ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ ქალაქში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების სტუმრობისას განაცხადა,

რომ ტყიბულში 4 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა. მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ გამგებელი 2017 წელს დაგეგმილ პროექტებს გულისხმობდა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 45

სოფელია, რომელთაგან უმეტესობა მთიან ზონაშია განთავსებული. ქალაქ ტყიბულის მოსახლეობა დაახლოებით 14 000-ს შეადგენს, ხოლო სოფლების – 17 000-ს.

მუნიციპალიტეტში 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ არსებული ინფორმაციით,

წელს რაიონში ადგილობრივი სახსრებითა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით სხვადასხვა ტიპის სამუშაოებია დაგეგმილი. განსახორციელებელი პროექტების უმეტესობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების ასფალტ/ბეტონის საფარით მოპირკეთებას გულისხმობს. ფონდის დაფინანსებით წელს 10.32 კმ გზა უნდა დაიგოს, აქედან 8.12 კმ მუნიციპალიტეტის სოფლებში. გზების რეაბილიტაციისთვის, საერთო ჯამში, 1 835 375 ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტში კიდევ სამი პროექტი ხორციელდება, რაც საცხოვრებელი სახლების ლიფტების, შიდა ეზოების რეაბილიტაციასა და ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას გულისხმობს. სულ, სამივე პროექტისთვის, 818 325 ლარია გათვალისწინებული. ლიფტებისა და ეზოების რეაბილიტაცია ოქტომბერში უნდა დასრულდეს, ხოლო ახალი ბაღი ტყიბულს დეკემბერში უნდა ჰქონდეს.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 486 554 ლარის ღირებულების 14 პროექტია დაგეგმილი. აქედან, ივლისის მონაცემებით, მხოლოდ სამი პროექტი იყო დასრულებული (ჯავახიშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, სპორტის სასახლის ინვენტარით აღჭურვა და საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ სტადიონის რეაბილიტაცია). ოთხ პროექტზე უკვე ცნობილია შემსრულებელი კომპანიების ვინაობა და სამუშაოების დასრულების ვადაც. სამი პროექტი შემსრულებელთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია. ოთხი პროექტი კი, რომელთა ჯამური ღირებულება 51 776 ლარია, ტენდერს ელოდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ორი საბავშვო ბაღისათვის 80 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია შესაძენი.

მასალაზე მუშაობისას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ელისო ჭანტურიძემ გვაცნობა, რომ ტყიბულში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომელიც ადმინისტრაციული სამსახურიდან მივიღეთ, სრულყოფილი არ იყო და გვთხოვა, დამატებითი მონაცემი მიგვეღო მხედველობაში. დამატებით ინფორმაციაში კი მითითებულია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში წელს ასევე დაგეგმილია სტიქიის (2016

წლის გაზაფხულზე მომხდარი წყალდიდობა) შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (დაახლ. 867 ათასი ლარის ღირებულების). აქედან, ერთი პროექტი გასულ წელს დაიგეგმა (ღირებულებით 457 583 ლარი). გარდა ამისა, ქალაქში არსებული შიდა გზების მოასფალტებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 954 ათასი ლარი გამოიყო.

  დასკვნა 2017

წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 4 829 215 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტი 486 554 ლარის სამუშაოებს ახორციელებს. მუნიციპალიტეტში ასევე დამატებით ხორციელდება სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელი საქმიანობა, რაც დაახლოებით 867 ათასი ლარის დახარჯვას გულისხმობს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ტყიბულის გამგებლის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი