30

სექტემბრის პარლამენტის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო სამ წელიწადში სახელმწიფო ვალი 3 მილიარდით ლარით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდა ვალი, რომელიც მაღალპროცენტიანია და ამასთან, ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს.

ფაქტ-მეტრმა დეპუტატის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2015

წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.7 მილიარდი ლარია. 2012 წლის 30 სექტემბერს სახელმწიფო ვალი 9.1 მილიარდი ლარი იყო. გამოდის, რომ ბოლო სამ წელიწადში სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარით გაიზარდა.

სახელმწიფო ვალი საშინაო და საგარეო ვალისგან შედგება. დღეისთვის არსებული სახელმწიფო ვალიდან საშინაო ვალზე 23% (2.9 მილიარდი ლარი), ხოლო საგარეო ვალზე 77% (9.8

მილიარდი ლარი) მოდის.

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო

ბოლო წლებში ვალის მნიშვნელოვნად ზრდა ლარის გაუფასურებამ და შიდა ვალის ზრდამ გამოიწვია. რადგან საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშია, როდესაც ლარის კურსი ეცემა, ლარში გამოხატული საგარეო ვალი იზრდება. თუ ბოლო სამ წელიწადში აშშ დოლარში გამოხატული საგარეო ვალის ცვლილებას განვიხილავთ, ვნახავთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს საგარეო ვალი 4.3 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, 4.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის შემცირება ეროვნული ბანკის მიერ საკუთარი ვალის მნიშვნელოვნად დაფარვამ გამოიწვია. 2012 წლის სექტემბერში ეროვნულ ბანკს 429 მლნ დოლარის საგარეო ვალი ჰქონდა, ახლა კი 28 მლნ დოლარის ვალი აქვს. მთავრობის საგარეო ვალი კი ბოლო სამ წელიწადში 240 მლნ დოლარით გაიზარდა. შედეგად, ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 2.6 მილიარდი ლარით გაიზარდა (2012 წლის სექტემბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 1.66 იყო, ამჟამად კი 2.40-მდეა).

თუ საგარეო ვალის ზრდა ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირდება, საშინაო ვალის შემთხვევაში (ის ლარშია აღებული) მატებას ახალი ვალის აღება იწვევს. ამჟამად არსებულ 2.9 მილიარდი ლარის საშინაო ვალში 2.2 მილიარდი ლარი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვით აღებულ ვალზე

მოდის, ხოლო 700 მლნ ლარამდე ვალი ე.წ. ისტორიული ვალია, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაგროვილ დავალიანებას მოიცავს. საქართველოს მთავრობამ საშინაო ვალის აღება 2009 წლიდან განაახლა, მაშინ როდესაც ეკონომიკური კრიზისის გამო ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა. მომდევნო წლებში საშინაო ვალის აღება თანდანთან მცირდებოდა. 2013 წლიდან კი ახალმა მთავრობამ საშინაო ვალის აღების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა (ცხრილი 1) და ჯამში 1 მილიარდი ლარის ახალი ვალი აიღო.

ცხრილი: 

საშინაო ვალის აღება

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
საშინაო ვალის ზრდა 260 172 91 58 150 573 500
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო

საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთი საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო და არის, ვინაიდან საქართველოს მიერ მოზიდულ საგარეო დაფინანსებას ძირითადად დახმარების დანიშნულება აქვს. საგარეო ვალის საშუალო წლიური განაკვეთი 2%-ია, ხოლო საშინაო ვალზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში სესხის ვადიანობის მიხედვით, 4%-დან 14%-მდე მერყეობდა (გრაფიკი 2). ლარის გაუფასურების და ინფლაციის ზრდის ფონზე 2015 წელს საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა.

image002

ხელისუფლება საშინაო ვალის აღების ზრდას საგარეო დაფინანსებაზე თანდათანობით დამოკიდებულების შემცირებით ხსნის. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეფიციტური ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ეს მიდგომა ეკონომიკურ თეორიაში კეინსიანიზმის სახელით არის ცნობილი, რაც სახელმწიფო ხარჯების ზრდით ქვეყნის შიდა მოთხოვნის ხელოვნურ ზრდაში და აქედან გამომდინარე წარმოების წახალისებაში გამოიხატება. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ასეთი მაკროეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდშია ეფექტიანი, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდას ინვესტიციების ზრდა, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება იწვევს. ამასთან, თუ საშინაო ვალის აღება ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდას უწყობს ხელს (მითუმეტეს, თუ ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც ქვეყანას დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს), შედეგად პროდუქციის ფასებზე და ვალუტის კურსზე ვალის უარყოფით გავლენას მივიღებთ. ასევე, საშინაო ვალის აღება ზრდის მოთხოვნას საკრედიტო რესურსზე, რაც სხვა თანაბარ პირობებში საპროცენტო განაკვეთებს ზრდის და კერძო სექტორს სესხის აღების საშუალებას უზღუდავს. სწორედ ამ ეფექტს ჰქონდა ადგილი ბოლო თვეებში, როდესაც საშინაო ვალზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 476 მლნ ლარით გაიზარდა, აქედან 305 მლნ ლარი (64%) სახელმწიფომ ისესხა.

თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობამ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, გაიზიარა ის პოზიცია, რომ საშინაო ვალის აღებას ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. შედეგად, მიმდინარე წელს ასაღები ვალის მოცულობა მან 100 მლნ ლარით შეამცირა (600-ის ნაცვლად 500-ს ისესხებს), ხოლო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს 200 მლნ საშინაო ვალის აღებას გეგმავს.

როდესაც სახელმწიფო ვალის სიდიდეზე და მის ტვირთზე ვსაუბრობთ, მიზანშეწონილია, მისი ფარდობითი მონაცემები და არა ვალის ნომინალური მოცულობა ვნახოთ. ვალის ტვირთის გამომხატველი აჩვენებს, თუ რა მოცულობისაა ვალი ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ. რაც უფრო დიდი ეკონომიკა აქვს ქვეყანას, მით მეტი ვალის მომსახურება შეუძლია. საქართველოში კანონით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს ვალი 60%-იან ნიშნულამდე არ მისულა, თუმცა შიდა ვალის ზრდის და ლარის გაუფასურების გამო მას სწრაფად მზარდი ტენდენცია აქვს (გრაფიკი 3). მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 42%-მდე იყო, ხოლო 2015 წლის ბოლოსთვის (ლარი თუ მეტად აღარ გაუფასურდა) 43%-მდე გაიზრდება.

image003წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქსტატი

დასკვნა

ბოლო სამ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. აქედან 1 მილიარდი საშინაო ვალის, ხოლო 2.6 მილიარდი ლარი საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა ლარის გაუფასურებამ განაპირობა. დოლარში გამოხატული ვალი ფაქტობრივად იგივე რჩება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ვალის ტვირთის მაჩვენებელი. ბოლო სამ წელიწადში ვალი მშპ-ის მიმართ 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42%-ს მიაღწია.

2015

წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საშინაო ვალის საპროცენტო განაკვეთები. საგარეო ვალთან შედარებით საშინაო ვალის განაკვეთი დაახლოებით 7-ჯერ მეტია. ამასთან, საშინაო ვალის აღებას ფასების დონეზე, ლარის კურსზე და ლარში გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე უარყოფითი გავლენა აქვს. ფაქტობრივად, ეს მთავრობამაც აღიარა და მიმდინარე წელს საშინაო ვალის აღება 100 მლნ ლარით შეამცირა, ხოლო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს კიდევ 300 მლნ-ით შეამცირებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ მელიქიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი