2013

წლის 13 იანვარს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, დასაქმებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება. შესაბამისად, პროგნოზები უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლოა". (წყარო: ipn.ge)

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სამუშაო ადგილების შესახებ საუბრისას ნოდარ ხადური, სავარაუდოდ ბიზნეს-სექტორში

დასაქმებულთა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა. სანამ უშუალოდ 2013 წლის მონაცემებზე გადავიდოდეთ, სწორი ინტერპრეტაციისთვის, 2012 წლის ანალოგიური სტატისტიკაც უნდა მოვიშველიოთ, რათა მონაცემების შედარება „საქსტატის“ შესაბამისი მეთოდის მიხედვით მოვახდინოთ. იმის გამო, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სეზონური ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია, ამა თუ იმ კვარტლის წინა კვარტალთან შედარება არაზუსტ ინტერპრეტაციას იძლევა. შესაბამისად, მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა წლის იგივე კვარტალთან უნდა მოხდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობის შედარებისას, სეზონურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სხვადასხვა კვარტლებში განსხვავებული მონაცემები ფიქსირდება. დასაქმების მხრივ ყველაზე პასიური პირველი კვარტალია. უმეტეს შემთხვევაში, ყოველი მომდევნო კვარტლის მონაცემი წინას აღემატება, შესაბამისად, დასაქმებულთა ყველაზე მაღალი რიცხვი მეოთხე კვარტალში ფიქსირდება.

2012

წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს-სექტორში 470,000 დასაქმებული იყო, მეორე კვარტალში - 503,100, მესამეში კი - 516,600. შესაბამისად, 2012 წლის პირველ სამ კვარტალში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 496,566-ს უდრიდა.

xad 2013

წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს-სექტორში 485,700 დასაქმებული აღირიცხებოდა, მეორე კვარტალში - 503,500, მესამეში კი - 507,400. შესაბამისად, 2013 წლის პირველ სამ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 498,866-ს შეადგენდა. თუ ამ რიცხვს 2012 წლის ანალოგიურ მონაცემთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2013 წლის პირველ სამ კვარტალში, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2300-ით მეტია. როგორც ვხედავთ, ეს რიცხვი ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვზე ბევრად ნაკლებია.

xad2

ჩვენ ასევე გავაკეთეთ დაშვება, რომ ნოდარ ხადურმა შედარების სწორი მეთოდი არ გამოიყენა და 2013 წლის მესამე კვარტალი, იმავე წლის პირველ კვარტალს შეადარა. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მესამე კვარტალში (პირველთან შედარებით) 21,700-ით გაიზარდა. მსგავსი შედარების შედეგად მიღებული რიცხვი (21,700) უფრო ახლოსაა ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებულ მონაცემთან (30,000). თუმცა, როგორც უკვე განვმარტეთ, ასეთი შედარება არასწორია.

აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ მონაცემთა შედარების ამ მეთოდს (კონკრეტული კვარტლის წინა კვარტალთან შედარება), თავად ნოდარ ხადური რამდენიმე თვის წინ აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. იგი აცხადებდა, რომ ამ თუ იმ კვარტლის შედარება მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან იყო შესაძლებელი. მისი ეს პოზიცია ჩვენს ერთ-ერთ სტატიაშიც არის ასახული.

თუმცა, სავარაუდოდ, ამჯერად იგი სხვაგვარად მოიქცა და 2013 წლის მესამე კვარტალში, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, პირველი კვარტლის მონაცემებს შეადარა.

დასკვნა „საქსტატის“ მიერ რეკომენდირებული შედარების მეთოდის გამოყენების შედეგად ვიგებთ, რომ 2013 წლის სამ კვარტალში, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2300–ით გაიზარდა. ფინანსთა მინისტრი კი 30 ათასიან ზრდაზე მიუთითებს. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ იგი ერთმანეთს 2013 წლის პირველ და მესამე კვარტლებს ადარებს, თუმცა, აღვნიშნეთ, რომ ეს მეთოდი არასწორია, რადგან სეზონურობის ფაქტორს არ ითვალისწინებს. შეიძლება ითქვას, რომ პირველიდან მესამე კვარტლამდე დაფიქსირებული ზრდა (21,700) დიდწილად სეზონურობის ფაქტორით არის გამოწვეული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლის დასაწყისში დასაქმებულთა რაოდენობა ძირითადად ყოველთვის ნაკლებია მის მომდევნო კვარტლებთან შედარებით. შესაბამისად, ის პათოსი, რომ პირველიდან მესამე კვარტლამდე დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ამ სექტორის შესამჩნევ გაუმჯობესებაზე მიუთითებს, არასწორია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ შედარების ასეთი მეთოდის (კონკრეტული კვარტლის წინა კვარტალთან შედარება) არამართებულობაზე თავად ნოდარ ხადური მიუთითებდა.

ამ შემთხვევაში კი, მან შედარების სწორედ  ის მეთოდი გამოიყენა, რისთვისაც თავის დროზე ოპონენტებს აკრიტიკებდა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: "მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეფერხდა, წლის დასაწყისიდან მესამე კვარტლის ჩათვლით დაახლოებით 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ანუ უმუშევრობა მცირდება“, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი