2017

წლის 28 მარტიდან, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ე.წ. კოპიტნარის აეროპორტი საბჭოთა პერიოდში აშენდა და ის ნგრევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში აეროპორტის განვითარების გეგმა არ შემუშავდა და მისი რეაბილიტაცია და, ფაქტობრივად, თავიდან მშენებლობა არ დაიწყო. 2012 წლის 28 აგვისტოს ახლადაშენებული აეროპორტის ასაფრენი ბილიკი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გახსნა. 2012 წლის 27 სექტემბერს პირველი ოფიციალური ფრენა კიევის მიმართულებით შედგა. მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმზიდველობა დაბალფასიანი ბილეთები უნდა ყოფილიყო. არსებობდა აეროპორტის რეგიონის საჰაერო ტრანსპორტის ჰაბად ქცევის იდეაც.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი მთავრობა აეროპორტის შესაძლებლობებს თავიდან სკეპტიკურად უყურებდა. ხშირად ისმოდა დაბალბიუჯეტიანი აეროპორტების ცენტრად ქცევის კონცეფციის კრიტიკა. აეროპორტის გასავითარებლად წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები დროებით შეჩერდა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა, იმით ახსნა,

რომ აეროპორტი 2012 წელს ძალიან ნაჩქარევად გაიხსნა და მთელი 2013 წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებას მის გასამართად „მუხლჩაუხრელი შრომა“ მოუწია.

დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მფლობელი/ექსპლუატატორი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა“.  აეროპორტიდან ყველაზე მეტი მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ ახორციელებს (ქუთაისის აეროპორტთან მომუშავე კომპანიები და მიმართულებები). ბილეთების ფასი საგრძნობლად დაბალია

და 25 ევროდან იწყება. მაგალითად, 25 ევრო ღირს  ბილეთი ლარნაკას, სალონიკის, მემინგემის, მიუნხენის, სოფიას მიმართულებით.

მიმართულებების დამატებასთან ერთად, უმჯობესდება აეროპორტის სერვისებიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით ერთ წელიწადში მზად იქნება აეროპორტამდე მიმავალი რკინიგზაც, რომელიც მგზავრებს პირდაპირ აეროპორტში მიიყვანს. სამგზავრო რეისები დაემატა აეროპორტიდან მოძრავ საავტომობილო ტრანსპორტსაც. 2012 წლიდან მოყოლებული, აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდებოდა. ეს ტენდენცია მხოლოდ 2015 წელს ჩავარდა. მაშინ ეს ფაქტი ოპოზიციამ ქართულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს დაუკავშირა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ქვეყნებიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლა აეკრძალათ. ასევე, თითქმის 70 ქვეყნის მოქალაქეებს აღარ ჰქონდათ საზღვარზე ვიზის აღების უფლებაც. ამ პოლიტიკამ ასახვა ჰპოვა ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადზეც და მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით 2015  წლის განმალობაში 14 %-ით შემცირდა.

საერთო ჯამში, სიტუაცია არც 2016 წელს გაუმჯობესებულა, როცა ქუთაისის აეროპორტი თითქმის იგივე რაოდენობის საერთაშორისო ვიზიტორს მოემსახურა.

ცხრილი 1: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ნაკადის წლიური სტატისტიკა (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები)
წელი რაოდენობა
2015 183 804
2016 182 026

იმოქმედა თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადზე?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ მოვიშველიებთ, ქუთაისის აეროპორტში, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ევროპის მიმართულებით გადაადგილებული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი აპრილში, რომელიც ასე გამოიყურება:

ცხრილი 2:

მგზავრთა ნაკადი ევროპის მიმართულებით/ევროპიდან და პროცენტული ცვლილება

 წელი 2016 წინა თვესთან შედარებით 2017 წინა თვესთან შედარებით
მარტი 8 975 134.9% 11 578 114.05%
აპრილი 12 560 139.9% 19 943 172.24%

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის მიერ გამოქვეყნებული ამ მონაცემების გარდა, 1 მაისს დავით აღმაშენებლის აეროპორტის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც მიმდინარე წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა საერთო ნაკადმა 36 207 შეადგინა (წინა წელს ეს მაჩვენებელი 16 881 იყო). თუ ამ მონაცემს ტურიზმის ეროვუნლი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას შევადარებთ, გამოვა, რომ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნახევარზე მეტი ევროპასთან დაკავშირებული ვიზიტორია. ასევე, აპრილში ევროპის მიმართულებით უფრო მეტ ადამიანს მოემსახურნენ, ვიდრე ერთად აღებულ ყველა სხვა ქვეყნისა და შიდა ფრენებით გადაადგილებულ მგზავრებს.

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი