გამოქვეყნებულია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წინა წლებთან შედარებით კრიმინალი აშკარად შემცირებულია
მცდარი
1854 ნახვა
A+
A
A-

2017 წლის 16 იანვარს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა. „კრიმინალის პრევენცია ძალიან რთულია, ამისგან დაზღვეული არავინაა. შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული არიან, ყველაფერს აკეთებენ. გამოქვეყნებული იყო წლების განმავლობაში შედარებები, თუ რა მდგომარეობა იყო კრიმინალთან დაკავშირებით, და აშკარაა, რომ მატება არ არის, პირიქით, შემცირებულია“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადება გარკვეულწილად ბუნდოვანია. კერძოდ, განცხადებიდან არ ირკვევა, კონკრეტულად როდის გამოქვეყნებულ ან რა სახის შედარებებს ეყრდნობა ვიცე-პრემიერი და ასევე არ ჩანს, კონკრეტულად რომელი წლის მონაცემებს ადარებს ერთმანეთს. ჩვენ მისი განცხადება ორ ნაწილად დავყავით. პირველ რიგში, შევეცადეთ დაგვედგინა, ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა თუ არა წლიური შედარებები, რომელიც აშკარას გახდიდა, რომ კრიმინალმა იკლო. ხოლო მეორე ნაწილში შევეცადეთ გადაგვემოწმებინა, მართლაც შემცირდა თუ არა რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა.

 

ქვეყნდება თუ არა კრიმინალის სტატისტიკა?

ბოლო წლებში კრიმინალის სტატისტიკა არასრულად ქვეყნდება, რაც ხშირ შემთხვევაში სრული სურათის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს. ამ საკითხზე ფაქტ-მეტრმა არაერთხელ დაწერა (იხ. სტატია 1; სტატია 2; სტატია 3; სტატია 4).

2016 წლის იანვრის შემდეგ შსს-ს ვებგვერდზე ყოველთვიური, მუხლობრივად ჩაშლილი სტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა, რასაც სამინისტრო ამგვარი სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულების არარსებობით ხსნის. მართალია, შსს-ს ვებგვერდზე ამ სახის სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება მართლაც არ არსებობს, თუმცა, სახელმწიფოს საქსტატის ვებგვერდზე შსს-ს ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება მაინც გააჩნია, რაც 2012 წლიდან მოყოლებული არ სრულდება. კერძოდ, „სისხლის სამართლის დანაშულთა ერთიან ანგარიშში“, რომელიც სხვადასხვა უწყებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეიცავს და საქსტატის ვებგვერდზე ქვეყნდება, მხოლოდ შსს-ს მონაცემები არ არის ასახული.

ერთადერთი, რაც 2016 წლის იანვრის შედეგ რეგისტრირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, საქსტატის კალენდარში გამოქვეყნებული კვარტალური მონაცემებია, რომელიც მხოლოდ დანაშაულთა ერთიან რიცხვსა და რამდენიმე სახის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. მასში დანაშაულები მუხლობრივად არ არის ჩაშლილი.

აღსანიშნავია, რომ არც 2016 წლის კვარტალური სტატისტიკა (რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ) არის სრულად ცნობილი. კერძოდ, საქსტატის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ I-III კვარტალის (იანვარ-სექტემბერი) მონაცემები, ხოლო მეოთხე კვარტალის მონაცემები, რომელიც 2016 წლის წლიურ სტატისტიკაში უნდა ყოფილიყო ასახული, ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკის დოკუმენტი, რომელიც 2017 წლის 6 თებერვალს გამოქვეყნდა, რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ მონაცემებს არ მოიცავს. დოკუმენტში მხოლოდ რეგისტრირებული ხანძრებისა და დაზარალებულ პირთა შესახებ მონაცემებია ასახული. ფაქტ-მეტრი აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მონაცემები პერიოდულად დაემატებოდა, თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა.

რაც შეეხება გასულ წლებს, 2016 წლის 5 თებერვალს შსს-ს ვებგვერდზე 2012-2015 წლებში საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ მიმოხილვა გამოქვეყნდა, რომელიც 2012-2014 წლების (მათ შორის 2015 წლის რამდენიმე თვის) მიხედვით სხვადასხვა დანაშაულების შედარებას მოიცავდა. თუმცა:

  • პრეზენტაციაში მოცემულია მხოლოდ 2012-2014 წლიური მონაცემები, საიდანადაც 2012 წლის მონაცემები არარელევანტურია, რადგან 2013 წელს დანაშაულის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიის შეცვლის გამო, როგორც თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 2012 წლის მონაცემების მომდევნო წლებთან შედარება კატეგორიულად დაუშვებელია.
  • ამასთან, ცალსახაა, რომ მიმოხილვა არ მოიცავს 2016 წლის მონაცემებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2017 წელს გაკეთებულ განცხადებაში ვიცე-პრემიერი სწორედ ამ პრეზენტაციას ეყრდნობოდეს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის ბოლოს ფაქტ-მეტრს შსს-მ 2016 წლის პირველი ცხრა თვის ყოველთვიური და კუმულატიური სტატისტიკა მოაწოდა. აგრეთვე მოგვაწოდეს სამინისტროს მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული პრეზენტაციები, მათ შორის 2016 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებული დანაშაულების დეტალური ანგარიშიც. მართალია აღნიშნული პრეზენტაციები ამ დრომდე ოფიციალურად არსად გამოქვეყნებულა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კახა კალაძე სწორედ ამ ანგარიშებს ეყრდნობოდა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა წლიური შედარებების შესახებ არცერთი ანგარიში არ გამოქვეყნებულა. მეტიც, წლიური შედარებების შესახებ გამოქვეყნებული ერთადერთი ანგარიში მხოლოდ 2012-2014 წლების მონაცემებს შეიცავს. რაც შეეხება ზოგადად კრიმინალის სტატისტიკას, 2016 წლის იანვრის შემდეგ მხოლოდ კვარტალური სტატისტიკა ქვეყნდებოდა და კონკრეტულ კვარტალში რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ ზოგად ინფორმაციას მოიცავდა.

 

შემცირდა თუ არა წინა წლებთან შედარებით კრიმინალი?

როგორც აღვნიშეთ, არ არსებობს ოფიციალურად გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელიც წლების მიხედვით დანაშაულთა შედარებისა და ცალსახა დასკვნის გამოტანის საშუალებას მოგვცემდა. თუმცა, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული, ასევე შსს-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ფაქტ-მეტრი ბოლო წლების კრიმინოგენური ვითარების გაანალიზებას შეეცადა.

 

გრაფიკი 1: რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა

image001

შენიშვნა: გრაფიკზე მხოლოდ ორი სახის მონაცემი არ არის დატანილი: 1) 2013 წლის იანვარ-სექტემბრის დანაშაულთა ჯამური რაოდენობა და 2) 2016 წლის მთლიანი წლის მონაცემი, რადგან აღნიშნული სტატისტიკა არსად გამოქვეყნებულა და არც ჩვენთვის მოუწოდებიათ.

 

როგორც გრაფიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი დანაშაული (კვარტლების მიხედვით) 2013 წელს ფიქსირდება. 2013 წლის შემდეგ რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი ყოველწლიურად იკლებს. თუმცა, 2016 წლიდან, წინა წლის ყველა შესაბამის კვარტალთან შედარებით, დანაშაულის ზრდა ისევ შესამჩნევია.

უცნობია, აჭარბებს თუ არა 2016 წლის მთლიანი წლის მონაცემები წინა წლების მონაცემებს. თუმცა, თუკი არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ 2016 წლის ჯამური მონაცემებიც გაზრდილი იქნება. აღნიშნულ მოსაზრებას ცალკეულ დანაშაულთა 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების 2015 წლის მთლიან მონაცემებთან შედარებაც ამყარებს.

 

ცხრილი 1: კრიმინალის სტატისტიკა კალენდარული წლის პირველი 9 თვის მიხედვით (2014-2016 წლები) და 2015 წლის ჯამური მონაცემი

2014 წ. იანვარ-სექტემბერი 2015 წ. იანვარ-სექტემბერი 2016 წ. იანვარ სექტემბერი 2015 წლის მთლიანი
სულ დანაშაული 27 692 26 452 27 846 35 096
მათ შორის:
სიცოცხლის წინააღმდეგ 599 623 743 747
ჯანმრთელობის წინააღმდეგ 2 872 3 608 3 660 4 446
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 308 369 536 495
ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 6 21 8 16
საკუთრების წინააღმდეგ 10 065 9 494 10 000 12 914
საზოგადოებრივი უშიშროება 1 473 1 454 1 543 1 941
ნარკოტიკული დანაშაულები 5 672 3 758 4 042 5 126
სატრანსპორტო დანაშაულები 2 459 2 711 2 725 3 182
სამოხელეო დანაშაულები 308 417 384 592
მმართველობის წესის წინააღმდეგ 2 026 1 799 1 537 2 413
სხვა დანაშაული 1 904 2 198 2 668 3 224

 

2016 წლის იანვარ-სექტემბერში როგორც დანაშაულთა საერთო რიცხვი, ისე ცალკეულ დანაშაულთა უმრავლესობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულებს მნიშვნელოვნად აღემატება. მეტიც, ზოგიერთ დანაშაულთან მიმართებით 2016 წლის იანვარ-სექტემბერში რეგისტრირებულ დანაშულთა რაოდენობა 2015 წლის მთლიან მონაცემებსაც კი მიუახლოვდა, ან გადაასწრო.

 

დასკვნა

რეგისტრირებულ დანაშაულთა წლიური შედარებების შესახებ ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი 2016 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, რომელიც მხოლოდ 2012-2014 წლების შედარებებს მოიცავდა. მას შემდეგ, საზოგადოებისთვის მსგავსი პრეზენტაცია ხელმისაწვდომი არ ყოფილა. საზოგადოებისთვის არც 2016 წლის მონაცემებია სრულად ცნობილი, რომელიც, ლოგიკურად (2017 წლის იანვრის თვეში განცხადების გაკეთებისას) მინისტრისთვის შეფასების მთავარი წყარო უნდა ყოფილიყო.

თუკი ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული არასრული მონაცემების შედარებას მოვახდენთ, ვნახავთ, რომ რეგისტრირებული დანაშაულების რიცხვი 2013 წლიდან 2015 წლამდე იკლებდა. 2016 წლიდან კი, კვარტლაური მონაცემების მიხედვით, კლების ტენდენცია შეჩერდა და როგორც მინიმუმ 2015 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით ზრდა შეინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ შსს 2016 წლის სრულ მონაცემებს მოგვაწვდის და აღმოჩნდება, რომ კვარტალურ სტატისტიკაში დაფიქსირებული შესამჩნევი მატების მიუხედავად 2016 წელსაც კლების ტენდენცია ფიქსირდება, ფაქტ-მეტრი სტატიას შესაბამისად დააკორექტირებს.

ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ კახა კალაძის განცხადება არის მცდარი.

გააზიარეთ: