შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა სისტემის რეფორმის საკითხი საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად განიხილება. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებამ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გაწვევის გაუქმების შესახებ თემა უფრო მეტად აქტუალური გახადა. თუმცა, ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, გაწვევის პროცესი განახლდა და სისტემა არათუ უქმდება, არამედ პირიქით, მოდერნიზებისა და ცვლილებების გზას გადის.

28

ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს - ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა. ამ შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ „ქართული მხარე წვევამდელთა სისტემას ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით დანერგავს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული პროგნოზის რეალურობის გადამოწმებას შეეცადა.

ნატო-ს წევრ და არაწევრ ევროპულ ქვეყნებში სავალდებულო სამსახური (სამართლებრივად და პრაქტიკულადაც) დანიაში, თურქეთში, ესტონეთში, კვიპროსში, საბერძნეთში, შვეიცარიასა და ავსტრიაში გვხვდება. ლიტვამ სავალდებულო გაწვევა აღადგინა, თუმცა პრაქტიკაში ამან განხორციელება ვერ ჰპოვა და წვევამდელები ძირითადად მოხალისეებით შეივსო.

გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით, ნატო-ს არანაირი ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ყველა წევრი სახელმწიფო საკუთარი შესაძლებლობებით, გარემოებებითა და სტრატეგიული პრიორიტეტებით ხელმძღვანელობს.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში

სავალდებულო სამხედრო სამსახური პრაქტიკულად 1973 წელს გაუქმდა, მიუხედავად იმისა, რომ 1975 წელს ჯერალდ ფორდმა გაწვევის პროცესი (სსრკ-ის მიერ ავღანეთში შეჭრის საპასუხოდ) სამართლებრივად აღადგინა. თუმცა, 1973 წლის შემდეგ სავალდებულო გაწვევის პრაქტიკა აშშ-ში აღარ გვხვდება.

პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანის გადაწყვეტილებით, სავალდებულო სამხედრო გაწვევა დიდმა ბრიტანეთმა 1957

წელს გააუქმა.

ნიდერლანდების სამეფოში,

სადაც სავალდებულო სამსახური სამართლებრივად არსებობს, 1997 წლის პირველი მაისიდან გაწვევა პრაქტიკაში თითქმის აღარ ხორციელდება. 1997 წლიდან ჰოლანდიის არმია ძირითადად მოხალისეების/კონტრაქტორებისაგან შედგება.

ნატო-ს წევრი ქვეყანა, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური სამართლებრივად და პრაქტიკულადაც ხორციელდება, დანიის სამეფოა,

რომელსაც გაწვევის მრავალსაუკონოვანი ისტორია და გამოცდილება გააჩნია. 1849 წლის 12 თებერვლის შემდეგ, დანიის კონსტიტუციის 81-ე მუხლის მიხედვით, ყველა მამაკაცი, რომელსაც იარაღის ტარება შეუძლია, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახური (4-12 თვე) გაიაროს.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს

სამართლებრივად გაცხადებული აქვთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების პრიორიტეტია, თუმცა პრაქტიკაში ის მხოლოდ ესტონეთში ხორციელდება.

დასკვნა

ევროატლანტიკურ სივრცეში შემავალი ყველა სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, თუ როგორი გაწვევის სისტემა ჰქონდეს. ეს დამოკიდებულია იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და რესურსებზე, რაც ქვეყანას მიმდინარე ეტაპზე გააჩნია. საკანონმდებლო დონეზე, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლეს სახელმწიფოებში გაწვევის კომპონენტი არსებობს, მაგრამ ის ან შეჩერებულია ან პრაქტიკაში არ ხორციელდება.

ნებისმიერ დროს შესაძლებელია სახელმწიფომ ესა თუ ის მოდელი გამოიყენოს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდება. თუ როგორი გაწვევის სისტემა უნდა ჰქონდეს წევრ სახელმწიფოებს, ამას ნატო-ს არცერთი სტრატეგიული დოკუმენტი თუ ხელშეკრულება არ არეგულირებს. ამრიგად, გაწვევასთან დაკავშირებით ნატო-ს არანაირი ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.

შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ წვევამდელთა სისტემა საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით ამოქმედდება (მხოლოდ ესტონეთის მაგალითზე დაყრდნობით), არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი