ბრიტანელები გვიყურებენ როგორც ველურებს, აღგვიქვამენ როგორც კრიმინალებს
ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მანიპულაციური.

რეზიუმე: ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია - „[ბრიტანელები] გვიყურებენ როგორც ველურებს, აღგვიქვამენ როგორც კრიმინალებს“ - ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის  საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყებული ინფორმაცია,

რომელიც დიდმა ბრიტანეთმა 2017 წლის 26 სექტემბერს საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველი საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა, მიზნად ისახავს ქართველი ერის ველურებად წარმოჩენას. ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დისკრიმინაციულია, უსაფუძვლოა, რადგან გაწეული რეკომენდაციების მთავარი მიზანია ბრიტანეთის მოსახლეობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ადგილობრივ კანონმდებლობაზე, კულტურაზე, საქართველოში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე და სხვა. მსგავსი ინფორმაცია ევროპის არაერთ ქვეყანაზეა გამოქვეყნებული. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ კი, აღნიშნული ინფორმაცია არასწორად არის ინტერპრეტირებული და ხელს უწყობს ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას დიდი ბრიტანეთის მიმართ.

ანალიზი: 2017 წლის 26 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველო-უელსის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველი საკუთარი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციები

გაავრცელა. დოკუმენტი წამოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ადგილობრივ კანონმდებლობაზე, კულტურაზე, საქართველოში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე. ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს და მათი მიზანი  ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების შექმნაა.

ამ თემასთან დაკავშირებით 2017 წლის 5 ოქტომბერს ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია. სტატიაში

საუბარია ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დისკრიმინაციულია და რეკომენდაციის მთავარი მიზანი ქართველი ერის დამცირება, ველურებად წარმოჩენაა.

საქართველოსთვის გაწეულ რეკომენდაციებში დეტალურადაა განხილული თუ რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდნენ ტურისტები: გზის გადაკვეთისას უსაფრთხოება, საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა, ქურდობის საფრთხე და სხვა. აქვე აღნიშნულია, რომ ტაქსიში სექსუალური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ბრიტანეთის საელჩო ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თბილისში კრიმინალის დონე არის დაბალი, და უფრო მეტიც, საკუთარ მოქალაქეებს, გაფრთხილების გარდა, ასევე მოუწოდებს, რომ პატივი სცენ ქართულ კულტურას, რელიგიას, ადათ-წესებსა და ტრადიციებს. „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაფრთხილებებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს თუ რატომ არ არის ტურისტის სარეკომენდაციო განცხადებებში საქართველოს კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა ახსნილი. ჟურნალისტი დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცემული რეკომენდაციებიდან მისთვის სასურველ წინადადებაზე აგებს მსჯელობას კონტექსტის გაუთვალისწინებლად.

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ თუ რა რეკომენდაციები აქვს გაცემული ბრიტანეთის საგარეო უწყებას სხვა ქვეყნების მიმართ, გთავაზობთ იტალიის მაგალითს, რომელიც საქართველოს მსგავსად უდაოდ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოა. იტალიაში მოგზაურობის მსურველ ბრიტანელ მოქალაქეებს საგარეო უწყება ურჩევს, რომ არ დალიონ ბევრი, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც გაქურდეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს. ასევე ერთ-ერთი მთავარი გაფრთხილებაა, რომ მოერიდონ არალიცენზირებულ ტაქსისტებს, რადგან შესაძლოა ძარცვის მსხვერპლნი გახდნენ. განსაკუთრებით კრიტიკულია საგარეო უწყების განცხადებები იტალიაში ქურდობის შესაძლო ფაქტებზე. გარდა ამისა, საქართველოს მსგავსად იტალიის შემთხვევაშიც საუბარია გზის გადაკვეთისას გასათვალისწინებელ წესებზე, სადაც ვკითხულობთ, რომ ზებრა გადასასვლელის არსებობა შესაძლოა მძღოლის მხრიდან გზის დათმობის საკმარისი მიზეზი არ აღმოჩნდეს. იტალიის შემთხვევაშიც არ არის მიმოხილული ანტიკური რომის ისტორია და არც მისი არქეოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობა, რადგან აღნიშნული რეკომენდაციების მიზანია, გასცეს მოგზაურობის დროს გასათვალისწინებელ პრაქტიკული რჩევები და არა რომელიმე ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ახსნა. კონკრეტული საფეხბურთო მატჩების წინ რეკომენდაციებია გაცემული იტალიის შემთხვევაშიც. მაგალითად, 2016 წლის ოქტომბერში მილანის "ინტერნაციონალესა" და ინგლისური "საუთჰემპტონის" შეხვედრის წინ, ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება,

 სადაც საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქურდობის მაღალი რისკის შესახებ.

ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ბრიტანეთის მთავარი მიზანი არა რომელიმე ქვეყნის დამცირება, არამედ მათი მოქალაქეების დაცვაა. „გვსურს განვმარტოთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია, ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა. ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რეკომენდაციები არ გულისხმობს, რომ რომელიმე ეროვნების მოქალაქეებზე კონკრეტული კრიმინალის დადანაშაულება მოხდეს. ნებისმიერი სახის დანაშაული შესაძლოა ისეთივე ალბათობით მოხდეს საქართველოში, როგორც იტალიაში ან სხვა რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში. „საქართველო და მსოფლიოს“ მოსაზრება, რომ ბრიტანელები წარმოაჩენენ საქართველოს როგორც განუვითარებელ, ველურ ქვეყანას, მანიპულაციურია. ინტერნეტგამოცემა აპელირებს გავრცელებულ რეკომენდაციებზე სხვა ქვეყნების მაგალითების გარეშე, რითიც ცდილობს ბრიტანეთის და ზოგადად, დასავლური სახელმწიფოების მიმართ ნეგატიური განწყობების გავრცელებას.