„ყურადღება! სახელმწიფო საზღვარი! გასავალი (მოძრაობა) აკრძალულია!“ – მორიგი ბანერი, რომლითაც რუსი და ოსი მესაზღვრეებისთვის საქართველო მთავრდება, ქართულ სოფელში, ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში, ე.წ. საზღვრის დასაცავად, ქართველი სამართალდამცავების ბლოკპოსტი დგას, აქედან ასიოდე მეტრში კი ცხინვალია – „საზღვარს“, რაღა თქმა უნდა, მეორე მხრიდანაც აკონტროლებენ...

აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად ჩვენი სოფელი დაზარალდაო, – ერგნეთში მითხრეს. ომიდან რამდენიმე კვირაში უკან დაბრუნებულ მოსახლეობას საკუთარი სახლები გადამწვარი, უკეთეს შემთხვევაში კი გაძარცული დახვდა. სოფლის ქუჩებში თითქმის ერთსაათიანი სიარულის შემდეგ, სურათი ასეთია: მოუვლელი ხეხილის ბაღები, უხმაურო სამანქანო გზა და ხალხის გარეშე დარჩენილი უბნები.

ადგილობრივების ინფორმაციით, 200-კომლიან სოფელში ამჟამად მოსახლეობის მესამედიც აღარ ცხოვრობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფლის უკიდურეს ჩრდილოეთ, ე.წ. საზღვრის მიმდებარე ნაწილშია – საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი სახლები ან დამწვარ-დანგრეულია, ან მიტოვებული.

ადგილობრივი მერი ჩერქეზიშვილის თქმით, ზოგიერთი მათი მეზობელი სახლს მხოლოდ ზაფხულობით აკითხავს.

„თავისი კუთხე ყველას უყვარს, მაგრამ ვერ გაამტყუნებ, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება მარტივი როდია?! პირობებიც არ არის და აქ რომ ვერაფერს აკეთებენ, ქალაქში მიდიან“, – ამბობს იგი.

ცხინვალიდან დევნილი ვიგენტი კასრაძე და მერი ჩერქეზიშვილი ე.წ. საზღვართან 50 მეტრის მოშორებით, ვაჟთან ერთად ცხოვრობენ. 2008 წლის აგვისტომდე, 1991 წლის ომი გადაიტანეს, სახლ-კარი დატოვეს და შვილებთან ერთად ერგნეთში დასახლდნენ.

„ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყეთ და როცა გვეგონა, ცოტა სული მოვითქვით, მეორე ომი დაგვატყდა თავს. ახლა კიდევ რამე რომ მოხდეს, გასაქცევად და ყველაფრის თავიდან დასაწყებად ენერგია აღარ გვექნება“, – ამბობს ვიგენტი კასრაძე.

ახალგაზრდობა ცხინვალში გაატარეს, იქვე სწავლობდნენ და მუშაობდნენ. იხსენებენ ეთნიკურ ოს მოსახლეობას და იმ პერიოდსაც, როცა ცხინვალში მხოლოდ 3-4 ოსური გვარი იყო.

„მთელ ქალაქში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, თანაც თითქმის ყველა შერეული, ოსურ-ქართული. როგორ შეიძლებოდა ჩვენი ასე გახლეჩა, დღემდე გაუგებარია“, – ამბობს მერი ჩერქეზიშვილი.

1991 წლის იანვარში, როცა ცხინვალში ვითარება დაიძაბა, ოჯახმა ბავშვები ნათესავებთან წამოიყვანა, მაგრამ რამდენიმეთვიანი კონფლიქტის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ არა დროებით, არამედ სამუდამოდ მოუწიათ სახლის დატოვება. ამიტომ, რაკი ერგნეთში მშობლების დატოვებული სახლი ეგულებოდათ, საცხოვრებლად სხვაგან წასვლაზე აღარ უფიქრიათ.

„ვფიქრობდი, ერგნეთის სახლში საცხოვრებლად სიბერეში გადავალ-მეთქი, მაგრამ აგერ უკვე 25 წელია, აქ ვცხოვრობთ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ შესაძლოა, აქაურობის დატოვებაც ნებისმიერ დროს მოგვიხდეს“, – ამბობს ვიგენტი კასრაძე.

1991 წლის ომისა არა, მაგრამ 8 წლის წინანდელი ომის კვალი მათს სახლს დღემდე ამჩნევია. დახვრეტილი სახურავი, ნატყვიარი კედლები, დაზიანებული ავეჯი და ფანჯრები, რომელთაც სიძველის გამო ყოველი წვიმის შემდეგ განახლება სჭირდება.

„სახლში მობრუნებულებს ისღა გვიხაროდა, რომ ჩვენი სახლი ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომელიც არ დაწვეს. თუმცა, ბომბებმა დანგრევა და თავად სამხედროებმა გაქურდვა არ დააკლეს, წვრილმანი ჭურჭელიც კი წაღებული დაგვხვდა“, – ამბობს ქალბატონი მერი.

რადგანაც სახლი დამწვარი არ იყო, ხელისუფლებამ ოჯახს ომისგან მიყენებული ზარალი არ აუნაზღაურა. ამიტომ ბოლო 8 წლის განმავლობაში სახლს საკუთარი ძალებით არემონტებენ.

მათ გარშემო მცხოვრებ რამდენიმე მეზობელს უკან დაბრუნებისას სახლის ნაცვლად ნასახლარი დახვდა. გადამწვარი სახლების მფლობელებს მაშინდელმა ხელისუფლებამ, კომპენსაციის სახით, 15-15 ათასი ლარი დაურიგა. ამ თანხით ზოგმა ბინა შეიძინა ქალაქში, ზოგმა კი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დანგრეული სახლების აღდგენას მოჰკიდა ხელი.

თენგო კასრაძე, რომლის სახლიც ერთ-ერთია გადამწვარ სახლთა შორის, ახლა ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობს, თუმცა სოფელი ბოლომდე არ მიუტოვებია. ომის შემდეგ სახლის 2 ოთახი გაურემონტეს და ცდილობს, ზაფხულობით მაინც არ დაივიწყოს მშობლიური მხარე.

„ძალიან ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, მოვდივარ და აქაურობას ვუვლი. არ მინდა, ჩვენი მიწა-წყალი უკაცრიელი გახდეს“, – ამბობს იგი.

თუმცა აქ არსებული რეალობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მძიმე სოციალური პირობების გამო სოფელს ის ოჯახებიც ტოვებენ, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ კვლავ საკუთარ სახლებში გააგრძელა ცხოვრება.

ამჟამად ადგილობრივებს ყოფითი პრობლემებიც მრავლად აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ სარწყავი არხიც გაყვანილია და სასმელი წყლის რეზერვუარებიც გაკეთებული, წყალი მაინც სულ პრობლემააო, – ამბობენ. ბაღების მოსარწყავად რიგში დგომა, სასმელი წყლის მისაღებად კი სამდღიანი ლოდინი უწევთ.

„მორწყვის ფულსაც ვიხდით და სასმელი წყლისასაც, მაგრამ კვირაობით რიგში დგომის გამო მოსავალი გვიხმება, პრობლემის მოგვარებას კი არავინ გვპირდება“, – ამბობს ვიგენტი კასრაძე.

თუმცა, ყოფით პრობლემებზე საუბარს, ისევე როგორც დანარჩენები, ისიც ერიდება, რადგან მიაჩნია, რომ იქ, სადაც მავთულხლართებია გავლებული, სოციალურ პირობებზე მნიშვნელოვანი პრობლემა თავად ოკუპაციაა.

ოკუპაცია რომ კიდევ დიდხანს მოუგვარებელ პრობლემად დარჩება, იციან, მაგრამ ოპტიმიზმს არ კარგავენ და მომდევნო წელს მავთულხლართებისგან განთავისუფლებულ ერგნეთში მეპატიჟებიან. მალე გაგვხარებოდეს შენ თამარაშენში, მე კი ცხინვალში დაბრუნებაო, – დამემშვიდობა ქალბატონი მერი, თუმცა ამ სიტყვების რეალურად ქცევის იმედი ნამდვილად აქვს თუ არა, მხოლოდ მან იცის.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი