ვერდიქტი: „მედიასითის“ მიერ გავრცელებული სტატია არის აბსურდულად ყალბი ამბავი.

რეზიუმე:

„მედიასითის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი ამერიკის „ყირაზე დაყენებასა“ და „მსოფლიოს განადგურებას“ იწყებს, ყალბია. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არანაირი წყარო არ არის მითითებული იმის დასამტკიცებლად, რომ სტატიაში მოცემული ციტატები ნამდვილად სოროსს ეკუთვნის. გარდა ამისა, თავისთავად სტატია შინაარსობრივად სრულიად აბსურდულია და მორიგი მცდელობაა, მოახდინოს ჯორჯ სოროსის პიროვნების დისკრედიტაცია. სტატიის სიყალბეზე მეტყველებს ისიც, რომ „მსოფლიოს განადგურება“ წესით 2016 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. ფაქტი კი ისაა, რომ არც მსოფლიო განადგურებულა და „მედიასითიც“ განაგრძობს ყალბი ახალი ამბების გავრცელებას.

ანალიზი: ონლაინ მედიასაშუალება „მედიასითიმ“ 2016 წლის 4 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია

სათაურით - ჯორჯ სოროსი: "25 დეკემბერს ამერიკა ყირაზე დადგება, ჩვენ მსოფლიოს განადგურებას ვიწყებთ". ცოტა ხნის წინ „მედიასითიმ“ ხელახლა გაავრცელა აღნიშნული სტატია და გასული კვირეების სიახლედ აქცია, რის გამოც ფაქტ-მეტრმა ამ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა. სტატიაში ონლაინ მედიასაშუალება ვითომდა ჯორჯ სოროსის ციტატებს წარმოგვიდგენს, სადაც ვკითხულობთ, რომ 2016 წლის 25 დეკემბერს „ამერიკა ყირაზე დადგება“ და „მსოფლიოში ახალი წესრიგი დამყარდება“. რა თქმა უნდა, სტატიაში არ არის მითითებული არც ერთი წყარო, რის საფუძველზეც „მედიასითი“ სამყაროს აღსასრულს თუ ახალი წესრიგის დამყარებას გვიქადის.

ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მსგავსი სათაურით სტატიას ვხვდებით რამდენიმე ინგლისურენოვან და რუსულენოვან ვებგვერდზე, რომელთა სანდოობა ერთი შეხედვითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - www.z-news.xyz, ერთ-ერთი ბლოგი www.livejournal.com-ზე და www.lenta.ge

ზუსტად იმავე შინაარსის სტატიებს აქვეყნებდნენ 2016 წლის დეკემბერში. აღნიშნული ვებგვერდები, გარდა იმისა, რომ არანაირ წყაროს არ ასახელებენ, მათ „ჩვენს შესახებ“ და საკონტაქტო ინფორმაციაც არ აქვთ მითითებული. ნებისმიერი ვებგვერდის „ჩვენს შესახებ“ სექცია აუცილებელია სრულად აწვდიდეს მკითხველს ინფორმაციას, თუ რა მიზნები და მისია აქვს ორგანიზაციას. „ჩვენს შესახებ“ და საკონტაქტო ინფორმაციის არასრული მითითება ყალბი ამბების გამავრცელებელი სააგენტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სტატიის ავტორებიც არ არიან მითითებული. სავარაუდოა, რომ „მედიასითი“ სწორედ ამ ვებგვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

აღნიშნულ მედიასაშუალებებს სოროსის ციტატების წყაროდ ვინმე დენიელ ესტულინი ჰყავთ მოყვანილი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, არის „მიღმიერი სამყაროს სცენის“ სპეციალისტი. გადამოწმებისას რთული აღმოჩნდა გაგვერკვია, თუ ვინ არის დენიელ ესტულინი. მის ოფიციალურ ვებგვერდზე

მხოლოდ მისი წიგნებია მოცემული და არ დევს ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. როგორც მისი წიგნების სათაურიდან ჩანს, ესტულინიც „შეთქმულების თეორიის“ ერთ-ერთი მიმდევარი უნდა იყოს, რომელიც ცდილობს გამოიკვლიოს თუ „სინამდვილეში ვინ მართავს სამყაროს“. გაურკვეველია, რატომ უნდა იყოს სანდო წყარო ეს პიროვნება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „მსოფლიო წესრიგის ცვლილებას“ და „მსოფლიოს განადგურებას“ აანონსებდა 2016 წლის დეკემბერში, ისინი არ უთითებდნენ სად და რა დროს თქვა ეს სიტყვები ჯორჯ სოროსმა. ისიც გაურკვეველია, თუ რა ცვლილებებს გულისხმობენ. გარდა ამისა, „მედიასითის“ სტატიაში ნათქვამია, რომ სოროსმა ეს განცხადება ბუქარესტში, სოროსის ფონდის პრეზენტაციაზე გააკეთა, თუმცა არ არის მითითებული როდის იყო აღნიშნული ღონისძიება, რაც ინფორმაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯორჯ სოროსი ხდება ანტიდასავლური პროპაგანდის სამიზნე. მეტიც, სოროსი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის რიგ სახელმწიფოებშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხშირად ხდება ანტიდასავლური ნარატივის მსხვერპლი. ანტიდასავლური პროპაგანდა დაახლოებით მსგავსი ხელწერით მუშაობს ამ ქვეყნებში და ცდილობს ჯორჯ სოროსის დისკრედიტაციას, რომელიც 1970 წლიდან საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მისი ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიოს 37 სახელმწიფოში მოქმედებს „ღია საზოგადოების ფონდი“, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა ჯანსაღი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი