11

ივნისს "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა.

da25

თავის მხრივ, "ქართული დასის" ლიდერის ფეისბუქის სტატუსი გამოაქვეყნა ონლაინ მედიასაშუალება "მარშალპრესმა". გარდა ამისა, ონლაინ მედიასაშუალება "არილი TV"-მა ასევე გამოაქვეყნა ახალი ამბავი

სათაურით - "უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას არბევენ". ნიუსში ნათქვამია, რომ უკრაინაში მართლმადიდებლობას დევნიან და უკვე 40 ტაძარი მიიტაცეს სქიზმატებმა, რომლებიც სამღვდელოებასა და მრევლს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. აღსანიშნავია, რომ არცერთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას არ ახლავს წყარო.

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა ამ ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ რეალურად ჯონდი ბაღათურიას, "არილი TV"-ისა და "მარშალპრესის" მიერ გავრცელებული ფოტო ასახავს 2010 წლის 28 ივლისს სამხრეთ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიასთან მოწყობილ აფეთქებას. BBC-ის ცნობით (

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით), აფეთქდა ხელნაკეთი ბომბი, რომელსაც ერთი მონაზონი ემსხვერპლა. ასევე, დაიჭრა დაახლოებით 8 ადამიანი.

da26 ფოტო: ქალაქ ზაპოტოჟიეს ადგილობრივი პორტალი

ფაქტ-მეტრი ასევე შეეცადა გადაემოწმებინა, ბოლო პერიოდში უკრაინაში სხვა ეკლესიები ხომ არ დაურბევიათ, როგორც ამას ჯონდი ბაღათურია იუწყება. უკანასკნელი ინციდენტი, რომელზეც უკრაინული მედია და თავად მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 2017 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც პირვანჩე გოროხოვსკის რაიონის სოფელში ერთ-ერთი ეკლესია გაძარცვეს. თავად ეპარქიის განცხადებით,

დამნაშავე სავარაუდოდ სალაროს ეძებდა.

აღსანიშნავია, რომ "ქართული დასის" ლიდერმა ასევე გაავრცელა სხვა ფოტომასალაც,

რომელზე დაყრდნობითაც ის უკრაინაში მართლმადიდებლების დევნაზე საუბრობდა.

da28

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ფოტომასალა სულ სხვა მოვლენებს ასახავს. მაგალითისთვის, ფოტო, რომელზეც მამაკაცი ეკლესიის კარს ხელსაწყოთი აღებს, გადაღებულია 2013 წლის 17 აგვისტოს, სოფელ პაპილნიაში, სადაც მოსახლეობა ადგილობრივი ტაძრის წინამძღვრის შეცვლას

აპროტესტებდა.

მეორე ფოტოზე, სადაც მოქალაქეები უკრაინის დროშით ხელში დგანან, აღბეჭდილია 2014 წლის 8 ოქტომბრის მოვლენები

უკრაინის ქალაქ ტურკაში, სადაც მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა კიევის საპატრიარქოსთან მიერთებას. ისინი აცხადებდნენ, რომ მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი სამღვდელოება ლოცულობდა რუსეთის პატრიარქ კირილესა და რუსეთის არმიაზე, მათ კი, ვინც ამის წინააღმდეგნი იყვნენ, ჯვრით სცემდნენ.

გარდა ამ მაგალითებისა, ფოტოებზე დაკვირვებისას ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მათ ძირითად ნაწილზე აღბეჭდილი მოვლენები ზამთარში ხდება. შესაბამისად, ჯონდი ბაღათურიას მტკიცება, თითქოს ეს მოვლენები ახლა ხდება, მცდარია.

სავარაუდოა, რომ პროპაგანდისტული ძალების მხრიდან მსგავს თემებზე მანიპულაციური ინფორმაციისა და ფოტომასალის გავრცელება უკავშირდება უკრაინის რადაში წარდგენილ კანონპროექტს

 - „კანონი იმ რელიგიური ორგანიზაციების სპეციალური სტატუსის შესახებ, რომელთა მართვის ცენტრი იმყოფება იმ სახელმწიფოში, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადას მიერ არის გამოცხადებული როგორც სახელმწიფო-აგრესორი“ - რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული რელიგიური ორგანიზაციებს მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების დანიშვნა შეეძლებათ მხოლოდ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

ასევე, ამავე კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას ენიჭება უფლება, იმ კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ითანამშრომლებენ რელიგიურ ცენტრთან, რომელიც მდებარეობს სახელმწიფო-აგრესორის ტერიტორიაზე [იგულისხმება რუსეთი], საერთოდ აუკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე მოღვაწეობა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი სამღვდელოების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების შესახებ. თვითმხილველებისა და ჟურნალისტების განცხადებით, ინდივიდუალურ მღვდელმსახურებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის გარკვეული კავშირები არსებობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვა გადაიდო,

რადგან რადის დეპუტატის ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, ფრაქციამ გადაწვიტა, რომ კანონპროექტი მიღებისთვის მზად არ იყო და ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებდა.

უკრაინაში რუსულ საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა არსებობს კიევის საპარტრიარქოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (რომლის წინამძღვარიც პატრიარქი ფილარეტ დენისენკოა) და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წელს ხელახლა დაარსდა. ამ უკანასკნელს უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით 10% მიეკუთვნება. რაც შეეხება კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, მას დაახლოებით 33% მიაკუთვნებს თავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შემდეგ, უკრაინელების ნაწილმა მოსკოვის დაქვემდებარებული ეკლესია მიატოვა და კიევის საპატრიარქოს შეუერთდა.

კიევის საპატრიარქო და მისი წინამძღვარი ფილარეტი უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერენ მხარს.

  დასკვნა

ჯონდი ბაღათურიასა და სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში მართლმადიდებლებს დევნიან, არის ტყუილი. ყველა გავრცელებულ ფოტოზე წარსულში მომხდარი სხვადასხვა მოვლენაა აღწერილი და მას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლების დევნასთან ან/და ტაძრების მიტაცებასთან. გარდა ამისა, ფაქტების გადამოწმებისას არცერთ სანდო უკრაინულ თუ საერთაშორისო მედიაწყაროზე არ მოიძებნა ინფორმაცია ბოლო პერიოდში უკრაინაში ეკლესიების დარბევის ან მართლმადიდებლების დევნის შესახებ.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჯონდი ბაღათურიას განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი