2015

წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი უკრაინასა და რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული. მისი თქმით, ამის მიუხედავად, მთავრობამ 4.7-4.8%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მოახერხა, რომელიც კორექტირების შემდეგ 5%-მდე გაიზრდება. მისივე თქმით, ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მაშინ, როცა წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს 3%-ზე ნაკლები ზრდა აქვთ, საქართველომ მოახერხა და 5%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

30

იანვარს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად, 0.3% ჩამორჩა საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში 2005-2014 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამავე წლებში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების არასრული ჩამონათვალია ასახული.

ცხრილი 1:

საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი 2005-2014 წლებში

წლები მშპ-ის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანი მოვლენები
2004 5.9% აჭარის რევოლუცია, 2003 წლის რევოლუციის შემდეგი პერიოდი
2005 9.6% ტერაქტი გორში
2006 9.4% რუსეთის ემბარგო, კოდორის სპეცოპერაცია
2007 12.6% მასობრივი გამოსვლები, პრეზიდენტის გადადგომა
2008 2.6% საპარლამენტო არჩევნები, რუსეთ-საქართველოს ომი, მსოფლიო ფინანსური კრიზისი
2009 -3.7% მსოფლიო ფინანსური კრიზისი, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები
2010 6.2%
2011 7.2% მასობრივი გამოსვლები (26 მაისი)
2012 6.4% საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება
2013 3.3% საპრეზიდენტო არჩევნები
2014 4.7% რუსეთ-უკრაინის ომი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მნიშვნელოვანი მოვლენების ამ არასრული ჩამონათვალიდან ნათლად ჩანს, რომ  საქართველოში ყოველთვის ჰქონდა ადგილი ისეთ პროცესებს, რომლებიც ქვეყნის მშვიდ განვითარებას ხელს უშლიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა 2004-2007 წლებში საშუალოდ 9.4% იყო, ხოლო 2004-2012 წლებში კი - 7%. შესაბამისად, 2013-14 წლებში დაბალი ეკონომიკური ზრდის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კრიზისისთვის დაბრალება არამართებულია, რადგან, მაგალითად 2008 წელს, რუსეთთან ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავადაც კი, საქართველოში 2.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ სამხედრო დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, ის სხვა შემთხვევაშიც ნაკლებ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. სავაჭრო პარტნიორების მიხედვით, უკრაინას საქართველოს ექსპორტის მხოლოდ 5%, ხოლო იმპორტის 6% უჭირავს, რუსეთს კი - ექსპორტის 10% და იმპორტის 6% (წყარო). 2005 წელს საქართველოს იმპორტის 18% რუსეთზე მოდიოდა, რაც მოგვიანებით, 2006 წლის ემბარგოს გამო 8%-მდე დაეცა. ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2006 წელს 9.4%, ხოლო 2007 წელს 12.6% შეადგინა და ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-13 ადგილზე იყო (წყარო: მსოფლიო ბანკი). 2014 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 92 მლნ დოლარით, უკრაინიდან კი - 15 მლნ დოლარით (წყარო)

შემცირდა. თუმცა, რუსეთში ექსპორტი 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, 85 მლნ დოლარით გაიზარდა. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპზე რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ვერ მოახდენდა.

2014

წლის ეკონომიკური ზრდის 4.7%-იანი მაჩვენებელი წინასწარ მონაცემს წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ ინფორმაციას მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს. ამ ეტაპზე, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, ეს მონაცემი 4.7%-ზე მეტი იქნება, თუ ნაკლები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება სტატისტიკის სამსახურზე ერთგვარი ზეგავლენის მოხდენის მცდელობადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

პრემიერმა თავის განცხადებაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპის წამყვანი ქვეყნების ზრდის ტემპს შეადარა. ასეთი შედარება ცალსახად არამართებულია. წამყვანი ევროპული სახელმწიფოების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ბევრად აღემატება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ-ს, შესაბამისად ამ ქვეყნებში მშპ-ის 1%-იანი ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში საქართველოს 1%-იან ზრდასთან შედარებით გაცილებით მეტია. 5%-იანი ზრდით, 2014 წელს საქართველო 152 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზე იქნებოდა, 2013 წელს 96-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წელს კი - 39-ე ადგილზე. ეკონომიკური ზრდის მიხედვით საქართველოს უსწრებენ: თურქმენეთი (10.1%), უზბეკეთი (7.9%), ტაჯიკეთი (6.4), მონღოლეთი (6.3%), ვიეტნამი (5.6%), ინდოეთი (5.5%) და სხვა ქვეყნები (წყარო).

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ წამყვანი ევროპული ქვეყნების – გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და ესპანეთის ეკონომიკური ზრდის ტემპები წლების მიხედვით და მათი შედარება საქართველოსთან.

ცხრილი 2:

ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

წლები გერმანია საფრანგეთი დიდი ბრიტანეთი იტალია ესპანეთი საშუალო ზრდა საქართველო სხვაობა
2004 1.2% 2.8% 2.5% 1.6% 3.2% 2.3% 5.9% 3.6%
2005 0.7% 1.6% 2.8% 0.9% 3.7% 1.9% 9.6% 7.7%
2006 3.7% 2.4% 3.0% 2.0% 4.2% 3.1% 9.4% 6.3%
2007 3.3% 2.4% 2.6% 1.5% 3.8% 2.7% 12.6% 9.9%
2008 1.1% 0.2% -0.3% -1.0% 1.1% 0.2% 2.6% 2.4%
2009 -5.6% -2.9% -4.3% -5.5% -3.6% -4.4% -3.7% 0.7%
2010 4.1% 2.0% 1.9% 1.7% 0.0% 1.9% 6.2% 4.3%
2011 3.6% 2.1% 1.6% 0.6% -0.6% 1.5% 7.2% 5.7%
2012 0.4% 0.3% 0.7% -2.3% -2.1% -0.6% 6.4% 7.0%
2013 0.1% 0.3% 1.7% -1.9% -1.2% -0.2% 3.3% 3.5%
2014 1.4% 0.4% 3.2% -0.2% 1.3% 1.2% 4.7% 3.5%
წყარო: მსოფლიო ბანკი

ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2014 წელს საშუალოდ 1.2%-ს უდრის. ასევე, თუ ცხრილს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ წინა წლების განმავლობაში ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი თითქმის ყოველთვის 3%-ზე დაბალი იყო. ცხრილი ასევე ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2004-2012 წლებში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე 2013-2014 წლებში.

2014

წელს 4.7%-იან ზრდას საქართველომ პირველი 8 თვის ხარჯზე მიაღწია. უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 2.3% იყო. ნოემბრის ზრდის ტემპი კი, უარყოფითი იყო და მან -0.5% შეადგინა.

გრაფიკი 1:

ეკონომიკური ზრდის ტემპი თვეების მიხედვით (2014 წელი)

image001

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური   დასკვნა

საქართველოში თითქმის ყოველთვის ხდებოდა მოვლენები, რომლებიც ქვეყნის მშვიდად განვითარებას უშლიდა ხელს - რევოლუციები, ტერაქტები, ომი, ფინანსური კრიზისი, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და სხვა. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2004-2007 წლებში 9.4%, ხოლო 2004-2012 წლებში - 7% შეადგინა. 2013-2014 წლების საშუალო ზრდის ტემპი კი 4%-ია. რუსეთის და უკრაინის მოვლენებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან მათი წილი საქართველოს ექსპორტ-იმპორტში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. შედარებისთვის, რუსეთთან ექსპორტი 2006 წელს 55%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, 2006 წელს საქართველოს 9.4%-იანი, ხოლო 2007 წელს - 12.6%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდა. ამიტომ, პრემიერის განცხადება, რომ რუსეთში და უკრაინაში მიმდინარე კრიზისი საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის მთავარ მიზეზს წარმოადგენს, მცდარია.

ასევე, არამართებულია საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შედარება ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპთან. ერთ სულ მოსახლეზე ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ბევრად აღემატება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ-ს და მათი მშპ-ს 1%-იანი ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში გაცილებით მეტია საქართველოს 1%-იან ზრდასთან შედარებით. ირაკლი ღარიბაშვილის პათოსი, რომ თუ წამყვან ევროპულ ქვეყნებს აქვთ დაბალი ეკონომიკური ზრდა, მაშინ საქართველოში 5%-იანი ზრდა მიღწევას წარმოადგენს, არასწორია. ამ ლოგიკით, თუ 2004-2012 წლებს გადავხედავთ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბევრად მაღალი ტემპი ჰქონდა, ვიდრე წამყვან ევროპულ ქვეყნებს, თუმცა ამგვარი შედარებები არც მაშინ იქნებოდა სწორი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი