2013

წლის 4 სექტემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ, განაცხადა: „უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში, ეკონომიკა იზრდება 2.2-2.3%-ით. მაშინ, როდესაც წინა წლების განმავლობაში ეკონომიკა იზრდებოდა საშუალოდ დაახლოებით 7%-ით. ეკონომიკური ზრდის ტემპის ტენდენციას რომ შევხედოთ, 2012 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 2.8%-ით, 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 2.4%-ით და 2013 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 1.4%-ით. ეკონომიკის ზრდის ტემპი არა უბრალოდ კლებულობს, არამედ თვითონ ეს კლების ტემპიც კი არის საკმაოდ სწრაფი. თუ ერთ შემთხვევაში კლება იყო 0.4%, უკვე 1%-ით კლებულობს ყოველკვარტალურად. და ბოლო, ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა გაიზარდა 0.6%-ით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გაჩერებული ვართ. მანამდე, შეგახსენებთ, რომ მინუსში ვიყავით, საერთოდ.“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პარლამენტარის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით და აღნიშნული მონაცემები „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გადაამოწმა.

გამომდინარე იქიდან, რომ „საქსტატი“ აგვისტოს მონაცემებს სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს, შესაძლებელია მხოლოდ ოქტომბერი-ივლისის პერიოდის [10 თვის] მონაცემთა გაანალიზება. თუმცა, მოცემული 10 თვის მონაცემებიც საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტარის განცხადების სიზუსტე გავაანალიზოთ.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია ეკონომიკის ზრდის ტემპი ოქტომბერ-ივლისის პერიოდში. ივლისში, როგორც ამას პარლამენტარი აცხადებს, მართლაც დაფიქსირდა 0.6%-იანი ზრდის ტემპი, მაშინ, როდესაც წინა თვეში, ივნისში, ეს მაჩვენებელი-0.6% იყო.

1

ოქტომბერი - ივლისის პერიოდის მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპმა დაახლოებით 2.0% შეადგინა, ნაცვლად პარლამენტარის მიერ ნახსენები 2.2-2.3%-ისა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვის მონაცემს „საქსტატი“ სექტემბრის თვის ბოლოს გამოაქვეყნებს, აგვისტოს მშპ-ის ზრდის ტემპმა  3.8-4.9%  უნდა შეადგინოს, რათა უკანასკნელი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი 2.2-2.3% გამოვიდეს. როგორც წესი, ფაქტ-მეტრი ერიდება ვარაუდების გამოთქმას და შესაბამისი პროგნოზების გაკეთებას, თუმცა, ამ შემთხვევაში თუ მხედველობაში მივიღებთ გასული ათი თვის [ოქტომბერ-ივლისის პერიოდის] ზრდის ტემპების მაჩვენებლებს, თავს უფლებას ვაძლევთ დიდი ალბათობით განვაცხადოთ, რომ ნაკლებად სავარაუდოა აგვისტოს ზრდის ტემპმა 3.8-4.9%-ს გადააჭარბოს. შესაბამისად, ეს მცირედი უზუსტობა დეპუტატის განცხადების შინაარსს არ ცვლის.

2

თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთ-საქართველოს ომისა და ომის შემდგომი წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებს, საქართველოს ეკონომიკა მართლაც იზრდებოდა დაახლოებით 7%-ით 2010, 2011 წლებსა და 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (2012 წლის პირველ სამ კვარტალში რეალური მშპ-ს ზრდა დაახლოებით 7.47% იყო). თუმცა, როგორც ცხრილში ვხედავთ, 2012 წლის მეოთხე კვარტალში  რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის მკვეთრმა ვარდნამ [2.8%-მდე] წლიური საშუალო ზრდის ტემპი 6.1%-ზე დასწია.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მშპ-ის ზრდის ტემპები უკანასკნელ წლებში [*-ით აღნიშნულია წინასწარი მონაცემები].

3 2012

წლის მეოთხე კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.8% შეადგინა, ხოლო 2013 წლის პირველ და მეორე კვარტლებში აღნიშნული მაჩვენებელი 2.4%-სა და 1.4%-ს შეადგენს. მშპ-ის კლების ტენდენცია, რაზეც ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს, სახეზეა. 2013 წლის პირველ კვარტალში, 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით რალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 0.4%-ით დაიკლო [2.8%-2.4%]; ხოლო აღნიშნული მაჩვენებლის კლება 1%-ს შეადგენს, თუკი 2013 წლის მეორე კვარტალს ამავე წლის პირველ კვარტალს შევადარებთ. შესაბამისად, პარლამენტარის განცხადებაში მონაცემთა სიზუსტე „საქსტატის“ მონაცემებით დასტურდება.

დასკვნა განცხადების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ პარლამენტარის მიერ მოყვანილი ფაქტები ზუსტია. მიუხედავად მცირედი უზუსტობისა, რეალური მშპ-ის საშუალო ზრდის ტემპის დასახელებისას და იმის გათვალისწინებით, რომ აგვისტოს თვის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, დეპუტატის განცხადების პათოსი მართებულია. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში, ეკონომიკა იზრდება 2.2-2.3%-ით. მაშინ, როდესაც წინა წლების განმავლობაში ეკონომიკა იზრდებოდა საშუალოდ დაახლოებით 7%-ით. ეკონომიკური ზრდის ტემპის ტენდენციას რომ შევხედოთ, 2012 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 2.8%-ით, 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 2.4%-ით და 2013 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 1.4%-ით. ეკონომიკის ზრდის ტემპი არა უბრალოდ კლებულობს, არამედ თვითონ ეს კლების ტემპიც კი არის საკმაოდ სწრაფი. თუ ერთ შემთხვევაში კლება იყო 0.4%, უკვე 1%-ით კლებულობს ყოველკვარტალურად. და ბოლო, ივლისის მონაცემებით ეკონომიკა გაიზარდა 0.6%-ით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გაჩერებული ვართ, მანამდე შეგახსენებთ, რომ მინუსში ვიყავით საერთოდ“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი