2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი მწვავე დისკუსიის საგანი გახდა. ოპოზიციას ძირითადი პრეტენზია საქალაქო სამსახურების და გამგეობების გაზრდილი სახელფასო ფონდის გამო აქვს. საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ, ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა: "ჩვენ მერიას შევთავაზეთ, ავტობუსის მძღოლებისთვის, მოლარეებისთვის, ოპერატორებისთვის და მეეზოვეებისთვის გაეზარდათ ხელფასი, ნარმანიამ განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა არ არის და ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარი თავებისთვის და მეგობრებისთვის მათ ხელფასის გაზრდის საშუალება მონახეს". ამ განცხადებას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უპასუხა: "სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი, ისევე როგორც დანამატები არ არის გაზრდილი. უბრალოდ, ამ მუხლში ჯამურად სხვა სახის დაფინანსებაც არის მოხვედრილი. თუ დეტალებს ნახავთ, ნამდვილად დარწმუნდებით, რომ სახელფასო ფონდი გაზრდილი არ არის".

ჩვენ ამ განცხადებების გადამოწმებას შევეცადეთ და ამ მიზნით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმოვიხილეთ.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება (მუხლი 2.1) 104.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელს ამავე მიზნით გამოყოფილ თანხას (43.5 მლნ ლარი) 61 მლნ ლარით აღემატება. ასევე აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 5 794 იქნება და მიმდინარე წელთან შედარებით (3 918) ის 1 876-ით გაიზრდება (გვ. 81). 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ზრდა სახაზინო რეფორმის გატარებით არის გამოწვეული. მერიის მიერ დაფუძნებული (ა)აიპ-ების და სსიპ-ების შრომის ანაზღაურების ფონდები თბილისის ბიუჯეტის მთლიან სახელფასო ფონდში აისახა (გვ. 157), რაც აქამდე არ ხდებოდა. მერიის მიერ დაფუძნებული სულ 6 სსიპ-ი და 10 (ა)აიპ-ია.

ჩვენ შევეცადეთ, მერიის სახელფასო ფონდი უფრო დაწვრილებით (სსიპ-ების და (ა)აიპ-ების გარეშე) შეგვესწავლა და ამ მიზნით, საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, მერიის საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების მუხლებს გავეცანით.

ცხრილი 1:საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება 2015-2016 წლებში (ათას ლარებში)

ბიუჯეტი საკრებულო მერიის ადმინისტრაცია საქალაქო სამსახურები გამგეობები ჯამი
2015 – გეგმა 6 865.4 5 126.1 17 531 13 962 43 485
2016 – პროექტი 7 102.2 6 024.1 20 428.9 16 814.1 50 369
სხვაობა 236.8 898 2 897.1 2 852 6 885

როგორც ცხრილიდან ჩანს, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება მიმდინარე წელთან შედარებით მართლაც გაზრდილია და მთლიანი მატება 6.9 მლნ ლარს შეადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთ სამსახურში თანამშრომელთა რაოდენობა არ იზრდება. აქედან გამომდინარე, მერიის სახელფასო ფონდი მხოლოდ იმიტომ არ იზრდება, რომ მასში მერიის სსიპ-ების და (ა)აიპ-ების სახელფასო ფონდებიც შევიდა, არამედ 6.9 მილიონით ზემოთხსენებული სამსახურების შრომის ანაზღაურება რეალურად გაიზარდა.

ირაკლი აბესაძე განცხადებაში ავტობუსის მძღოლების, მოლარეების და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზე საუბრობს. შესაბამისად, ჩვენ შევეცადეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგვედგინა, ეზრდებათ თუ არა დასახელებული სამსახურების წარმომადგენლებს ხელფასები. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ან ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებში მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება. ჩვენ აღნიშნული საკითხის გარკვევა მერიის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილებაშიც ვცადეთ. თუმცა, კითხვაზე არ გვიპასუხეს და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა გვირჩიეს.

ფაქტ-მეტრი საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა და შეეცადა მასთან გაერკვია, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ავტობუსის მძღოლების, მოლარეების და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების ხელფასების ზრდა იგეგმება თუ არა. ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ სამსახურის წარმომადგენლებისთვის ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ არის.

ფაქტ-მეტრი იმის გარკვევასაც შეეცადა, 6.9 მილიონი (ანუ ის თანხა, რამდენითაც გარკვეული სამსახურების სახელფასო ფონდი გაიზარდა) საკმარისი იქნებოდა თუ არა ავტობუსის მძღოლების, მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის (კონტროლიორ-კონდუქტორების) თანამშრომლების ხელფასების გასაზრდელად. ჩვენ გავარკვიეთ, რომ თბილისში სამი ავტოპარკია და სულ ავტობუსის მძღოლთა რაოდენობა 1 285-ია. მათი წლიური სახელფასო ფონდი 17.6 მლნ ლარს შეადგენს. სახელფასო ფონდის 6.9 მილიონით გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა თითოეული ავტობუსის მძღოლის ხელფასი მაქსიმუმ 447 ლარით გაზრდილიყო (ამჟამად ავტობუსის მძღოლის საშუალო ხელფასი 1 120 ლარია). რაც შეეხება კონტროლიორ-კონდუქტორებს (მოლარეებს, როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა), მათი რაოდენობა 1 005-ია და სახელფასო ფონდი 6.8 მლნ ლარს შეადგენს. მათი სახელფასო ფონდის 6.9 მილიონით გაზრდის შემთხვევაში, თითოეულ კონდუქტორ-კონტროლიორს ხელფასი 572 ლარით გაეზრდებოდა (ამჟამად მათი ხელფასები 536-636 ლარია). შესაბამისად, ნათელია, რომ ამ თანხით აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებისთვის ხელფასების გაზრდა ნამდვილად შესაძლებელი იყო.

დასკვნა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება მიმდინარე წელთან შედარებით 61 მლნ ლარით იზრდება, რაც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში იმით არის ახსნილი, რომ სახაზინო რეფორმის გატარების გამო მერიის სახელფასო ფონდში მერიის სსიპ-ების და (ა)აიპ-ების სახელფასო ფონდიც აისახა. თუმცა, ამ ხარჯების გაუთვალისწინებლადაც, საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, მერიის საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება იზრდება და მატება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, მიმდინარე წელთან შედარებით, ჯამში 6.9 მლნ ლარს შეადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სამსახურებში მომავალ წელს მომუშავეთა რიცხვი არ იზრდება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ავტობუსის მძღოლების, მოლარეების და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ხელფასის ზრდა არ იგეგმება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, 6.9 მილიონი ლარით ამის შესაძლებლობა ნამდვილად იყო.

შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე, ხოლო თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადება კი - ტყუილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი