქოს ამერიკას ან ჩინეთს სძულს ევროკავშირი, რაც შეეხება რუსეთს იგი მხოლოდ სირიის კონტექსტში და ანტი-ევროპული პროპაგანდის ფარგლებშია მოხსენიებული. მედიასაშუალებას ინტერვიუ არასრულყოფილად და არასწორი კონტექსტით აქვს ინტერპრეტირებული.

ანალიზი 2018 წლის 18 იანვარს ონლაინ მედიასაშუალება „თბილისი 24“-მა გამოაქვეყნა სტატია,

რომლის მიხედვითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ამერიკა, რუსეთი და ჩინეთი საერთოდ არ აფასებენ ევროკავშირს და სძულთ ის.

ფაქტ-მეტრმა გააანალიზა ზიგმარ გაბრიელის ინტერვიუგერმანულ Spiegel-თან და გთავაზობთ ყველა იმ კონტექსტს, სადაც ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთია ნახსენები. ზიგმარ გაბრიელი ამბობს, რომ გერმანიის ყველაზე დიდი დასაყრდენი საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკაა. ამ უკანასკნელს ის „მსოფლიო პოლიციელსაც“ კი უწოდებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა იზოლაციონისტურ პოლიტიკას აირჩევს მაგალითად, სირიაში, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას რუსეთი და ირანი შეეცდებიან. ხოლო, ვაჭრობაში - ჩინეთი. ხაზგასასმელია, რომ ის აკეთებს დაშვებას და არ ამბობს ფაქტს, როგორც ეს „თბილისი 24“-ის სტატიაშია. მისი შეფასებით, სცენარის ამგვარმა განვითარებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ევროპულ ფასეულობებს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს ევროპულ გამოცდილებაზე და ამბობს, რომ ამ სამმა ქვეყანამ ბევრი უნდა ისწავლოს ევროკავშირისგან და მათ აქვთ საერთო ნიშანი, ისინი უგულვებელყოფენ ევროპულ გამოცდილებას (სავარაუდოდ, უგულვებელყოფა იქნა წარმოჩენილი „თბილისი 24“-ის მიერ, როგორც სიძულვილი). სტატიაში ეს ორი აბზაცია, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მსგავს კონტექსტში ახსენებს ამერიკას, რუსეთს, ჩინეთსა და ევროპის კავშირს. ამის შემდგომ, მინისტრი საუბრობს მომძლავრებულ ანტი-ევროპულ ტალღებზე და ევროპის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე - ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ის ამბობს, რომ ევროპას ამის არ უნდა ეშინოდეს: „ევროპა არის საკმარისად ძლიერი გაუმკლავდეს მის წინააღმდეგ წარმოებულ მანიპულაციურ ტალღებს“. მიუხედავად იმისა, რომ ზიგმარ გაბრიელი ბევრს საუბრობს გაძლიერებულ ჩინურ ვაჭრობაზე, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და დონალდ ტრამპის „ცვალებად პოლიტიკაზე“ იგი არსად არ ახსენებს, რომ რომელიმე მათგანს სძულს ევროკავშირი. რაც შეეხება რუსეთს, იგი მხოლოდ სირიის კონტექსტში და აღმოსავლეთ ევროპის წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდისტული პოლიტიკის ფარგლებში მოიხსენიება. საბოლო ჯამში, ზიგმარ გაბრიელის ინტერვიუ უფრო მეტად პოზიტიურ გზავნილებს შეიცავს. ის ახალ 2018 წელს გერმანიის, ევროკავშირის და ამერიკის პოლიტიკას ლიბერალური დემოკრატიის გავრცელების კონტექსტში განიხილავს. „თბილისი 24“-ს ინტერვიუ არასრულყოფილად და არასწორი კონტექსტით აქვს ინტერპრეტირებული.