რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა გვაქვს
მცდარი
2103 ნახვა
A+
A
A-

22 სექტემბერს, “რუსთავი 2″-ის ეთერში, კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის აზერბაიჯანის და თურქეთის ეკონომიკურ ზრდაზე უკეთესია, რომ აღარაფერი ვთქვათ, რუსეთზე, უკრაინასა და სომხეთზე. ძიძიგურის თქმით, ასეთ რეგიონალურ პირობებში 2%-იანი ეკონომიკური ზრდა ხელწამოსაკრავი არ არის.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

რეგიონში ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას ზვიად ძიძიგურმა საქართველოს მეზობელი ქვეყნები ჩამოთვალა. შესაბამისად, პირველ რიგში, გადავამოწმეთ, თუ როგორი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო საქართველოში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 2015 წლის გასულ თვეებში. დღეისთვის, უკვე შესაძლებელია იანვარ-აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების ნახვა (ცხრილი 1). იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა და მხოლოდ რუსეთს და უკრაინას გაუსწრო.

აზერბაიჯანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე და შესაბამისად, ნავთობზე მსოფლიო ფასის დაცემა მის ეკონომიკას აზარალებს. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ეკონომიკა იანვარ-აგვისტოში 7.3%-ით გაიზარდა. სომხეთი საქართველოზე მეტად არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე, თუმცა წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს სომხეთის ეკონომიკური ზრდის ტემპიც აჭარბებს. მიუხედავად თურქეთის სახელმწიფოში არსებული სერიოზული გამოწვევებისა (პოლიტიკური კრიზისი, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლა, 2 მილიონზე მეტი ლტოლვილი, ტერაქტები), მიმდინარე წელს თურქეთის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად იზრდება.

 

ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდის ტემპი 2015 წლის იანვარ-აგვისტოში

ქვეყანა 2015 წლის იანვარ-აგვისტო
აზერბაიჯანი 4.2%
სომხეთი 3.9%
თურქეთი* (2 კვარტალი) 3.8%
საქართველო 2.8%
რუსეთი -3.5%
უკრაინა (2 კვარტალი) -16%

 

7 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მისი წევრი 188 ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წლიური პროგნოზები განაახლა. მას საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შეუცვლია და 2%-ის დონეზე დატოვა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 127-ე ადგილს იკავებს. 2016 წლისთვის კი, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3%-ია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 4%-ით, თურქეთის ეკონომიკა 3%-ით, ხოლო სომხეთის ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება. აქაც, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს. 2015 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდება. თუ სურათს რეგიონულ დონეზე განვიხილავთ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფს უნდა შევადაროთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი არ არის (ისევე როგორც უკრაინა), საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს და უკრაინას დსთ-ის რეგიონის ქვეყნებთან აჯგუფებს. აღნიშნულ რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო ყირგიზეთთან ერთად მე-6 – მე-7 ადგილს იკავებს. ყველაზე მეტად (8.5%-ით) კი თურქმენეთის ეკონომიკა გაიზრდება. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს უკრაინას, 2015 წელს მისი ეკონომიკის 9%-ით შემცირებაა ნავარაუდევი.

 

ცხრილი 2: ეკონომიკური ზრდის ტემპი დსთ-ის რეგიონში, %

ქვეყანა 2015 2016
1 თურქმენეთი 8.5 8.9
2 უზბეკეთი 6.8 7.0
3 აზერბაიჯანი 4.0 2.5
4 ტაჯიკეთი 3.0 3.4
5 სომხეთი 2.5 2.2
6 ყირგიზეთი 2.0 3.6
7 საქართველო 2.0 3.0
8 ყაზახეთი 1.5 2.4
9 მოლდოვა -1.0 1.5
10 ბელარუსი -3.6 -2.2
11 რუსეთი -3.8 -0.6
12 უკრაინა -9.0 2.0

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების რეგიონში ხვდება, ანუ დსთ-ის რეგიონის ქვეყნებს აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყანა ემატება. თუ აღმოსავლეთ ევროპის განვითრებადი ქვეყნების რეგიონში სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს ვნახავთ, შემდეგი სურათია (იხ. ცხრილი 3): 13 ქვეყანას შორის საქართველო მე-10 ადგილზეა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ 12 ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად განვითარებულია და შესაბამისად, განვითარების მაღალი ტემპის მიღწევის მეტი პოტენციალი აქვს.

 

ცხრილი 3: ეკონომიკური ზრდის ტემპი აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებში

ქვეყანა 2015 2016
1 პოლონეთი 3.5 3.5
2 რუმინეთი 3.4 3.9
3 მონტენერგო 3.2 4.9
4 კოსოვო 3.2 3.8
5 მაკედონია 3.2 3.2
6 თურქეთი 3.0 2.9
7 უნგრეთი 3.0 2.5
8 ალბანეთი 2.7 3.4
9 ბოსნია და ჰერცოგოვინა 2.1 3.0
10 საქართველო 2.0 3.0
11 ბულგარეთი 1.7 1.9
12 ხორვატია 0.8 1.0
13 სერბეთი 0.5 1.5

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად 2013 წლიდან შემცირდა. 2012 წელს ეკონომიკა 6.4%-ით, 2013 წელს კი 3.3%-ით გაიზარდა. 2014 წელი წინა წელთან შედარებით უკეთესი იყო და ზრდამ 4.8%-ს მიაღწია, თუმცა, 2015 წლიდან ზრდის ტემპი ისევ შემცირდა (იხ. გრაფიკი 1).

 

image001

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

დასკვნა

მიმდინარე წლის გასული თვეების მონაცემებით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით “საუკეთესო” ეკონომიკური ზრდა არ აქვს და მეტიც, ეს ზრდა თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მაჩვენებლებზე დაბალია. საქართველოს მონაცემი მხოლოდ რუსეთის და უკრაინის ეკონომიკურ ზრდას აღემატება. ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთის კრიზისს სომხეთზე უფრო მეტი უარყოფითი გავლენა აქვს, აზერბაიჯანი კი სერიოზულად ზარალდება ნავთობზე ფასის დაცემით. ასევე, არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა თურქეთიც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2%-ით, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკა 4%-ით, თურქეთის 3%-ით და სომხეთის 2.5%-ით გაიზრდება. თუ სურათს რეგიონების მიხედვით ვნახავთ, დსთ-ის რეგიონში საქართველოზე მაღალი ზრდის ტემპი 5 ქვეყანას აქვს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნების რეგიონში საქართველოს 12-დან 9 ქვეყანა უსწრებს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზვიად ძიძიგურის განცხადება არის მცდარი.

გააზიარეთ:

იხილეთ ჩვენი სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე: