სტატიის სათაურში მოყვანილი ფრაზა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის,

რომელიც ამგვარად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკავებას გამოეხმაურა. მართლაც, როგორ შეიძლება მსგავსი რამ მომხდარიყო? საქართველოს ხელისუფლებამ ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ვერ ან არ გასცა. მიუხედავად ამისა, გვაქვს ფაქტები, რომელიც ლოგიკური მსჯელობის საშუალებას გვაძლევს.

მიმდინარე წლის 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში იყო დაკავებული.

დაკავებულის ადვოკატის, ელჩინ სადიყოვის განცხადებით,

ჟურნალისტი თბილისში, მისთვის უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან დააკავეს, ხელები შეუკრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუხთარლის ვარაუდით, გამტაცებლები საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ორი საათის განმავლობაში გაურკვევლი მიმართულებით მიჰყავდათ, რა დროსაც მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მესამე მანქანაში ის უკვე აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირების გარემოცვაში იყო.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჟურნალისტის მეუღლის განცხადების საფუძველზე, გამოძიება

სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით

კი, „აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობით ფული აღმოაჩნდა“.

აზერბაიჯანის პროკურატურამ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა, სასამართლომ კი მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მუხთარლის აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავების ვერსიას გამორიცხავს. მისი განცხადებით, მეუღლეს საზღვარი იძულებით გადააკვეთინეს. ამ ფაქტს მისი და მისი მეუღლის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ.

ლეილა მუსტაფაევა ეჭვობს, რომ მისი მეუღლის აზერბაიჯანში გადაყვანის ოპერაციაში ქართული მხარეც მონაწილეობდა. ამ ეჭვს კი მას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ პირველ ივნისს გაკეთებული განცხადება უღრმავებს.

კერძოდ, გიორგი მღებრიშვილმა, ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ, საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობა გააცნო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით  მიმდინარეობს (რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს), მინისტრს არ უსაუბრია, თუ რა ღონისძიებები გატარდა აღნიშნული დანაშაულის დადგენისა თუ უარყოფის მიზნით. ამის ნაცვლად, მინისტრმა საზოგადოებას აზერბაიჯანის მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაცია გააცნო. ხოლო, ჟურნალისტის გატაცება კი, რა მუხლითაც მისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო, „პარალელურად არსებულ ვერსიად“ მოიხსენია.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შს მინისტრი, მართალია აღიარებს საზღვრის დაცვის მაღალ სტანდარტებს, თუმცა მაინც, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, იზიარებს აზერბაიჯანის ვერსიას, აფგან მუხთარლის მიერ მესაზღვრის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთის შესახებ. მეტიც, მან საზოგადოებას მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ფაქტებიც (ეს თავადაც აღნიშნა) გააცნო,

თითქოს აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლის წინასწარ შემუშავებული სქემა და მას აზერბაიჯანში არადეკლარირებული უცხოური ვალუტა კონტრაბანდული გზით რეგულარულად შეჰქონდა.

შსს-ს ამ დრომდე არ გაუმჟღავნებია იმ საგამოძიებო ღონისძიებათა ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან, პირის მანქანაში იძულებით ჩასმისა და შემდეგ ამავე მანქანით აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას უარყოფდა. ეს კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების ეჭვებს ამ ვერსიის მართებულობის შესახებ. ამასთან, უამრავ კითხვას აჩენს აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ვერსიაც. კერძოდ, უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ შევიწროვებულ და სამშობლოდან „გამოქცეულ“ ჟურნალისტს საზღვრის გადაკვეთისას, მაშინ როცა, მისი ვარაუდით, აზერბაიჯანში მას საფრთხე ემუქრებოდა.

სამწუხაროდ, ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის ფონზე, საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მთავარი კითხვა აფგან მუხთარლის ჟურნალისტობასთან დაკავშირებით გაუჩნდა. „ის, რომ ჟურნალისტი იყო ალბათ თქვენ უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია, რომ ეს იყო რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის“, - განაცხადა ჯეჯელავამ. მუხთარლის საქმის შესახებ არასამთავრობო სექტორის განცხადება მან „არაკომპეტენტურობის ინდიკაციად“ შეაფასა. აღსანიშნავია, რომ  თავად შსს-ც აფგან მუხთარლის პირველივე დღიდან ჟურნალისტად მოიხსენიებდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ, მისი ხმაურიანი განცხადების შემდეგ, განმარტება

გააკეთა და აღიარა, რომ მას არასწორი ინფორმაცია გააჩნდა აფგან მუხთარლის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. „ეს ადამიანი რადიო „თავისუფლებაში“ იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თუმცა ამავე დროს არის ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც, შესაბამისად, ორივე როლი ჰქონდა“. როგორც ჯეჯელავას შედარებით უფრო „კომპეტენტური“ დამაზუსტებელი განცხადებებიდან ჩანს, ის ალბათ გაეცნო მუხთარლის სტატიებს, თუმცა გაუჩინარებასა და მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან უშუალო კავშირზე ყურადღებას არ ამახვილებს და სრულიად დასაშვებად მიაჩნია, რომ ჟურნალისტი საკუთარი ნებით გადასულიყო საზღვარზე.

ჯეჯელავასგან განსხვავებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი აფგან მუხთარლის გაუჩინარებას სწორედ მის საქმიანობას უკავშირებს. აფგან მუხთარლის სახელს არაერთი სკანდალური, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტატია უკავშირდება, რომლითაც ჟურნალისტი აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნეს ინტერესებსა და კორუფციულ სქემებს ამხელდა. ის ღიად საუბრობდა აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის ფაქტებზე.

მისი სტატიები ქვეყნდებოდა "რეგიონული მედიის ქსელის" ვებგვერდზე. ის ასევე თანამშრომლობდა "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR)". მის სტატიებს აქტიურად აქვეყნებდა 2013 წელს შექმნილი, გადასახლებული აზერბაიჯანელი აქტივისტებისა და მწერლების მიერ დაარსებული, გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მომუშავე მედიასაშუალება (Meydan TV). ბოლო დროს, მუხთარლი საქართველოში ალიევების ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებს იკვლევდა. აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა მეუღლის გატაცებას სწორედ მათ მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესკომპანიის შესახებ მორიგ საგამოძიებო სტატიაზე მუშაობას უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 4 მაისს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ერთ-ერთ საიტზე (haqqin.az) ვრცელი სტატია

გამოქვეყნდა, რომელშიც თბილისში არსებულ ანტიაზერბაიჯანულ „იატაკქვეშეთზეა“ საუბარი. მის ერთ-ერთ აქტიურ წევრებად  კი აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე (ასევე ჟურნალისტი) ლეილა მუსტაფაევა სახელდებიან.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, „აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის კარგად არის ცნობილი აფგან მუხთარლის სახელი. მაგრამ, ის ცნობილია არა როგორც გაბედული ჟურნალისტი. მუხთარლი  სრულიად უღიმღამო ადამიანია და ძალიან შორს არის შემოქმედებითი შთაგონებისგან. ის უფრო პირადი დაცვის როლს ასრულებს, ვიდრე გონებრივ სამუშაოს“.

„პრეზიდენტ ალიევის კაცად“ ცნობილ ეინულა ფატულაევის სტატიაში კი ვკითხულობთ: „მუხთარლი პერსონალური მცველი გახდა ცნობილი „გამომძიებლის“ ხადიჯა ისმაილოვასი.

ამერიკის საელჩო მას (არშემდგარ ჟურნალისტს) თვეში 1 000 მანათს უხდიდა. ისმაილოვას დაკავების შემდეგ, ის ჩუმად გაიქცა საქართველოში, სადაც დროებითი ბინადრობის უფლება მიიღო. ამჟამად, ის თანამშრომლობს აზერბაიჯანის მიმართ მტრულად განწყობილ  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI და მრავალი სხვა“.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტის პოლიტიკური დევნის ინტერესს არაერთი გარემოება მოწმობს (რის შესახებაც ჯერ კიდევ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშშია

საუბარი), რომელთა შესახებაც საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე დუმს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას „ნაადრევი დასკვნების“ გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები

 ხელისუფლებას სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისა და გამოძიების პროგრესის და შედეგების თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, საქართველოს ხელისუფლებას დროული, ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიებისკენ, ხოლო აზერბაიჯანს დაკავებული პირის დროული გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განცხადებაში პირდაპირ არის მითითებული ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე. „ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ ცნობით, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან, საქართველოდან და შემდეგ დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, ევროკავშირს მუხთარლის საქმე კონტროლზე ყავს აყვანილი. „საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის ადამიანის უფლებების დამცველების გატაცება და თვითნებურად უკანონოდ დაკავება - როგორც ეს იყო გაცხადებული და რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭირვალე გამოძიებას მოითხოვს“, - ვკითხულობთ განცხადებაში. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგით დასრულდება ეს საქმე, მაგრამ რამდენიმე საკითხი დღეს უკვე ცხადია. პირველ რიგში, ამ ფაქტის გამო ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო პრესტიჟი მნიშვნელოვნად შეილახა და თუკი გამოძიება დროული და ეფექტური არ იქნება, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. ასევე, საქართველოს მთავრობა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და სიტუაციის გამოსწორება, რამდენიმე უსუსური მცდელობის ფონზე, ძალიან გაუჭირდება. მთავრობისთვის ახლა ალბათ საუკეთესო საშუალება ამ თემაზე დისკუსიის შესუსტება და მისი სხვა თემით გადაფარვაა, რაც საზოგადოებრივი ინტერესებისთვის აბსოლუტურად დამაზიანებელია. ამიტომაც, სამოქალაქო საზოგადოებამ ყველა კანონიერ გზას თუ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა აღნიშნული საქმეც წარსულში მომხდარ და დღემდე გამოუძიებელ მრავალრიცხოვან საქმეთა რიცხვს არ შეუერთდეს.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი