ადიგენში, სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟიდან სამი წლის თავზე, მუსლიმების მანდატისთვის მებრძოლი ხუთი მაჟორიტარიდან, ორი მათი მთავარი მოწინააღმდეგეა, ისინი სამი წლის წინათ მომხდარსა და დღევანდელ რეალობას შორის კავშირს ვერ ხედავენ და მუსლიმების მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარებათ, მუსლიმებს კი წარსული მწარედ ახსოვთ...

შეგახსენებთ, 2013 წლის 26 აგვისტოს, გვიან ღამით, სოფელ ჭელაში ახალაგებული მინარეთი იმ მოტივით აიღეს, რომ ის საქართველოში საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით იყო შემოტანილი. დემონტაჟს მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან შელაპარაკების დროს, სამართალდამცველებმა 21 მუსლიმი დააკავეს. ორი დღის განმავლობაში ადგილობრივები და ბათუმიდან ადიგენში ჩამოსული მუსლიმები თანასოფლელების დაკავებასა და მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ.

აქციების დაწყებიდან ორ დღეში, 28 აგვისტოს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მუსლიმებს დაჰპირდა, რომ მინარეთის ჭელაში დაბრუნების საკითხს განიხილავდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელებას კი ჭელაში უკვე ანტიმაჰმადიანური აქციები მოჰყვა, რომლის ორგანიზატორებიც გიორგი კოპაძე და გოდერძი კუბლაშვილი იყვნენ. დღეს ორივე მათგანი ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატია. გიორგი კოპაძე – „ქართული ოცნების“, გოდერძი კუბლაშვილი კი „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით იყრის კენჭს.

სამი წლის წინათ, მაშინ როცა მეგაფონებით ხელში, სამი დღის განმავლობაში, ახალციხეში ხალხმრავალ აქციებს მართავდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იმ დროის „დიდგორი“ იყო, მუსლიმები კი მოღალატეები იყვნენ, ალბათ, ვერც კოპაძე და ვერც კუბლაშვილი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღეს მუსლიმებთან მისვლა და მხარდაჭერის თხოვნა მოუწევდათ. მაშინ არც ერთი მათგანი პოლიტიკაში არ იყო, გიორგი კოპაძე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს რეზიდენციაში სამეურნეო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, გოდერძი კუბლაშვილი კი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი იყო.

კოპაძე და კუბლაშვილი მაშინ ქვეყანაში, ზოგადად, მინარეთების არსებობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასაც ითხოვდნენ.

„ჩავატაროთ რეფერენდუმი და ხალხმა გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა ქვეყანაში მინარეთები. საქართველოში ყველა უმცირესობას იცავენ, მამათმავლებსა და უბედურებას, მაგრამ ქრისტიანებს არავინ იცავს. ჩვენმა წინაპრებმა სარწმუნოებისთვის თავი დადეს, დღეს ჩვენ დიდგორი უნდა ვიომოთ, ოღონდ მშვიდობიანი ფორმით“, – აცხადებდა გოდერძი კუბლაშვილი.

მუსლიმები ადიგენის ამომრჩეველთა 8%-ს შეადგენენ. ისინი ამბობენ, რომ ამჟამინდელი კანდიდატების ყველა სიტყვა ახსოვთ.

„როგორც მოგვექცნენ, ჩვენც ისე მოვექცევით. ავირჩიოთ და ისევ ასეთი რაღაცები წავიდეს?! ჩვენი დასაკლავი დანა ჩვენ თვითონ გამოვიყენოთ?!“ – გვეუბნება იმამი დავით ჩოგაძე.

„აი, იმას (მინარეთს. – რედ.) რომ ადამიანი მოჭრის და წაიღებს, მაგის მერე, მანდ შემსვლელი კაცი თუ კიდევ კოპაძესა და კუბლაშვილს მისცემს ხმას, მაშინ რაღაზე ვილაპარაკო?!“ – გვეუბნება სოფელ ჭელაში მცხოვრები გურამ გელაძე და ღიად ამბობს, რომ არც ერთ მათგანს ხმას არ მისცემს.

„ორივე შემჩნეულია რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების დაპირისპირებაში. ეს უდიდესი დანაშაულია და არამარტო ჩვენთვის, მუსლიმებისთვის, ეს პიროვნებები საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის“, – ამბობს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

გიორგი კოპაძე და გოდერძი კუბლაშვილი კი დღეს უკვე სხვა ტექსტებით საუბრობენ.

„ვიქნები თითოეული თქვენგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისთვის და მთავრობისთვის“, – ამ სიტყვებით გიორგი კოპაძემ მუსლიმებს 22 აგვისტოს, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ადიგენში ვიზიტისას მიმართა.

დღეს გოდერძი კუბლაშვილი სამი წლის წინათ მომხდარზე კონკრეტულ საუბარს გაურბის: „20 წლის წინათ, ჭელას ხიდზე კონსტრუქციები ისე გავაკეთებინე, ერთი ჭიქა ღვინოც არავის უკისრია... მერეც, გვიან, სოფელ მოხეში მეჩეთის სადავო შენობის საკითხზე ჩემი იდეა იყო კომისიის შექმნა“.

„ჩვენ მაშინ მუსლიმების წინააღმდეგ კი არა, იმ 25%-ის დასაცავად გამოვდიოდით, ვინც უმცირესობაში იყვნენ... მივალ, აუცილებლად მივალ და გავესაუბრები. ძალიან ბევრი მუსლიმი ჯგუფელი მყავდა, ჩემთან ერთად სწავლობდნენ“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

ადიგენში მცხოვრები მუსლიმების დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათთან მისვლის მორალური უფლება არც კოპაძეს აქვს და არც კუბლაშვილს.

„შეხედეთ მინარეთს, მაგის მოჭრის შემდეგ კოპაძესა და კუბლაშვილს აქ მოსასვლელი პირი აქვთ?! მორალი ხომ არსებობს“, – ამბობს ოთარ მარკოიძე, რომელიც ოთხი წლის წინათ ჭელას მოვლენების დროს ფიზიკურად დაშავდა.

მიუხედავად მუსლიმების განწყობისა, ორივე კანდიდატი მუსლიმების მხარდაჭერაში დარწმუნებულია. თუმცა, მათ ოპტიმიზმს არ იზიარებენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“.

ორგანიზაციის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კოპაძის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება, ფაქტობრივად, იმის აღიარებაა, რომ ჭელასა და მოხეში მომხდარი ინციდენტები არ ყოფილა ინდივიდუალური გადაცდომის ან გაუაზრებელი პოლიტიკის შემთხვევითი შედეგი: „სიმპტომატურია ისიც, რომ რეგიონში, სადაც სამი რელიგიური კონფლიქტი მოხდა, „ოცნებისა“ და ინაშვილის პარტიის წინასაარჩევნო იდეოლოგიური სტრატეგიები ერთმანეთს ემთხვევა“.

მიქელაძის მოსაზრებას ეთანხმება „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე: „ასეთი ქსენოფობი და ჰომოფობი პირები, ასევე, ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით, პარლამენტში, სამწუხაროდ, ყოველთვის გვყავდა. პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, რომ, თუ იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, არ უნდა დააყენონ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ქვეყანაში შუღლს აღვივებენ“.

მუსლიმები საარჩევნო კაბინებში, მათი უფლებების სადარაჯოზე მდგომი პიროვნების შემოსახაზავად, 41 დღეში უნდა შევიდნენ. კანდიდატები, რომელთა მთავარი ლოზუნგი სამი წლის წინათ „გაუმარჯოს ქრისტიანულ საქართველოს“ იყო, გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი