პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გია მიქელაძემ განაცხადა:

„მამუკა ბახტაძე მივიდა როდესაც რკინიგზა იყო მიწასთან გასწორებული, რკინიგზაში იყო უკიდურესად მძიმე ვითარება და მან ამ მძიმე ვითარებაში კიდევ სერიოზულად გაართვა თავი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. საქართველოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად 2013 წლის 27 მარტს დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას უცვლელად იკავებდა მიმდინარე წლის 14 ნოემბრამდე. თავისთავად, ტერმინი „მიწასთან გასწორებული“ გაზომვად სიდიდეში რთულად ინტერპრეტირებადია, თუმცა ფაქტ-მეტრი შეეცდება რკინიგზის საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების ცვლილების ტენდენცია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასოს. საქართველოს რკინიგზის, როგორც ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიის წარმატების შეფასების ინდიკატორი ერთი მხრივ ტვირთბრუნვისა და მგზავრთა გადაყვანის მოცულობათა ცვლილების ტენდენცია, მეორე მხრივ კი ბაზარზე ოპერირების ფინანსური შედეგია შემოსავლიანობისა და მომგებიანობის თვალსაზრისით.

გრაფიკი 1: საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა და გადაყვანილ მგზავრთა ოდენობა grass წყარო: საქართველოს რკინიგზა

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2005 წლიდან მოყოლებული ტვირთბრუნვა მაქსიმალურ მნიშვნელობას 2006 წელს აღწევს (22.6 მლნ ტონა) და შემცირების ტენდენციას იძენს, რაც კრიზისულ 2009 წელს ტვირთბრუნვის 17.1 მლნ ტონამდე შემცირებით სრულდება. 2010-2012 წლებში რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და 2011-2012 წლებში 21.2 მლნ ტონის დონეზე სტაბილურდება. 2013 წლებიდან მაჩვენებელი ისევ შემცირების ტენდენციას უბრუნდება და 2016 წლის მდგომარეობით პერიოდის მინიმუმამდე ეცემა (11.9 მლნ ტონა). მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემიც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1 მლნ ტონით ჩამოუვარდება და 7.9 მლნ ტონას შეადგენს. შედარებით სტაბიულურია გადაყვანილ მგზავრთა ოდენობის მაჩვენებელი, თუმცა ცვლილების მიმართულება მეტ-ნაკლებად ტვირთბრუნვის ცვლილების ტენდენციის ანალოგიურია.

გრაფიკი 2: საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები (მლნ ლარი) grass1 წყარო: საქართველოს რკინიგზა

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2007-2012 წლებში, პოსტკრიზისული 2009 წლის გარდა, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შემოსავლიანობის მაჩვენებელი განაგრძობს ზრდას 2013-2015 წლებშიც, რაც ალოგიკური სურათია ვინაიდან 2013 წლიდან მოყოლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებელი პერმანენტულად მცირდება (იხ. გრაფიკი 1). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სატვირთო გადაზიდვის ტარიფები ძირითადად უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ცხადია რომ ლარში გამოსახული შემოსავლის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის გაცვლითი კურსის შემცირებაა (გაუფასურება) და არა რაიმე რეალური პოზიტიური ცვლილება. 2016 წლიდან კი კურსის დასტაბილურებასთან ერთად მთლიანი შემოსავალი შემცირდა, შემცირებულია მიმდინარე წლის 9 თვის შესაბამისი მაჩვენებელიც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს მომგებიანობის გამოკვეთილად კლებადი ტენდენციაც. ორგანიზაციის წმინდა მოგებას შემცირების ტენდენცია აქვს 2007-2009 წლების განმავლობაში. კრიზის შემდგომ პერიოდში აღნიშნული მონაცემი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და 2011 წელს პერიოდის მაქსიმალურ მნიშვნელობას (174 მლნ ლარი) აღწევს. 2012 წლისათვის კი წმინდა მოგების მაჩვენებელი 97 მლნ-მდე მცირდება. მომდევნო პერიოდში მომგებიანობის შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება, 2015 წელს კი საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება, 2007 წლიდან დღემდე, პირველად უარყოფითი გახდა (ზარალი). 2016 წელს წმინდა მოგების მოცულობამ 65 მლნ ლარი შეადინა. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდის მონაცემებს, 2017 წლის 3 კვარტლის წმინდა მოგება 94 მლნ ლარს უტოლდება რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს 28%-ით ჩამოუვარდება. ამავდროულად, შესამჩნევია, რომ 2013-2016 წლებში 1.5-ჯერაა გაზრდილი საოპერაციო მოგება, თუმცა როგორც აღინიშნა, ტარიფის უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებიდან გამომდინარე აღნიშნულ ზრდას დიდწილად ლარის გაუფასურება განაპირობებს, კურსის ცვლილებითვე გამოწვეული ფინანსური ხარჯების არსებითი (2013 წელს 58 მლნ, 2015 წელს 315 მლნ) ზრდა კი საოპერაციო მოგებაზე არ აისახება და მხოლოდ დაბეგვრამდე მოგებისა და წმინდა მოგების ოდენობაზე ახდენს გავლენას.

დასკვნა საქართველოს რკინიგზის 2012 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია კრიზისის შემდგომი პერიოდისათვის, წმინდა მოგების მაჩვენებლის კუთხით კი მთელ პერიოდზე მხოლოდ 2010-2011 წლებს ჩამოუვარდება. 2010-2012 წლების ტვირთბრუნვის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია და უახლოვდება კრიზისამდე არსებულ ნიშნულს. დროის ამავე მონაკვეთის ფინანსური მაჩვენებლები კი საუკეთესოა საანალიზო პერიოდის მანძილზე. მამუკა ბახტაძის რკინიგზის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში რკინიგზის ტვირთბრუნვისა და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლები არსებითად შემცირდა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული რკინიგზის წმინდა მოგების მოცულობაც. 2013-2016 წლების მანძილზე მიღებული ჯამური წმინდა მოგება (104 მლნ) 3.73 ჯერ ნაკლებია 2009-2012 წლების (389 მლნ) შესაბამის მაჩვენებელზე. ფაქტ-მეტრის დასკვნით, გია მიქელაძის განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი