ვერდიქტი: აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი.
რეზიუმე: 28 ოქტომბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ახალი ამბავი სათაურით - „თურქეთში ქართველი ბიჭი ცემით მოკლეს“. მედიასაშუალებებმა ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის, ლევან ხიდიშელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ფოტოს თანხლებითა და ანტითურქული შინაარსის მოწოდებებით, უცვლელად გაავრცელეს. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
ანალიზი:
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს alia.ge-მ, ასევე სხვა მედიასაშუალებებმა, გამოაქვეყნეს ფეისბუქის მომხმარებლის, ლევან ხიდაშელის მიერ გავრცელებული ამბავი სათაურით -„თურქეთში ქართველი ბიჭი ცემით მოკლეს“. გავრცელებულ მასალას არ ახლავს არც ერთი დამატებითი დეტალი, რომელიც არგუმენტად გამოდგება და მის უტყუარობას დაადასტურებს.
ფაქტ-მეტრმა თურქეთის მოქალაქის - ვეისილ მინიგოლის ფეისბუქის გვერდზე მიაგნო ამ ამბავთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელსაც თან ფოტოები ახლავს. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ადგილი და ადამიანები ანტიდასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილს ემთხვევა. თუმცა, როგორც ადგილობრივი ვეისილ მინიგოლი იუწყება, მათზე ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ სასტუმროში განხორციელებული თვითმკვლელობის მცდელობის ამბავი და დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოსტთან დაკავშირებულ კომენტარებში ერთ-ერთი მოქალაქე რავილ მამედოვი წერს, რომ საქართველოში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი ქართველია და ის თურქებმა ცემით მოკლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„კავკასიის გაერთიანების ფონდის“ წარმომადგენელი Murat Kafkasyalı გამოეხმაურა ქართული ონალიან სააგენტოების ერთი ნაწილის მიერ გამოქვეყნებულ ამბავს. ის აგრეთვე წერს, რომ ეს იყო თვითმკვლელობის მცდელობა და მიუთითებს იმ საავადმყოფოს მისამართს, რომელშიც, მისივე ინფორმაციით, დაზარალებული მოათავსეს. ამავე პოსტში ნათქვამია, რომ თურქეთში საქართველოს საელჩომ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ დამადასტურებელ ფაქტს ვერ მიაგნო. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი ეთნიკურად ქართველი არ არის. ჩვენ დავუკავშირდით მურატ ნაგიევს (კავკასიელს), რომელიც ეროვნებით თურქი საქართველოს მოქალაქეა და საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. მისი თქმით, თურქეთის მოქალაქე ვეისილ მინიგოლმა აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მან ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თურქული ჯგუფების სხვადასხვა გვერდზე გაავრცელა. მისივე თქმით, საქმეში მსოფლიო თურქთა გაერთიანების საბჭო და თურქული ხელისუფლება ჩაერთო, რომლებმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, რის შემდეგაც მედიასაშუალებებმა გავრცელებული ინფორმაცია საკუთარი ვებგვერდებიდან წაშალეს.
ფაქტ-მეტრი დამატებით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სტამბოლში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა. ორივე უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მათთვის არავის განცხადებით არ მიუმართავს და ვერც მოკვლევის შედეგად მოიპოვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რაიმე დამადასტურებელი ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, საქართველოს მოქალაქე არ არის, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაზარალებული სხვა სახელმწიფოს მოქალაქის შესახებ კომენტარის გაკეთება კი მათ კომპეტენციას არ განეკუთვნება.
ჩვენ საქართველოში აღნიშნული ინფორმაციის პირველწყაროს, ლევან ხიდიშელსაც დავუკავშირდით და ვთხოვეთ, ინფორმაციის მიმწოდებელი დაესახელებინა. მან გვითხრა, რომ ამ საკითხში კომპეტენტური არ არის და ეს ფოტო რაღაც გვერდიდან აიღო, გამოქვეყნებიდან მცირე დროის შემდეგ კი წაშალა.
თუმცა, მანამდე ინფორმაცია უკვე მოხვდა ისეთ ონლაინგამოცემებზე, როგორიცაა Geomediapress.ge, cyc.ge, Geonews, lolo.ge და სხვა. თუ ამ ინფორმაციის შესახებ გაკეთებული კომენტარების შინაარსით ვიმსჯელებთ, მკითხველთა უმეტესობამ გავრცელებული ახალი ამბავი სიმართლედ ჩათვალა, რამაც ანტითურქული განწყობის გაღვივებას შეუწყო ხელი. არცერთ ზემოთ ნახსენებ ონალიან სააგენტოს არ გადაუმოწმებია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მოქალაქის მიერ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ამბავი და გადაუმოწმებლად გადაიტანა თავის ინტერნეტსაიტზე.
თურქეთში ქართველი ბიჭი ცემით მოკლეს
30/10/2017
Fake News
Fake News