2013

წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური დებატები გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა, განაცხადა: „მე შევეცდები ავხსნა, რატომ არის ეკონომიკა გაჩერებული. ეკონომიკის გაჩერების მიზეზი არის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო ამ საპარლამენტო უმრავლესობამ, რომლებიც იყო მიღებული მთავრობის მიერ. პირველი რითაც მათ მოღვაწეობა დაიწყეს, იყო ის, რომ უარი თქვეს გადასახადის შემცირებაზე, მათ გააუქმეს ის გადაწყვეტილება, რომელიც საგადასახადო კოდექსში უკვე იყო და ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადის დაწევას ჯერ 18, შემდეგ 15%–მდე. ეს არის ის, რამაც პირველი გაურკვევლობა შეიტანა ინვესტორებში... ის მექანიზმი, რომელიც თქვენ ვითომდა შესთავაზეთ ამის სანაცვლოდ საზოგადოებას, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, აბსოლუტურად გაურკვეველი დარჩა. გაბრძანდით ქუჩაში და ჰკითხეთ ნებისმიერს, რომელმა იგრძნო საკუთარ თავზე რაიმე შეღავათი იმ გადაწყვეტილებით, რაც თქვენ მიიღეთ“.

ფაქტ–მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2012 წლის 20 დეკემბრამდე არსებობდა გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის 1 იანვრამდე 20%–ს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის იანვრამდე იგი 18% უნდა ყოფილიყო (იხ. ბმული: მუხლი 309). 2014 წლის 1 იანვრიდან კი საშემოსავლო გადასახადი 15% გახდებოდა (იხ. ბმული: მუხლი 81). 2012 წლის 20 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება,

რომელმაც გარდამავალი დებულება გააუქმა და საშემოსავლო გადასახადი კვლავ 20% დატოვა. კოდექსში გარდამავალი დებულების ნაცვლად, რომელიც გადასახადის ეტაპობრივ შემცირებას გულისხმობდა, ახალი ნორმა გაჩნდა, რომელმაც გადასახადის შემცირების ალტერნატივა – „დაუბეგრავი მინიმუმის“ ცნება შემოიტანა. დაუბეგრავი მინიმუმის არსი შემდეგში მდგომარეობს: ის დაქირავებული ფიზიკური პირები, რომელთა ხელფასი 500 ლარს არ აღემატება (წლიური მაქსიმალური შემოსავალი 6000 ლარი) წლის განმავლობაში ჩვეულებრივად იხდიან 20%–იან საშემოსავლო გადასახადს, წლის ბოლოს კი ისინი საგადასახადო ორგანოში წარადგენენ დეკლარაციას, სადაც დააფიქსირებენ, რომ მათი წლიური შემოსავალი 6000 ლარს (თვეში 500 ლარი) არ აღემატება და მოითხოვენ დაბეგრილი თანხის ნაწილის უკან მიღებას. დეკლარაციის წარდგენის შემდეგ მათ სახელმწიფო უბრუნებს დაუბეგრავი მინიმუმის (თვეში 150 ლარი [საარსებო მინიმუმის ოდენობა], წლიური 1800 ლარი [150×12=1800] ) 20%–ს, ანუ 360 ლარს.

ამ ცვლილების შემოღებისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა:

„თუ ადამიანს აქვს 500 ლარი ხელფასი, ის ხელზე იღებს ყოველთვიურად 400 ლარს. 500 ლარის 20 პროცენტი ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით. წლის ბოლოს ბიუჯეტი ამ ადამიანს 360 ლარს დაუბრუნებს ე.წ. მე–13 ხელფასის სახით. უხეშად რომ ვთქვათ, პედაგოგი, რომლის ხელფასიც არის 300 ლარი, ის წლის ბოლოს კიდევ აიღებს 360 ლარს, მაგრამ ეს არ შეეხებათ მაღალშემოსავლიან ადამიანებს“.

„საქსტატის“ ინფორმაციით 2012 წელს საქართველოში 662,600 დაქირავებული აღირიცხებოდა. დაქირავებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 712 ლარია. გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში ექსპერტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში 500 ლარზე დაბალი ხელფასი დაახლოებით 300–350 ათას ადამიანს აქვს. მთავრობა ვარაუდობს, რომ დაუბეგრავი მინიმუმით დაქირავებულთა დაახლოებით 2/3 (441,773) ისარგებლებს.

დანარჩენები კი ჩვეულებრივად 20%–ით დაიბეგრებიან.

დასკვნა

წინა ხელისუფლება მართლაც აპირებდა საშემოსავლო გადასახადის ეტაპობრივ შემცირებას და ეს გეგმა გარდამავალი დებულების სახით კოდექსშიც იყო ასახული. 2012 წლის ბოლოს კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელთა მიხედვითაც, გადასახადის ეტაპობრივი შემცირება აღარ მოხდება და მის ნაცვლად დაუბეგრავი მინიმუმის წესი იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადის 15%–მდე შემცირების შემთხვევაში მოქალაქეები 5%–ით ნაკლებ გადასახადს გადაიხდიდნენ, დაუბეგრავი მინიმუმი კი 4%–იან შეღავათს იძლევა. ამასთან, თუკი გადასახადის დაგეგმილი შემცირება ყველა დასაქმებულს (თვითდასაქმებულების ჩათვლით), მათ შორის 662,600 („საქსტატის“ 2012 წლის მონაცემი) დაქირავებულს შეეხებოდა, დაუბეგრავი მინიმუმით, მთავრობის ვარაუდის თანახმად, 450 ათასამდე (2012 წლის მონაცემის მიხედვით) დაქირავებული ისარგებლებს.

სტატიაში გაანალიზებული ფაქტების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პავლე კუბლაშვილი თავისი განცხადების პირველ ნაწილში სრულიად მართალია, მაგრამ არაზუსტია მისი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუბეგრავი მინიმუმი „აბსოლუტურად გაურკვეველი და უშედეგოა“. დაუბეგრავ მინიმუმი გარკვეულ შეღავათებს აწესებს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. რაც შეეხება განცხადებას, მოქალაქეებს უკვე უნდა ეგრძნოთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის წესიდან გამომდინარე შეღავათები, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქალაქეებს ის ჯერ არც უნდა ეგრძნოთ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაქირავებულებს დაუბეგრავი მინიმუმით გათვალისწინებული თანხები დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, 2014 წლის 1 აპრილიდან დაუბრუნდებათ.

მიუხედავად ამისა, პავლე კუბლაშვილის განცხადება და პათოსი იმასთან დაკავშირებით, რომ საშემოსავლო გადასახადი მცირდებოდა, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა, ამასთან დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადის შემცირებით მიღებული  შეღავათი უფრო მეტ დასაქმებულს შეეხებოდა და დაუბეგრავი მინიმუმისაგან განსხავავებით მყისიერი ეფექტი ექნებოდა, ცალსახად მართალია.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ პავლე კუბლაშვილის განცხადება: „მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვეს გადასახადის შემცირებაზე, მათ გააუქმეს ის გადაწყვეტილება, რომელიც საგადასახადო კოდექსში უკვე იყო და ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადის დაწევას ჯერ 18, შემდეგ 15%–მდე, ეს არის ის რამაც პირველი გაურკვევლობა შეიტანა ინვესტორებში... ის მექანიზმი, რომელიც თქვენ ვითომდა შესთავაზეთ ამის სანაცვლოდ საზოგადოებას, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, აბსოლუტურად გაურკეველი დარჩა. გაბრძანდით ქუჩაში და ჰკითხეთ ნებისმიერს, რომელმა იგრძნო საკუთარ თავზე რაიმე შეღავათი იმ გადაწყვეტილებით, რაც თქვენ მიიღეთ“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი