ვენეციის მერის განკარგულებით, პოლიციელებს აქვთ უფლება ესროლონ ნებისმიერს, ვინც ქალაქში "ალაჰ აკბარს" დაიყვირებს
ვერდიქტი: „საქართველოს და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი ფაქტებით მანიპულირებაა.

რეზიუმე:

მედიასაშუალება „საქართველოს და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციელებს აქვთ უფლება ესროლონ ყველას ვინც ვენეციაში „ალაჰ აკბარს“ დაიყვირებს არის სიცრუე. ვენეციის მერმა ნამდვილად გააკეთა მსგავსი განცხადება, თუმცა ეს არ იყო განკარგულება. მან საკუთარ სიტყვით გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკა ტერორისტების მოქმედება და აღნიშნა, რომ ვენეცია დაუნდობელი იქნება მათ მიმართ, ესვრის ყველა ტერორისტს ვინც „ალაჰ აკბარს“ დაიძახებს. თუმცა, ეს არ იყო განკარგულება და წარმოადგენდა მხოლოდ ვენეციის მერის პირად დამოკიდებულებას.

ანალიზი: 2017 წლის 7 სექტემბერს ონლაინ მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია

სათაურით: „ვენეციის მერის განაკარგულებით, პოლიციელებს აქვთ უფლება ესროლონ ნებისმიერს, ვინც ქალაქში „ალაჰ აკბარს“ დაიყვირებს“. აღნიშნული სტატია ორი მცირე აბზაცისგან შედგება. პირველი აბზაცი განიხილავს „ალაჰ აკბარ“ (ინგ: Allahu Akbar; არაბ: الله أكبر) -ის მნიშვნელობას, ხოლო მეორე აბზაცი გადმოსცემს ვენეციის მერის ლუიჯი ბრუნიაროს სიტყვებს: „მიუღებელია ამ ფრაზის ქალაქის პოპულარულ ტურისტულ სივრცეებში დაყვირება. თუ ვინმე შევარდება წმინდა მარკოზის მოედანზე „ალაჰ აკბარის” ყვირილით, ჩვენ მას გავანადგურებთ. მათ სურთ ალაჰთან მოხვედრა და ჩვენ გავუშვებთ ალაჰთან, სანამ თვითონ დაგვარტყამენ“. აღსანიშნავია, რომ სტატიის სათაური და მისი ამგვარი ინტერპრეტირება არ შეესაბამება რეალურად მომხდარ ფაქტს და შეიცავს რიგ უზუსტობებს.

2017 წლის 17 აგვისტოს ბარსელონაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა  დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS)” აიღო. ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ მომხდარი ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ვენეცია უფრო მკაცრი იქნება ტერორისტების მიმართ. ისინი გაუსწორდებიან ნებისმიერს, ვინც დააპირებს ქალაქის განადგურებას. იგი, აგრეთვე, მოუწოდებდა ტურისტებს, რომ არ ეგრძნოთ თავი დაუცველად, რადგან იტალია იზრუნებდა მათზე. სტატიაში ნახსენები ფრაზა „ალაჰ აკბართან“ დაკავშირებით, ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. ვენეციის მერმა თქვა, რომ ისინი ესვრიან მათ ვინც ამ ფრაზის ყვირილით გაიქცევა წმინდა მარკოზის მოედნისკენ. თუმცა, ეს არ იყო განკარგულება სამართალდამცავების მიმართ, ეს იყო ერთი დიდი სიტყვით გამოსვლის ნაწილი, რომლის შინაარსი და კონტექსტი იყო იმის მტკიცება თუ რაოდენ მკაცრი იქნება იტალია კონკრეტულად ტერორისტების მიმართ. „საქართველო და მსოფლიო“ ცდიოლობს ვენეციის მერის ნათქვამი წარმოაჩინოს, როგორც კანონი და დათესოს შიში ამ ფრაზის მიმართ. რეალურად კი, მერის განცხადება იყო მხოლოდ მოწოდება გამკაცრდეს კანონები და არ შეესაბამება ზოგადად იტალიის ლოიალურ და ლიბერალურ პოლიტიკას მიგრანტების მიმართ.  იმის ილუსტრაციისთვის, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ შეესაბამება იტალიის პოლიტიკას, საკმარისია ფლორენციის მერის დარიო ნარდელას ხუმრობა/პერფორმანსი

მოვიყვანოთ, რომელიც ვენეციის მერის წინაშე ფრაზას „ალაჰ აკბარს“ იძახის.

ვენეციაში არ იკრძალება „ალაჰ აკბარის“ დაყვირება, არც წმინდა მარკოზის მოედნისკენ გაქცევა ამ ფრაზის ყვირილით. ასევე, არც სტატიის სათაურში ნახსენები განკარგულების არსებობა შეესაბამება სიმართლეს.