საჰაერო თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძეს პრეტენზია და კითხვები არ ჰქონია
2016 წლის 9 მაისს, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკა და უწყება „პოლიტიკურ ჩარჩოებში“ მოქცეულად დაახასიათა. მოგვიანებით, აღნიშნულს  თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გააკეთა:  „საპარლამენტო ნდობის ჯგუფის ფარგლებში მე სამჯერ მივმართე თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელს, კითხვები დაესვათ, რათა ბუნდოვანი არაფერი დარჩენილიყო, თუმცა, ზურა აბაშიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი პრეტენზია და შენიშვნა არ ქონია“. ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. 2014 წლის 28 ნოემბერს, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა და ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში დასდო. მოგვიანებით, აღნიშნული საქმე საზოგადოებისთვის ე.წ. „კაბელების საქმის“ სახელით გახდა ცნობილი. ირაკლი ალასანია იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა და  საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის შესახებ საფრანგეთში მოლაპარაკებებს მართავდა. მისი აზრით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება მასზე ზეწოლის განსახორციელებლად და აღნიშნული შეთანხმების ჩასაშლელად განხორციელდა. შემდგომში, ეს  საკითხი „თავისუფალი დემოკრატების“ სამი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების და პარტიის ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი გახდა. როგორც ფაქტ-მეტრთან საუბარში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საბოლოოდ მაინც ჩავარდა, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მოგვიანებით, 2015 წლის 16 ივნისს, თინა ხიდაშელის საფრანგეთში ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა კონტრაქტს საჰაერო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას შეეხებოდა. დოკუმენტის შინაარსი ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება. იმავე წლის 17 ივლისს, „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით, თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში, დეპუტატებს ამ ხელშეკრულების დეტალები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. შეხვედრის შინაარსი უცნობია, ვინაიდან ის მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩატარდა. როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ, ხიდაშელის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის გაძლიერება დაგეგმილზე უფრო მცირე დოზით მოხდა. თინა ხიდაშელის განცხადების გადამოწმების მიზნით, ჩვენ ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ნდობის ჯგუფში პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდა. მისი თქმით, ხიდაშელის განცხადება სიცრუეა. აბაშიძის განცხადებით, ის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ირგვლივ არსებული მდგომარეობის  განხილვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, პარლამენტის ნდობის ჯგუფის დახურულ შეხვედრაზე კითხვებიც დასვა და არაერთი კრიტიკული მოსაზრებაც გამოთქვა, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ამასთან, აბაშიძის შეფასებითაც, ხიდაშელის მიერ ხელმწერილი დოკუმენტით საჰაერო თავდაცვითი სისტემის გაძლიერება გაცილებით უფრო მცირე მაშტაბით მოხდება, ვიდრე ეს ალასანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით იყო დაგეგმილი. ზურაბ აბაშიძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში სხვა დეტალები არ გაასაჯაროვა, ვინაიდან ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.   დასკვნა თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ალასანია და მისი პარტიის წევრები საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით მას აბსოლუტურად არასამართლიანად აკრიტიკებენ, რის საილუსტრაციოდაც მან ამ საკითხზე გამართული ნდობის ჯგუფის შეხვედრა მოიყვანა, სადაც ზურა აბაშიძეს მისთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამს. ჩვენთან საუბარში ზურა აბაშიძემ აღნიშნა, რომ მან შეხვედრაზე კითხვებიც დასვა და ბევრი კრიტიკული მოსაზრებაც გამოთქვა. მან სწორედ თინა ხიდაშელი დაადანაშაულა სიცრუეში. ნდობის ჯგუფის შეხვედრები და მასზე განხილული საკითხები სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და ფაქტ-მეტრი ცალსახად ვერ იტყვის, თუ რომელი მხარე ცრუობს. თუმცა, ჩვენი მოსაზრებით და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხის ნდობის ჯგუფის ფორმატში განხილვის ინიციატორები სწორედ „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ, საეჭვოა, რომ მათ წარმომადგენელს ამ საკითხზე კითხვაც კი არ დაესვა. მიუხედავად ამისა, დასკვნის გაკეთებას მკითხველს მივანდობთ და თინა ხიდაშელის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.