გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სამწუხაროდ, კორუფცია სისტემური გახდა. ამის კარგი მაგალითია ზესტაფონი-ქუთაისის გზა [ავტობანის მშენებლობა]... დახარჯული ფული, ორი კონტრაქტორი, თუ მესამე კონტრაქტორი ჰყავთ ახლა და გზა დღემდე არ არის დამთავრებული. აი ეს არის ნათელი მაგალითი. ვინმე არის პასუხისგებაში მიცემული? ვინმე არის დასჯილი? - არა!  ფული დაიხარჯა? - დიახ, დაიხარჯა!“

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით,

E 60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე სამუშაოებს სამშენებლო კომპანია JV Todini Costruzioni Generali S.P.A. Takenaka Civil Engineering &construction Co. Ltd ახორციელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული კონტრაქტორი ამ მონაკვეთის სამშენებლო  სამუშაოებს დაწყებიდანვე ახორციელებს და მისი სხვა კომპანიით ჩანაცვლება არ მომხდარა. სამუშაოების ღირებულება, ხელშეკრულების მიხედვით, 70 მლნ ლარს და 22 მლნ ევროს შეადგენს. აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობა 2013 წლის 24 ივნისს დაიწყო და 2017 წლის 31 მარტს უნდა დასრულდეს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა, მათ შორის ზესტაფონი-ქუთაისის გზის მშენებლობის დასრულების ვადაც.

ცხრილი 1:

 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთები, რომელთა დასრულების თავდაპირველი ვადა შეიცვალა

ობიექტის დასახელება თავდაპ. სახელშ. ვადა გაგრძელებული ვადა შენიშვნა
სვენეთი-რუისი 01.08.2009-01.08.2011 წ. 15.05.2013 წ. დასრულებული
რუისი-აგარა 17.12.2012-17.12.2014 წ. 17.12.2015 წ. დასრულებული
აგარა-ზემო ოსიაური 18.09.2014-18.12.2016 წ. მიმდინარე
ზესტაფონი-ქუთაისი 24.07.2013-24.07.2015 წ. 31.03.2017 წ. მიმდინარე
ქუთაისის გზა 26.12.2011-26.12.2013 წ. 28.02.2015 წ. დასრულებული
სამტრედიის გზა 17.07.2012-17.07.2014 წ. 15.12.2015 წ. დასრულებული
ქობულეთის გზა 1 01.09.2011-01.08.2013 წ. 01.06.2014 წ. დასრულებული
ქობულეთის გზა 2 24.05.2013-18.02.2016 წ. 31.07.2017 წ. მიმდინარე

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის გახანგრძლივება ძირითადად განთავსების ზოლში მოხვედრილი კერძო ნაკვეთების გამოსყიდვის გაჭიანურებამ და გამოვლენილი გაუთვალისწინებელი და დამატებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობამ განაპირობა.

როგორც ცხრილიდან ჩანს, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონის შემოვლითი გზის (ლოტი 3) დასრულების ვადამ თითქმის ორი წლით გადაიწია. ეს ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ვადის გახანგრძლივების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი ცვლილების მიხედვით, ზესტაფონის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა (4 ზოლიანი, სახიდე გადასასვლელების რაოდენობა 19, საფეხმავლო ხიდი 5) მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის ვერ მოხერხდა და ამ მონაკვეთის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადის ცვლილებაც იგივე მიზეზებით არის განპირობებული, რითაც სხვა საგზაო მონაკვეთების შემთვევაში. უწყების ინფორმაციით, ამ გზის 8 კილომეტრზე, ორივე მიმართულებით, უკვე მოწყობილია ბეტონის საფარი (ჯამში 16 კილომეტრზე), გზის დანარჩენ ნაწილზე კი მიწის ვაკისის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობის, ასევე საშუალო და მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები განხორციელდა.

დასკვნა

გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზესტაფონი-ქუთაისის ჩქაროსნული გზის მშენებლობა კორუფციული სისტემის ნათელი მაგალითია, რადგან ორი თუ სამი კონტრაქტორი გამოიცვალა და მშენებლობა ჭიანურდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთის სამუშაოებს მათი დაწყებიდან ერთადერთი კომპანია ახორციელებს. ამ მხრივ ვაშაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, ფაქტია, რომ ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა, სხვადასხვა მიზეზით, ორჯერ შეიცვალა და მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ამდენად, გიორგი ვაშაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი