მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით განვითარებული მოვლენები იმით დასრულდა, რომ პარტიის ერთმა ნაწილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვა. ეს პროცესი მეტ-ნაკლებად აჭარის რეგიონულ ორგანიზაციასაც შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ სწორედ 20 იანვრის ყრილობის წინ გადაწყვიტა პარტიის დატოვება და დელეგატების ასარჩევად შეკრებილ საზოგადოებას ოფისის კარი არ გაუღო,

ხულოში მაინც შეძლეს კონფერენციის ჩატარება და ორმოცდათვრამეტი დელეგატი გაგზავნეს ყრილობაზე, რომელსაც აჭარიდან შვიდასი ადამიანი დაესწრო.

20

იანვრის ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წესდება შეიცვალა. ცვლილებები პარტიის სტრუქტურულ მოწყობასა და დაფინანსების მეთოდებსაც შეეხო - სამდივნოები გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალურ და რეგიონულ ორგანიზაციებში პარტიული ჩინოვნიკების რიცხვი უნდა შემცირდეს და წინა წლებში მათი ხელფასებისთვის განსაზღვრული თანხის ნაწილი პროექტების დაფინანსებაზე წარიმართოს. გადაწყდა თემატური ჯგუფების შექმნაც, რაც პარტიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გაკეთდა.

როგორ აისახება აღნიშნული სიახლე „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის მომავალზე, რა მოლოდინი აქვთ მის ლიდერებს, ვინ დარჩება და ვინ წავა პარტიიდან და მოუტანს თუ არა ეს ცვლილებები მათ მომავალ არჩევნებში გამარჯვებას, ამ კითხვებზე პასუხის მიღება ფაქტ-მეტრმა ენმ-ის წევრის, გელა დეკანაძისა და პარტიის რეგიონული ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებისგან სცადა.

როგორც აღმოჩნდა, ცვლილებებით რეგიონულ ორგანიზაციაში კმაყოფილნი არიან. მათი აზრით, აქამდე არსებულმა სამდივნოს არსებობამ პარტიული ჩინოვნიკები კაბინეტურ მუშაობას მიაჩვია. ამით მათ ელექტორატთან კავშირი დაკარგეს, რაც არჩევნების შედეგზეც აისახა. გელა დეკანაძე აცხადებს, რომ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი პარტიიდან იმ ადამიანების წასვლისა, რომლებსაც კაბინეტურ სამუშაოზე უარის თქმა არ სურდათ. თუმცა, მისივე თქმით, ამით პარტია ამომრჩეველს არ დაკარგავს, პირიქით, ელექტორატის ნაწილი სწორედ ენმ-დან უკვე წასული პოლიტიკოსების გამო განუდგა პარტიას და ახლა ამ ადამიანებს დაიბრუნებენ.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაპირისპირება მხოლოდ ხულოს რაიონულ ორგანიზაციაში მოხდა და მისმა თავმჯდომარემ, კახა დეკანაძემ, რომელიც ხულოს საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც იყო, პარტია დატოვა. ენმ-დან გავიდა იმავე ფრაქციის სამი წევრი: ბადრი გორგაძე, მურად გორგაძე და ნუგზარ სოლომონიძე. ხულოს საკრებულოს ფრაქციის წევრებიდან პარტიაში მხოლოდ ირაკლი ჯორბენაძე დარჩა. კიდევ ერთი, უკვე ყოფილი „ნაციონალი“ რაულ თავართქილაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზად პარტიაში ბელადების ინსტიტუტის არსებობას მიიჩნევს. ის მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აცხადებს: „ჩვენ ერთი ბელადი გვყავდა ასლან აბაშიძე, მერე შეემატა მისი წიაღიდან გამოსული ლევან ვარშალომიძე. ეს ბელადომანია და ბელადები უნდა დავასრულოთ“. მისივე თქმით, ენმ-დან წევრების გასვლის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შესაძლოა ამას კიდევ თვე-ნახევარი დასჭირდეს.

დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, დატოვებს თუ არა პეტრე ზამბახიძე პარტიის რიგებს. ოთხი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი თავის გადაწყვეტილებას საიდუმლოდ ინახავს. როგორც პარტიის ოფისში ამბობენ, ზამბახიძე მათ არ ეკონტაქტება. დაინტერესებული საზოგადოების ნაწილი ელოდება, რომ გამოცდილი პოლიტიკოსი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პარტიას დატოვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ზამბახიძე გაყოფილი პარტიის ორივე მხარის ლიდერებთან კონსულტაციებს გადის და მისი შემდგომი ნაბიჯი იმაზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს ხედავს პოლიტიკური კარიერის უკეთეს პერსპექტივას. ფაქტ-მეტრმა ეს ინფორმაცია უშუალოდ ზამბახიძესთან გადაამოწმა. მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა... საერთოდ, არასერიოზულია უფრო მისაღებ შეთავაზებაზე საუბარი. მე განსხვავებული აზრი მაქვს და მქონდა ბევრ საკითხზე, მათ შორის, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით და თუ ეს ჩემი განსხვავებული აზრი მიუღებელი იქნება დანარჩენებისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, შესაძლებელია თანამშრომლობის გაგრძელება, თუ არა. სხვა რაიმე გადაწყვეტილება არ მიმიღია... ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ თუ იქნება ასეთი გადაწყვეტილება, პირველ რიგში მედიას გავაცნობდი“.

პეტრე ზამბახიძემ გვითხრა, რომ ის პარლამენტში შესვლის მომხრე იყო და ეწინააღმდეგებოდა იმ კამპანიას, რომელიც ამ საკითხის გამო დაიწყო. რჩება ის პარტიაში, თუ წასვლას აპირებს, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი რესპონდენტმა მაინც არ გაგვცა, თუმცა განაცხადა, რომ ის ბოლომდე იმ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება, რომლებითაც პარტია ხელისუფლებაში მოვიდა, იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა ნაწილმაც ენმ-ის რიგები დატოვა. მას არ მოსწონს ის პროცესები, რომლებსაც პარტიის გაყოფა მოჰყვა.

პეტრე ზამბახიძის საკითხის მსგავსად, რეგიონში აქტიურად განიხილავდნენ, დარჩებოდა თუ არა ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრად. ის არც ერთ სხდომას არ დასწრებია. ლევან ვარშალომიძემ განცხადებას უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ ხელი ოფიციალურად 27 იანვრის ბრიფინგზე მოაწერა. იმავე ბრიფინგზე მან უარი თქვა დიპლომატიურ პასპორტზე, რომელიც წინა დღით მიიღო. ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ ის რჩება თავისი ხალხის, თავისი ამომრჩევლის გვერდით და პარტიის ოფისში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მისი ნახვა. ფაქტ-მეტრის კითხვას, არსებობს თუ არა მასა და პეტრე ზამბახიძეს შორის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ზამბახიძის პარტიიდან წასვლის მიზეზი შეიძლება გახდეს, ლევან ვარშალომიძემ კითხვითვე უპასუხა: „აბა მე უნდა წავიდე პარტიიდან?“ მანვე დასძინა, რომ პარტიის რიგების დატოვება-არდატოვების საკითხს ყველა ინდივიდუალურად წყვეტს.

რაც შეეხება კითხვას, კიდევ რამდენი წევრი აპირებს აჭარაში პარტიის რიგების დატოვებას? - რეგიონულ ოფისში ამბობენ, რომ მსგავსი მოლოდინი არ აქვთ და ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

უახლოეს მომავალში ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება კონფერენციები, რომლებზეც პარტიის მხარდამჭერები ახალ თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს ოთხ წევრს აირჩევენ. აჭარის ავტონომიას პოლიტსაბჭოში სულ ექვსი წევრი ეყოლება, აქედან ორი - ლევან ვარშალომიძე და ომარ მეგრელიძე - უკვე არჩეულია. ლევან ვარშალომიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედაც აირჩიეს. მისი თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ აჭარის რეგიონულ ორგანიზაციასაც ლევან ვარშალომიძემ უნდა უხელმძღვანელოს, რადგან „მასზე ძლიერი ლიდერს ვერ ხედავენ“, თუმცა ეს საბოლოოდ კონფერენციაზე გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი