Top
მეთოდოლოგია

პოლიტიკოსთა განცხადებებში სიზუსტისა თუ უზუსტობის დადგენის მიზნით, ფაქტ-მეტრი პარლამენტის სხდომების, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების განცხადებების მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, ფაქტ-მეტრი საზოგადოებას ინოვაციურ სერვისს – „შეამოწმე შენი ფაქტი“ სთავაზობს, რომლის საშუალებით მკითხველს შეუძლია მისთვის საინტერესო ფაქტი გადაამოწმოს. ფაქტ-მეტრი აუდიტორიას სტატიების მიხედვით შექმნილ მოკლე სატელევიზიო სიუჟეტებსაც სთავაზობს.

ფაქტ-მეტრი არის პოლიტიკურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროექტი. ფაქტ-მეტრის სამუშაო პროცესი და მეთოდოლოგია კომპლექსურია და სტატია/კვლევა, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებამდე, რამდენიმე ძირითად ეტაპს გადის.

საწყის ეტაპზე, პარლამენტის სესიების მიმდინარეობისას ფაქტ-მეტრის გუნდი იკრიბება და საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ მნიშვნელოვან საკითხებს ინიშნავს. პარლამენტს მიღმა, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის და სხვა პოლიტიკოსების განცხადებების მონიტორინგის შემთხვევაში ფაქტ-მეტრის გუნდი აქტიურად ადევნებს თვალყურს ამ პირების განცხადებებს როგორც ტელესივრცეში, ასევე ინტერნეტ და ბეჭდურ მედიაში. აღნიშნული აქტივობისთვის გამოყენებულია www.mediamonitoring.ge-ს სერვისი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქართულ სატელევიზიო, რადიო, ბეჭდურ თუ ინტერნეტ საინფორმაციო საშუალებაზე წვდომა ხდება.

გუნდის წევრები, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ინიშნავენ იმ განცხადებებს, რომლებიც მათი აზრით, ყველაზე საინტერესო და აქტუალურია. აქვე აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრი განცხადებებს არა კონკრეტული პერსონის, არამედ საჯაროდ გაჟღერებული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ირჩევს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოწმდება პოლიტიკოსების შეფასებები და პირადი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფაქტ-მეტრი ამ ეტაპზე არ ამოწმებს პოლიტიკოსების მიერ გაცხადებული დაპირებების განხორციელების შესაძლებლობას.

საკვლევი თემების იდენტიფიცირების შემდეგ ფაქტ-მეტრის გუნდი იკრიბება და გუნდის თითოეული წევრი კოლეგებს აცნობს იმ განცხადებებს, რომლებიც მის მიერ იქნა მონიშნული. ამ განცხადებებიდან გუნდი პროექტის დირექტორთან და კოორდინატორთან ერთად ყველაზე საინტერესო და შემოწმებად გამონათქვამებს არჩევს. შერჩეული განცხადებები გუნდის წევრებზე ნაწილდება, რის შემდეგაც ავტორები უშუალოდ სტატიაზე/კვლევაზე მუშაობას იწყებენ.

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ავტორების მიერ სხვადასხვა ღია წყაროს გადამოწმება, ასევე ოფიციალური პირებისა და კონკრეტული სფეროს ექსპერტების ინტერვიუირება ხორციელდება. გარდა ამისა, ინტენსიურად ხდება სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა. ხშირ შემთხვევაში, ავტორი ფაქტის დაზუსტებისა თუ ამ ფაქტის წარმომავლობის წყაროს დასადგენად, თავად განცხადების გამკეთებელ პოლიტიკოსს და მის წარმომადგენელს უკავშირდება. ამაში გუნდს ფაქტ-მეტრის საპარლამენტო კორესპონდენტიც ეხმარება, რომელიც უშუალოდ ადგილზე ცდილობს პოლიტიკოსთაგან ინფორმაციის მიღებას.

საკვლევ საგანზე ყველა შესაძლო ინფორმაციის მოგროვების შემდეგ, ავტორი ამზადებს სტატიას და ფაქტ-მეტრის ვერდიქტსაც განსაზღვრავს. ამის შემდეგ, თითოეული სტატია დეტალურად განიხილება ფაქტ-მეტრის კოორდინატორისა და დირექტორის მიერ. სტატიაში შესაბამისი კორექტივების შეტანის შემდეგ, ავტორი სტატიას ასრულებს. სტატია/კვლევა დასრულებულად ითვლება, როდესაც ის მაქსიმალურად ობიექტური და სიღრმისეულია და არ ტოვებს კითხვის ნიშნებს. ამის შემდეგ ის ვებგვერდზე განთავსდება.

ფაქტ-მეტრი უშვებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, ჩვენს მიერ შემოწმებული განცხადებების ავტორებს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), თუ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს კვლევასა და დასკვნას, ფაქტ-მეტრი სთავაზობს მათი შენიშვნებისა და არგუმენტების წერილობითი ფორმით გამოგზავნას. ფაქტ-მეტრი აანალიზებს შენიშვნებს და არგუმენტების სისწორის შემთხვევაში, განაახლებს ან შეასწორებს კვლევასა და ვერდიქტს.

იმ შემთხვევაში, თუ სტატიას/კვლევას ემატება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მანამდე კვლევაში არ ჩანდა, თუმცა ის არ ცვლის ფაქტ-მეტრის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას განვაახლებთ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სტატიას დაემატება ინფორმაცია, რომელიც ცვლის ფაქტ-მეტრის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას შევასწორებთ. აღნიშნული აქტივობა ფაქტ-მეტრის ობიექტურობისა და სრული პოლიტიკური ნეიტრალურობის პრინციპის დაცვას ემსახურება.

 

გრადაციები

logo

ფაქტ-მეტრი მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის გუნდი დეპუტატების, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კანდიდატების განცხადებებს იკვლევს. თითოეული სტატია სრულდება ფაქტ-მეტრის შესაბამისი ვერდიქტით.

ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის ვერდიქტის გრადაციებია:

  • სიმართლე – განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია;
  • მეტწილად სიმართლე – განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას;
  • ნახევრად სიმართლე – განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა;
  • მეტწილად მცდარი – განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა;
  • მცდარი – განცხადება არაზუსტია;
  • ტყუილი – განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ჩვენ შესახებ და ფაქტ-მეტრის მეთოდოლოგია.