25

აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმში, ღამის კლუბ „სექტორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, დაპირისპირებას კი - ორი პირის დაკავება. როგორც ამ ამბის თვითმხილველები (შემდგომში სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირები) ჰყვებიან, დილის ხუთ საათზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოპედით მოძრავი პირი დაეჯახა ლგბტ თემის წევრს, რომელსაც ერთ-ერთი მეგობარი გამოესარჩლა. კამათში, რომელსაც ჰომოფობიური განცხადებები ახლდა, სიტუაცია თანდათან დაიძაბა და ჩხუბში გადაიზარდა.

დაკავებულები, „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი მიიჩნევენ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება მათმა განსხვავებულმა სექსუალურმა ორიენტაციამ გამოიწვია, რისთვისაც უცხო პირებმა სცემეს, ხოლო მოგვიანებით პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური ძალადობის კვალი ორივე დაკავებულს აღენიშნება.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი პოლიციელებმა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულები ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-6 განყოფილებაში გადაიყვანეს და იმავე დღეს სასამართლოს წინაშე წარადგინეს.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია

გაიმართა. საქმეში სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს უფროსიც ჩაერთო. ციალა ქათამიძემ დაადასტურა დაკავებულების სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა, თუმცა ვინ მიაყენა მათ დაზიანებები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ, დაკავებულების ადვოკატების მოთხოვნით, რომლებსაც საქმის მასალების გაცნობა სურდათ, სასამართლო მოსმენა მეორე დღისთვის გადაიტანა, ხოლო დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

26

აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებმა და ლგბტ თემის აქტივისტებმა მხარდამჭერი აქცია გამართეს და ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს მომხდარის ობიექტურად გამოძიებისა და კანონით იმ პოლიციელების დასჯისკენ მოუწოდეს, რომლებმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე დაკავებულებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის პარალელურად მიმდინარეობდა საქმის მოსმენა. ბრალდების მხარემ დაკავებულების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა, რადგან ჩათვალა, რომ დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. თუმცა, ვერცერთმა პოლიციელმა არგუმენტირებულად ვერ განმარტა, რატომ დააკავეს მათ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი წვრილმანი ხულიგნობისთვის, რომლებიც, პოლიციელების თქმით, ადგილზე მისვლის მომენტში, უკვე ნაცემი და დასისხლიანებულნი ველობილიკზე ეყარნენ და არ გამოიკვლიეს, ვის მიერ იყვნენ ნაცემნი. ფაქტ-მეტრს სასამართლო პროცესის შემდეგ ამ კითხვის დასმა დაკავებაში უშუალოდ მონაწილე პოლიციელებისთვისაც  სურდა, თუმცა მათ დარბაზი ჟურნალისტებთან კონტაქტის გარეშე დატოვეს. მოსამართლე დაინტერესდა, რატომ არ გამოჰკითხეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეები იმის დასადგენად, ვინ სცემა დაკავებულებს და ვინ ჩაიდინა ხულიგნობა. მათ განაცხადეს, რომ დაკავებულებმა მთელი აგრესია პოლიციელებისკენ მიმართეს, დედისა და ოჯახის მისამართით აგინებდნენ, დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდნენ, რის გამოც სხვა მოქალაქეებთან კომუნიკაცია შეეზღუდათ. ბრალდების მხარემ აუდიო-ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა, რომელშიც ისმის დაკავებულების მხრიდან პოლიციელების მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები. მოსამართლემ ჩანაწერი საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

დაცვის მხარემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებმა, მოსმენის შემდეგ განაცხადეს, რომ ჩანაწერი გაკეთებულია პოლიციელების მიერ დაკავებულთა განყოფილებაში გადაყვანის დროს, მანამდე კი ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი პოლიციისგან დახმარებას ითხოვდნენ, 112-ზეც რამდენჯერმე სცადეს დარეკვა, მაგრამ სამართალდამცავებმა, რომლებიც ცემის ფაქტს შეესწრენ, ამის უფლება არ მისცეს. დაკავებულებმა სასამართლოს წარუდგინეს ტელეფონი, საიდანაც 112-ზე მართლაც რამდენიმე ზარია განხორციელებული. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციამ თვითონაც გამოიყენა ფიზიკური ძალა დაკავებულების მიმართ, განყოფილებაში გადაყვანამდე არ მისცა მათ ზარის განხორციელების უფლება, დასცინოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავებულებმა უკვე მიმართეს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რომელიც საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-

ე მუხლით შეისწავლის.

მხარეების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ ჩათვალა, რომ დაკავებულებმა პოლიციის თანამშრომლებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, რისთვისაც 300-300 ლარის ჯარიმა უნდა გადაიხადონ. დაკავებულების და მათი დაცვის თქმით, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. პარალელურად, დაელოდებიან, რამდენად ობიექტურად წარიმართავს საქმეს გენერალური ინსპექცია.

„თანასწორობის მოძრაობის“ კომუნიკაციების მენეჯერი მაგდა კალანდაძე ფაქტ-მეტრთან საუბრისას აცხადებს: „პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო ჰომოფობიური განცხადებები, შელახულია მათი პატივი და ღირსება. ჰომოფობიურ ნიადაგზე საქართველოში არაერთი განგრძობითი, მუდმივი ძალადობის მოწმეები ვართ, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. არაერთხელ, პოლიციას არა მხოლოდ უგულებელუყვია და არ გაუთვალისწინებია ჰომოფობიური მოტივი, არამედ მათი მხრიდან მომხდარა იმავე სახის დარღვევა მათ მიმართ, ვინც უნდა დაიცვას. 2012 წლის 17 მაისს პოლიციამ გადაამეტა ძალას და ჩვენ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა განაჩენი, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და გადაამეტა ძალას. მიუხედავად ამისა, დღემდე არც ერთი პრეცენდენტი არ ყოფილა, რომ რომელიმე პოლიციელი ლგბტ თემის წარმომადგენელზე ძალადობისთვის დასჯილიყო“.

შეგახსენებთ, რომ ეს ბათუმში მომხდარი ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა სავარაუდო მსხვერპლი ან დაზარალებული განსხვავებული, ე.წ. არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანია. მიმდინარე წლის ივნისში ბათუმში კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა - ტრანსგენდერმა ქალმა პოლიციელები მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ღიად დაადანაშაულა. მისი თქმით, მოძალადისგან თავდაცვის მიზნით პოლიცია თვითონ გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, განყოფილებაში გადაიყვანეს და ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ასახული იყო პოლიციელების აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებები, წაშალეს. ამ და კიდევ სხვა ფაქტების შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში,

რომლითაც მათ სიძულვილითა და ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს და ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მსგავსი  შემთხვევების დროულად და ეფექტიანად აღსაკვეთად.

როგორც აღვნიშნეთ, ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ფაქტ-მეტრი დააკვირდება მოვლენების განვითარებას და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას მომავალშიც გაგაცნობთ.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი