საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში,

რომლითაც მოსახლეობას მიმართა, აღნიშნა, რომ ახალმა მთავრობამ სიტუაცია მრავალ სფეროში გააუმჯობესა, მათ შორის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპიც გაზარდა.

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, წინა და მოქმედი ხელისუფლებების დროს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რა სიგრძის და ფართობის გზა დაიგო.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის (ჩქაროსნული ავტობანის) მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 390 კილომეტრია (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1, სტატია 2). საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან მიმდინარე წლის ივლისამდე ავტობანის 148.5 კილომეტრიანი მონაკვეთია გახსნილი. 2006-2012 წლებში მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68.2 კილომეტრი სიგრძის გზაზე გაიხსნა, ხოლო 2013-2016 (ივლისამდე) წლებში - 80.3 კმ-ზე. რაც შეეხება დაგებული გზის ფართობს, 2006-2012 წლებში 1 მილიონ 567 ათას 450 კვადრატული მეტრი ფართობის გზა დაიგო, 2013-2016 წლებში კი - 1 მილიონ 215 ათას 900 მ2.

ცხრილი 1: 2006-2012 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გახსნილი გზის სიგრძე (კმ) და ფართობი (მ2)
წელი გახსნა (კმ) გახსნა (მ2)
2006 0.0 0.0
2007 13.7 315 100
2008 20 460 000
2009 15.2 349 600
2010 6 138 000
2011 11.8 271 400
2012 1.45 33 350
სულ 68.15 1 567 450

ცხრილი 2: 2013-2016 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გახსნილი გზის სიგრძე (კმ) და ფართობი (მ2)
წელი გახსნა (კმ) გახსნა (მ2)
2013 15.40 183.300
2014 41.40 502.100
2015 16.50 379.500
2016 (ივლისამდე) 7 151.000
სულ 80.3 1.215.900

როგორც აღვნიშნეთ, ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო. მაგრამ, პირველ წელს გზის საფარის დაგების სამუშაოები არ დაწყებულა. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2007-2012 წლებში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე საშუალოდ წელიწადში 11.3 კმ. სიგრძის და 261 242 მ2 ფართობის გზა იხსნებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი - წელიწადში საშუალოდ 22.9 კმ. სიგრძის და 347 400 მ2-

ის ფართობის გზა იხსნება. როგორც ვხედავთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წინა წლებთან შედარებით წელიწადში საშუალოდ 2-ჯერ მეტი სიგრძის და 1.3-ჯერ მეტი ფართობის გზა იხსნება. ისიც აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბოლოს სამშენებლო სამუშაოები 2 მლნ 187 ათას 500 კვადრატულ მეტრ გზაზე მიმდინარეობდა, ანუ ხელისუფლებაში "ქართულ ოცნების" მოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღნიშნული ფართობის გზაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით კი, სამშენებლო სამუშაოები 3 მილიონ 118 ათას კვადრატული მეტრის ფართობის გზაზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო და მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოძიებაც აღნიშნულ თარიღამდე მოხდა (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის და სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების გარდა). შესაბამისად, ახალ მთავრობას ზოგ შემთხვევაში ასფალტის დასაგებად გამზადებული გზა დახვდა, რამაც ტემპი დააჩქარა.

ამჟამად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა და ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე სატენდერო პროცედურების დაწყება იგეგმება.

დასკვნა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში, უშუალოდ საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოები კი 2007 წლიდან დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა 68.15 კილომეტრ გზაზე გაიხსნა, რამაც 1 მილიონ 567 ათას 450 კვადრატული მეტრი ფართობი შეადგინა. ხოლო, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 80.3 კმ-ზე გაიხსნა, რაც 1 მილიონ 215 ათას 900 მ2-ია. შესაბამისად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წინა წლებთან შედარებით წელიწადში 2-ჯერ მეტი სიგრძის და 1.3-ჯერ მეტი ფართობის გზა იხსნებოდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას 2 მილიონ 187 ათას 500 მ2

ფართობის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აქტივობა (სამშენებლო სამუშაოები) უკვე მიმდინარეობდა, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპი დააჩქარა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი