ტელეკომპანია GDS-ის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ახალ საგზაო რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა:

 "წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 660-მდე ადამიანი იღუპება, ხოლო 10 ათასზე მეტი სახიჩრდება. მხოლოდ თბილისში 26 შავი წერტილია, სადაც ავარიების უმრავლესობა ხდება".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ავტოსაგზაო შემთხვევების 2015 წლის სრული სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. ამიტომ, ფაქტ-მეტრი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას დაეყრდნო, რომელმაც აღნიშნული მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 9 187 ადამიანი დაშავდა, ხოლო 602 გარდაიცვალა. 2014 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 5 510-ს მიაღწია, დაშავდა 8 045 ადამიანი, ხოლო 514 გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან 2011 წლამდე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებდა, ხოლო 2012 წლიდან აღნიშნულმა მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო. ანალოგიური მდგომარეობა იყო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა კუთხითაც, 2011 წლის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობასთან ერთად დაშავებული ადამიანების რაოდენობაც გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის მიუხედავად, 2011 წლიდან 2014 წლამდე გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა არ გაზრდილა. თუმცა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს 91 ადამიანით მეტი გარდაიცვალა. ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია და წინა წლებში ასეთი მაღალი ზრდა არასდროს ყოფილა (ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა).

გრაფიკი 1:

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დინამიკა საქართველოში, 2008-2015 წლები

image001

ჩვენ ასევე გადავამოწმეთ არჩილ თალაკვაძის  განცხადება დედაქალაქში არსებულ ე.წ. შავ წერტილებთან დაკავშირებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იმ ადგილების სია გამოვითხოვეთ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველზე ხშირად ხდება.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წელს საპატრულო პოლიციის მიერ თერთმეტი ე.წ. შავი წერტილი იქნა აღნიშნული. დედაქალაქის მასშტაბით, წლების მიხედვით შავი წერტილების რაოდენობა და ადგილმდებარეობა იცვლება. თუმცა, მათი რაოდენობა ძირითადად ცხრიდან თორმეტამდე მერყეობს. აღნიშნულ წერტილებში წლის განმავლობაში მინიმუმ 45-მდე ავარია ხდება.

ცხრილი 1:

ავარიების რაოდენობა ე.წ. შავ წერტილებში 2015 წელს

ქუჩა 2015
კახეთის გზატკეცილი 127
მარცხენა სანაპირო 107
აღმაშენებლის ხეივანი 98
მარჯვენა სანაპირო 87
წერეთლის გამზირი 83
ჭავჭავაძის გამზირი 67
დადიანის ქუჩა 66
გურამიშვილის გამზირი 66
ვაჟა-ფშაველას გამზირი 66
გორგასლის ქუჩა 55
რუსთაველის გამზირი 47

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წელს ყველაზე მეტი (127) ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა.

  დასკვნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 602 ადამიანი გარდაიცვალა და 9 187 დაშავდა. 2015 წელს განსაკუთრებით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.

რაც შეეხება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ე.წ. შავ წერტილებს, 2015 წლის (საპატრულო პოლიციის ინფორმაციით) მონაცემებით, პოლიციამ ის 11  ქუჩა გამოავლინა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი