მიმდინარე წლის 30 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.4%, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა.

აღნიშნული სტატისტიკის კომენტირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა:

“ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 4-დან 5%-მდე გამოწვეულია იმით, რომ შარშან იყო ძალიან დაბალი ზრდა. შარშან იყო ეკონომიკური ვარდნის ძირი და ვარდნასთან მიმართებით ეს ზრდა არის მეტი, თუმცა, თუ გადავხედავთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკას, ეს არის იმდენად მცირე, რომ ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების პროცესზე“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.4%-მდე დაეცა. გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 3.4%-ით იზრდებოდა, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

გრაფიკი 1:

ეკონომიკური ზრდა, 2004-2016 წლები

image001 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ძირითადი ფაქტორია. როგორც წესი, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ცხოვრების დონის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად ეკონომიკური ზრდის უფრო სწრაფი ტემპი ესაჭიროებათ. როგორც აღვნიშნეთ, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 3.4%-ით იზრდებოდა. აღნიშნული ზრდის ტემპით, საქართველოს ეკონომიკის გაორმაგებას საშუალოდ 20-21 წელი დასჭირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპს საერთოდ არ აქვს პოზიტიური გავლენა დასაქმების პროცესზე და სიღარიბის დონის შემცირებაზე.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ხოლო, მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იქნება. აღნიშნული პროგნოზის გამართლება მიმდინარე წლის პირველი ორი თვიდან დაიწყო, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო თებერვალში

 ეკონომიკურმა ზრდამ 4.4% შეადგინა. იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4.8%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი 2:

იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2015-2017 წლებში

image002 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ზოგადად, როგორც წესი, საბაზო წელს დაფიქსირებული მშპ-ის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დაანგარიშებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. რაც უფრო დაბალია საბაზო წლის მაჩვენებელი მით უფრო მაღალია საანგარიშო წლის პროცენტული ზრდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საბაზო წლის მონაცემი პროცენტულ მაჩვენებელზე გავლენას ახდენს, დეპუტატის განცხადება, რომ მიმდინარე წლის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 2016 წელს არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდის გავლენის შედეგია, სიმართლეს არ შეესაბამება. გასული წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა 3.1%-ით. ანუ, საბაზისო წლის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც მიმდინარე წელს მაღალი ზრდის ტემპის დაფიქსირებას ართულებს. ე.წ. საბაზისო ეფექტით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მაშინ ხდება, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკა მცირდება.

წელს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე იანვარ-თებერვლის პერიოდის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაც მიუთითებს, რომელიც  ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,

 მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი, საიდანაც ექსპორტის ზრდა 27%, ხოლო იმპორტის - 15%-ს შეადგენს. გარდა ამისა, იანვარ-თებერვალში საქართველოში 24.3%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ხოლო საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 22%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების მატება ქვეყნის შიდა მოთხოვნას ზრდის, რაც ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობია. აღნიშნული მონაცემები საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობა გასულ წელთან შედარებით ნამდვილად გაუმჯობესებულია.

დასკვნა

გასული წლის დაბალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორი არ არის. ეს სიმართლე იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასული წლის დასაწყისში ეკონომიკა შემცირდებოდა. ამასთან, სახეზეა ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორების ზრდა (ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზანვილები).

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლების საშუალოდ 3.4%-იანი ზრდა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს და ეკონომიკური ზრდის 4-5%-იანი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, მოკლე დროში სიღარიბის და უმუშევრობის მნიშვნელოვნად შემცირება ვერ მოხერხდება. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა (იხ. სტატია).

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას დადებითი გავლენა არ აქვს დასაქმებაზე და სიღარიბის შემცირებაზე. დღესდღეობით, შესაძლოა დასაქმების ზრდისა და სიღარიბის შემცირების ტემპი საკმარისად მაღალი არ არის, თუმცა, საქსტატის მონაცემებით, ამ მხრივ მდგომარეობა მაინც უმჯობესდება.

ამდენად, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი