წინა მთავრობის წევრები, კალმახელიძე და გილაური, 200 000-იან პრემიებს იღებდნენ
ნახევრად სიმართლე
2621 ნახვა
A+
A
A-

რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: “200 000-იან პრემიებს იღებდნენ წინა მთავრობის წარმომადგენლები – კალმახელიძე და გილაური”.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრად 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა და აღნიშნულ პოსტს 2012 წლის 19 სექტემბრამდე იკავებდა. ფაქტ-მეტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან 2009 წლიდან დღემდე გაცემული შრომის ანაზღაურების მონაცემები გამოითხოვა.

2009 წელს მინისტრ კალმახელიძის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგო 1 385 ლარი იყო. 2010 წლის მონაცემებით, ხათუნა კალმახელიძის შრომის ანაზღაურებამ 99 500 ლარი შეადგინა, საიდანაც 42 480 ლარი თანამდებობრივი სარგოს, ხოლო 57 020 ლარი პრემიის სახით გაიცა. რაც შეეხება 2011 წელს, მინისტრის მიერ აღებული პრემია 54 875 ლარი იყო. 2012 წლის ცხრა თვეში კალმახელიძის მიერ მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ 30 444 ლარი, ხოლო პრემიამ 40 965 ლარი შეადგინა. როგორც მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, 2009-2012 წლებში სასჯელაღსრულების მინისტრზე გაცემული მაქსიმალური წლიური პრემია 57 000 ლარს არ აღემატება.

2012 წლიდან სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი სოზარ სუბარმა დაიკავა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა ოდენობის პრემია და დანამატი მიიღო მან ამ თანამდებობაზე ყოფნისას. 2013 წელს სოზარ სუბარმა ხელფასის სახით 42 480 ლარი, ხოლო პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 47 685 ლარი აიღო. რაც შეეხება 2014 წელს, სასჯელაღსრულების მინისტრზე გაცემული პრემიისა და დანამატის რაოდენობამ ერთად 32 402 ლარი შეადგინა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა ოდენობის პრემიები და დანამატები გაიცემოდა 2013 წელს  სხვა სამინისტროებში.

 

ხრილი 1: 2013 წელს მინისტრების მიერ მიღებული პრემიები და დანამატები

სამინისტრო პრემია დანამატი ჯამი
ფინანსთა სამინისტრო 4 335 43 350 47 685
თავდაცვის სამინისტრო 4 335 78 741 83 076
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 7 285 43 350 50 635
იუსტიციის სამინისტრო 4 335 43 350 47 685
საგარეო საქმეთა სამინისტრო 400 43 350 43 750
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 4 335 41 182 45 517
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო 0 47 685 47 685
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 6 695 43 350 50 045
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 4 585 43 350 47 685
დევნილთა სამინისტრო 4 335 43 350 47 685
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო 4 335 43 350 47 685
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 4 335 43 350 47 685

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ყოველწლიურად მინისტრებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების საშუალო ოდენობა დაახლოებით 50 568 ლარს შეადგენდა, რაც ხათუნა კალმახელიძის მიერ 2010 და 2012 წლებში აღებული პრემიების საშუალო მოცულობის მსგავსია.

რაც შეეხება ნიკა გილაურს, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით იკავებდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრების, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიების და დანამატების შესახებ ჩვენ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიიდან გამოვითხოვეთ. წერილის გაგზავნიდან თვეზე მეტი გავიდა და ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხი დღემდე არ მიგვიღია. თუმცა, IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის იანვარ-ივნისის ჩათვლით (6 თვე), ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გილაურმა ჯამში პრემიის სახით 114 750 ლარი აიღო. იმის გათვალისწინებთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში აღებულმა პრემიამ 114 750 ლარი შეადგინა, დასაშვებია, რომ ზოგადად ერთი წლის მანძილზე აღებული პრემიის რაოდენობა 200 000 ლარი ყოფილიყო.

 

დასკვნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს 200 ათასი ლარის ოდენობის პრემია არ აუღია. მის მიერ აღებული პრემიების საშუალო მოცულობა 2013 წელს მინისტრებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების საშუალო ოდენობის მსგავსია.

რაც შეეხება ნიკა გილაურის მიერ აღებული პრემიის ოდენობას, ჩვენ მხოლოდ 2012 წლის 6 თვის მონაცემები გვაქვს, რის მიხედვითაც, 2012 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, მან პრემიის სახით 114 750 ლარი აიღო. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, სახელმწიფო კანცელარიიდან შესაბამისი ინფორმაცია მიგვეღო, დღემდე უცნობი რჩება, თუ რა მოცულობის პრემიას ან დანამატს იღებდნენ სხვა ყოფილი პრემიერ-მინისტრები.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

გააზიარეთ: