უკვე რამდენიმე წელია, რაც ბათუმში ადგილობრივებისა და ტურისტების უმეტესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობას უჩივის. სიტუაცია არც წელს შეცვლილა. ადგილობრივებსა და სტუმრებს ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილება ისეთი ტრანსპორტით უწევთ, რომელიც ევროპულ სტანდარტებს კი არა, კომფორტულად მგზავრობის ელემენტარულ პირობებსაც ვერ გვთავაზობს.

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, 2015 წელს განაცხადა:

„უკვე დაზუსტებულად შემიძლია თქმა, რომ 2016 წლის ზაფხულში ქალაქს ეყოლება 20 ერთეული ადაპტირებული ელექტროტრანსპორტი [ავტობუსი]“.

აღნიშნული განცხადებით ჩვენ პირველად გასულ წელსაც დავინტერესდით. ერმაკოვის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) მოლაპარაკება გრძელვადიან სესხზე დასრულებული იყო და 2016 წლის ზაფხულიდან ბათუმში ახალი ავტობუსები იმოძრავებდა. მიმდინარე წლის იანვარში მან დაპირება კიდევ ერთხელ გაიმეორა,

ოღონდ ამჯერად ელექტროავტობუსების ჩამოყვანის საბოლოო ვადად 2017 წლის ზაფხულის დასაწყისი დაასახელა. გიორგი ერმაკოვი ამჯერადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობდა, რომელიც 2015 წელს, მის მიერვე გაკეთებული განცხადების თანახმად, უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, ჩვენ მაშინ ვწერდით, რომ EBRD-მა ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

ჩვენ დავინტერესდით, რატომ არ შესრულდა დაპირება და ზოგადად, გვსურდა ქალაქის მერთან გაგვერკვია, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან რომელი შესრულდა და რომელი - არა. გიორგი ერმაკოვთან ინტერვიუს ჩაწერა ამაოდ ვცადეთ. პრესსამსახურმა გვითხრა, რომ მერს დრო არ ჰქონდა. რადგან კომუნიკაცია არ შედგა, ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

მიღებული პასუხიდან ირკვევა,

რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკება ამ ეტაპზეც არ არის დასრულებული. ათი ერთეული ელექტრო და ოცი ერთეული დიზელზე (ევრო 5) მომუშავე ავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით შეღავათიანი გრანტისა და სესხის თაობაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა. პროექტის მთლიანი ღირებულება 7 000 000 ევროს შეადგენს. აქედან 1 500 000 ევრო არის გრანტი აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდიდან (E5P), ხოლო 5 500 000 ევრო - შეღავათიანი სესხი EBRD-დან. როგორც მერიიდან გვატყობინებენ, ამ ეტაპზე ბანკის მიერ გამოყოფილი კონსულტანტი და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობენ სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე. ამის შემდეგ, შესაბამისი პროცედურების გავლით, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება და, სავარაუდოდ, 2018 წელს ქალაქში დაპირებული ავტობუსები ჩამოაღწევს.

ფაქტ-მეტრი შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსს ბესიკ დათიაშვილს ესაუბრა. მან დაადასტურა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს დოკუმენტაციის მომზადებაზე და პირველ ეტაპზე დაგეგმილია დიზელზე მომუშავე 20 ერთეული ავტობუსის შემოყვანა, მეორე ეტაპზე კი ქალაქის ქუჩებს 10 ერთეული ელექტროავტობუსი შეემატება. ეტაპობრივად მოხდება ქსელიდან ძველი ტრანსპორტის ამოღება. ამ ეტაპზე ემზადებიან ახალი ტიპის ტრანსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ჩვენ ასევე დავინტერესდით, ტარდება თუ არა ტრენინგები ავტობუსების მძღოლებისთვის და თუ ხდება მათი სამედიცინო შემოწმება ხაზზე გასვლამდე. ბესიკ დათიაშვილმა გვითხრა, რომ კომპანია ტრენინგებს ხშირად ატარებს და მძღოლების ჯანმრთელობაც ყოველ დილით მოწმდება კომპანიის ექიმის მიერ. სამომავლოდ, როცა ქალაქს ახალი ტიპის ავტობუსები ეყოლება, მძღოლები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

ამ ეტაპზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანას ხუთი კომპანია ემსახურება. აქედან ერთი მუნიციპალური საწარმოა. ქალაქის ფარგლებში 30 სამარშრუტო ხაზი მიკროავტობუსებისთვის, ხოლო 21 (15 საქალაქო და ექვსი საგარეუბნო) - მუნიციპალური ავტობუსებისთვის ფუნქციონირებს. 142 ერთეული მუნიციპალური ავტობუსიდან, 102 ერთეული სამარშრუტო ხაზზე ყოველდღე მოძრაობს. ამ ავტობუსებიდან მხოლოდ „ფავის“ (FAW) მარკის 21 ერთეული ავტობუსი, რომლებიც მერიამ 2013 წელს შეიძინა,

არის კონდიცირების სისტემით აღჭურვილი და ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის. ქალაქის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში მგზავრთა გადაყვანას ასევე ემსახურება 424 ერთეული მიკროავტობუსი. მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, წელიწადში ერთხელ ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილება ატარებს ავტობუსების დათვალიერებას ტექნიკური კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში აწარმოებს.

  დასკვნა

როგორც კვლევამ აჩვენა, ბათუმის მერმა ქალაქში ელექტროძრავზე მომუშავე, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანა ორჯერ ოფიციალურად დააანონსა. მისი დაპირების თანახმად, ბათუმს უკვე უნდა ჰყავდეს 20 ერთეული ელექტროავტობუსი, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და დაიწყება შესაბამისი პროცედურები. მერიის ინფორმაციით, პროცესი სავარაუდოდ 2018 წელს დასრულდება. ანუ, გიორგი ერმაკოვის მერობის ვადა ისე იწურება, რომ შეპირებულმა ელექტროავტობუსებმა ბათუმამდე ვერ ჩამოაღწია.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ერმაკოვის დაპირება არ შესრულდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი