მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა: "აბსოლუტურად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა იყო დატოვებული 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მოსახლეობა. დღეს ეს პოპულაცია თითქმის იგივე მომსახურებას იღებს, რასაც მოწყვლადი ჯგუფები".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

2012 წლისთვის ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით

ის მოქალაქეები სარგებლობდნენ, რომელთაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვაზე. საქართველოს მთავრობის 2009 წლის N218 დადგენილების ფარგლებში, ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობაზე, კომპაქტურ დასახლებაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე და სახალხო არტისტებზე ვრცელდებოდა. საქართველოს მთავრობის 2012 წლის N165 დადგენილების ფარგლებში კი, სახელმწიფომ 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დააზღვია.

ამასთან, 2012 წლისთვის სახელმწიფო ახორციელებდა (და დღესაც ახორციელებს) ჯანდაცვის სხვა მიზნობრივ პროგრამებს:

ინფექციური დაავადების მართვა, ტუბერკულიოზის მართვა, აივ ინფექცია/შიდსი, დიაბეტის მართვა, ნარკომანია, დიალეზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, სოფლის ექიმის პროგრამა და სხვა.

2013

წლამდე ჯანდაცვის დაფინანსება მიზნობრივი და არასაყოველთაო იყო. შესაბამისად, სახელმწიფო ეხმარებოდა მას, ვინც მოწყვლად ჯგუფად ითვლებოდა და დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების დაფარვა არ შეეძლო. ამ ჯგუფში (კერძოდ სოციალურად დაუცველი) ნებისმიერი ასაკის ადამიანი ხვდებოდა.

2013 წლის თებერვალში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი

დაიწყო და საყოველთაო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების სპექტრი გაფართოვდა.

2014

წელს, N218 და N165 დადგენილებებით განსაზღვრული ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდნენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა მისი ფინანსური რისკია. პროგრამის ხარჯები ყოველწლიურად მაღალი ტემპებით იზრდება. როგორც 2014 წელს, ასევე მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაბამისად ბიუჯეტის კორექტირება და დამატებითი სახსრების მოძიება გახდა საჭირო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია

ამ თემაზე).

აღსანიშნავია, რომ  იმ ფონზე, როცა მედიკამენტების ფასი მუდმივად იზრდება და მედიკამენტებზე დანახარჯი ჯანდაცვისთვის გაღებული დანახარჯის 50%-ზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მედიკამენტების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. "საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014",

რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, USAID-ის და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა, აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. თუმცა, სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი კვლავ ძალიან მაღალია და 62%-ს შეადგენს. მართალია, ჯიბიდან გადახდების წილი საერთო ჯამში შემცირდა, თუმცა მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდის წილი გაიზარდა უღარიბეს კატეგორიასა და სოფლად მაცხოვრებლებში.

დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების შედეგად შემდეგი სურათი მივიღეთ: სახელმწიფოს ფულით სარგებლობს როგორც შეძლებული ადამიანი (მაშინ, როცა მას შეეძლო ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაეფარა), ხოლო ღარიბ ადამიანს კი სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხა არ ჰყოფნის და ისევ რისკის ქვეშ რჩება. შესაბამისად, ყველა მოქალაქის მაქსიმალურად დაცვის მიზანი (საყოველთაოობის პრინციპი) იმ შემთხვევაშია მიღწევადი, როცა ქვეყანა ეკონომიკურად მაღალგანვითარებულია და მის ბიუჯეტს შესწევს ძალა მოქალაქეების ჯანდაცვის ფინანსური რისკები მინიმუმამდე შეამციროს. საქართველოს შემთხვევაში კი ასეთი მიდგომა ჯერჯერობით არაეფექტურია.

დასკვნა 2012

წლისთვის ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით ის მოქალაქეები სარგებლობდნენ, რომელთაც  ჯანდაცვაზე ხელი ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდათ. სახელმწიფო ასევე ახორცილებდა სხვა მიზნობრივ ჯანდაცვის პროგრამებს.

იმის მტკიცება, რომ 18 წლიდან საპენსიო ასაკმდე მოსახლეობა აბსოლუტურად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩებოდა, გადაჭარბებულია. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობდნენ სტუდენტები, ასევე ის პირები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდნენ. ამასთან, არსებობს ჯანდაცვის სხვა მიზნობრივი პროგრამები, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობდა და სარგებლობს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მისი საყოველთაობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მართლაც გაიზარდა. თუმცა, კვლავაც მაღალია (62%) ჯანდაცვის ხარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი. ამასთან, მედიკამენტების ხარჯებში ჯიბიდან გადახდის წილი გაიზარდა უღარიბეს კატეგორიასა და სოფლად მაცხოვრებლებში.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა სოფრომაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი