2016 წლის 19 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დანაშაულის სტატისტიკის არარეგულარულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განუცხადა:

„2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა სტატისტიკა. აქამდე იყო დათქმა, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეგულაცია, არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამომიყენებს“.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მღებრიშვილის მსგავსი კომენტარი 2014 წლის 4 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა:

„სამინისტრო არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია. დაინტერესდით, გამოითხოვეთ სტატისტიკა... ჩემი მინისტრობის დროს სტატისტიკას ყოველთვე ვაქვეყნებდი. ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, ამის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს“.

„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 219-ე დადგენილების

თანახმად, ამ სახის ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება სამინისტროს მართლაც არ გააჩნია. ამავე დადგენილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნოს. აღნიშნული კი, ადმინისტრაციული ორგანოს არა ვალდებულებას, არამედ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნია, 2014 წლის 25 ივნისს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლევან იზორიამ, მისი და მინისტრის სახლით, სტატისტიკის ყოველთვიური გამოქვეყნების პირობა დადო. „ეს სტატისტიკა სრული ობიექტურობით ასახავს სურათს და ჩვენ დღეიდან გპირდებით, ვიჩენთ რა კეთილ ნებას, სანდოობის მაღალი დონით მივაწვდით საზოგადოებას მაქსიმალურად ჩაშლილ სტატისტიკას, ყოველთვიური და წლიური შედარებებით. მე გპირდებით და მინისტრი გპირდებათ, რომ ასეთი რეალობა იქნება“, - განაცხადა

 (48-ე წუთი) ლევან იზორიამ. აღნიშნული პირობა 2016 წლის იანვრის ჩათვლით ასე თუ ისე სრულდებოდა, თუმცა, შემდეგ შსს-მ სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა და როგორც გიორგი მღებრიშვილის განცხადებიდან ირკვევა, აღარც გამოქვეყნდება.

თუმცა, არსებობს გარემოება, რომელზეც მინისტრი, პირდაპირ დასმული კითხვების მიუხედავად, ყურადღებას არ ამახვილებს - მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა უწყებას გააჩნია საქსტატისთვის (ყოველთვიურად და კვარტალურად) მონაცემების მიწოდების, ხოლო საქსტატს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება.

თუკი საქსტატს ეს ინფორმაცია არ მიეწოდება, ის ვერც გამოქვეყნდება. შესაბამისად, ამ სახის სტატისტიკის არგამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ეკისრება.

ზემოაღნიშნული ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება. კერძოდ, საქსტატის გვერდზე მხოლოდ კვარტალური ინფორმაციის მოძიება არის შესაძლებელი, ხოლო ყოველთვიური სტატისტიკა 2012 წლის იანვრის შემდეგ აღარ გამოქვეყნებულა. გამოუქვეყნებლობის მიზეზებზე პასუხი ვერც საქსტატისგან და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ.

ამ დრომდე არცერთი უწყებიდან არ მიგვიღია სათანადო პასუხი იმის თაობაზე, სისხლის სამართლის ერთიან ანგარიშს, რომელსაც საქსტატი ყოველთვიურად აქვეყნებს, შსს-ს სტატისტიკა რატომ აკლია და შესაბამისად, რატომ არის პირველი თავი, ანუ შსს-ს სტატისტიკა, ყველა ანგარიშში გამოტოვებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქსტატს სტატისტიკა ყოველთვიურად მიეწოდება. ეს შემდეგ კითხვებს აჩენს: 1. თუ შსს სტატისტიკას აგზავნის და საქსტატი არ აქვეყნებს, ამით შსს რატომ არ დაინტერესდა? 2. რატომ ხდება საქსტატის მიერ კონკრეტულად შსს-ს სტატისტიკის უგულვებელყოფა და რატომ იწყება ანგარიში პროკურატურის მონაცემებით?

მღებრიშვილმა ასევე განაცხადა:

„ამ საკითხს მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი“. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა 2016 წლის 16 დეკემბერს მართლაც შედგა, სადაც მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თუ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მართლაც არსებობს, სამინისტრო სტატისტიკას ყოველთვიურად გამოაქვეყნებდა. შეხვედრაზე დამსწრეთაგან მაღალი საჯარო ინტერესის არსებობა ყველამ ერთხმად დაადასტურა. შესაბამისად, მინისტრის დღევანდელ განცხადებამდე, ჩვენ სტატისტიკის საჯაროდ გამოქვეყნებას ველოდებოდით.

აქვე იხილეთ ფაქტ-მეტრის დეტალური კვლევა

დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

დასკვნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნია და ეს მხოლოდ მის უფლებამოსილებას (ე.წ. „კეთილ ნებას“) წარმოადგენს. თუმცა, სამინისტროს საქსტატისთვის ორი სახის (ყოველთვიური და კვარტალური) სტატისტიკის მიწოდების ვალდებულება აქვს, რაც, ბუნებრივია, ამ სახის სტატისტიკის გამოქვეყნებაზე შსს-ს პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

სამინისტრომ სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პირობა არაერთხელ დადო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პრაქტიკა აღარ გაგრძელდება, რაზეც პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრი იღებს. თუმცა, უცნობია, თუ ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ სტატისტიკის გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც არსებობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის განცხადებაში უწყების მიერ სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნებაზე ისაუბრა, რისი ვალდებულებაც შსს-ს მართლაც არ გააჩნია, თუმცა, მან გვერდი აუარა სისხლის სამართლის ერთიან სტატისტიკას და ყოველკვარტალურ სტატისტიკას, რისი საქსტატისთვის მიწოდების ვალდებულება შსს-ს ნამდვილად გააჩნია და რასაც მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მღებრიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი