ვერდიქტი: „საქინფორმის“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.
რეზიუმე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციით სახელმძღვანელო „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“ შეიმუშავა. 2011 წელს აღნიშნული საგანი უკვე დაინერგა საქართველოს სკოლებში, თუმცა ახალი სახელმძღვანელო გადაახალისებს ძველ მასალას და თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოიყვანს. აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში გააშუქა მედიასაშუალება „საქინფორმმა“ წინამდებარე ინფორმაცია. მან სახელმძღვანელოს სკოლებში „რბილი ძალით“ შესვლა და დასავლეთის პროპაგანდა უწოდა. მედიასაშუალება შეეცადა მკითხველის პროვოცირება გამოეწვია და საგნისადმი ნეგატიურად განეწყო. „საქინფორმმა“ იმ სახელმძღვანელოს დისკრედიტაცია მოახდინა, რომელიც მოსწავლეებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უმუშავებს და საფრთხეებზე რეაგირებას ასწავლის.
ანალიზი:
ონლაინ მედიასაშუალება „საქინფორმმა“ გამოაქვეყნა სტატია „დასავლეთის პროპაგანდა უკვე სკოლებს მიადგა! - ახალი სასკოლო სახელმძღვანელო მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს ასწავლის. მოსწავლეები რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურას და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გაეცნობიან. არჩევითი საგნის სტანდარტი თავდაცვის სამინისტროში ორი უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს. "საქინფორმი" აფრთხილებს მშობლებსა და განათლების მინისტრს, რომ "რბილი ძალით" სკოლებში შეჭრა, ერთდღიანი პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ბავშვების არამდგრად ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენა ყოვლად მიუღებელია და აკრძალვას ექვემდებარება!“
2017 წლის 16 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით (N 393) შეიქმნა სამხედრო საგანმანათლებლო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც „სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების“ განახლებული სახელმძღვანელოს მომზადება დაევალა. ბრძანების შესაბამისად, სამუშაო ჯგუფმა განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით სახელმძღვანელო შეიმუშავა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების“ უკვე არსებული, ძველი რედაქცია ვეღარ პასუხობდა თანამედროვე გამოწვევებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, განახლებული ინფორმაციით, დღევანდელ რეალობაზე მორგებული სასწავლო სახელმძღვანელოს დანერგვა. მისი მიზნია მოსწავლეებისთვის სამხედრო საქმეებთან დაკავშირებული საკითხების გაცნობა; საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის წესების, თვითგადარჩენის და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავება; ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გაცნობა და ა.შ.
შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის წევრმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმძღვანელოს მიზანია ჩამოუყალიბოს და განუმტკიცოს მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ დამოკიდებულება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს უფროსის მარამ ჩიქობავას განცხადების მიხედვით კი წიგნი ხელსშეუწყობს მაღალი სამოქალაქო შეგნების და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას. „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლის საშუალო საფეხურის არჩევითი საგნის კატეგორიას განეკუთვნება. ამ ეტაპზე სახელმძღვანელო უკვე შედგენილია, თუმცა გადის სტანდარტიზაციის საფეხურებს, რაც გულისხმობს სახელმძღვანელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.
აღსანიშნავია, რომ საგანი „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“ საქართველოს საგანმანათლებლო სასკოლო სისტემაში 2011 წლიდან არის დანერგილი. დღეისათვის საგნის არჩევა მე-4 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. მე-4 კლასელებისთვის განკუთვნილი მასალის ძირითადი თემატიკა შემდეგნაირად ფორმირდება: უსაფრთხო მოძრაობის წესები; უჩვეულო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის საფუძვლები; ხალხმრავალ და საველე პირობებში უსაფრთხო ქცევის წესები. მე-12 კლასის მოსწავლეები კი შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს სწავლობენ: საბრძოლო საშუალებებით გამოწვეული საფრთხეები; საქართველოს თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემები; სხეულის დაზიანებისას შესაბამისი გადაუდებელი ექიმამდელი დახმარების წესების გამოყენება; საბრძოლო საშუალებებით გამოწვეული საფრთხეების დროს ქცევის წესების გამოყენება; საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებისა და დაცვის საშუალებების გამოყენება.
აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტში გააშუქა მედიასაშუალება „საქინფორმმა“ წინამდებარე ინფორმაცია. მათ სწორად გადმოსცეს განახლებული სახელმძღვანელოს იდეა, თუმცა მიმართვის ტექსტი აცდენილია არსებულ რეალობას. მათ არ აღნიშნეს, რომ საგნის სწავლება საქართველოს სკოლებში 2011 წლიდან მიმდინარეობს, ხოლო შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი წიგნის გადახალისებასა და თანამედროვე რეალობაზე მორგებას ემსახურება. კიდევ ერთი მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც „საქინფორმმა“ ახალ ამბავში ჩადო არის სათაური: „დასავლეთის პროპაგანდა უკვე სკოლებს მიადგა!“ - საგანმანათლებლო სახელმძღვანელოს შემუშავებაზე მსგავსი სათაურის შერჩევა აშკარად დასავლეთის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მანიშნებელია. რაც შეეხება „რბილი ძალით“ სკოლებში შესვლას, გაუგებარია, რატომ შეაფასა სააგენტომ მოსწავლეების სამოქალაქო აღზრდა მსგავსი ტერმინოლოგიით.
ამდენად, გავრცელებული ახალი ამბავი ყალბია. იგი ერთი მხრივ დასავლეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ხოლო მეორე მხრივ სახელმძღვანელოსადმი მკითხველის უარყოფითად განწყობას ემსახურება.
დასავლეთის პროპაგანდა უკვე სკოლებს მიადგა!
10/11/2017
Fake News
Fake News