პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვა თანაბრად მიმდინარეობდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

მიმდინარე წელს, ლარის გაუფასურების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება ბიუჯეტის ხარჯვის პროცესს ექცევა. გაუარესებული საგადამხდელო ბალანსის მაჩვენებლებთან ერთად, ლარის კურსზე გავლენას ფისკალური პოლიტიკაც, კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტის დონეც ახდენს. ლარის გაუფასურება სავალუტო ბაზარზე დოლარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსით არის გამოწვეული. აღნიშნულ ფონზე ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ზრდის ეკონომიკაში ლარის მიწოდებას და გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხს ქმნის. ამასთან, ასტიმულირებს იმპორტის ზრდას და ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი თანაბარი ხარჯვით ხასიათდება და, შესაბამისად, ლარის კურსზე ფისკალური პოლიტიკის გავლენა უმნიშვნელოა. ფაქტ-მეტრმა 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან მიღებული მონაცემები გააანალიზა.

წლის დასაწყისში ბიუჯეტის ხარჯვა პროფიციტური იყო, პირველ კვარტალში ბიუჯეტის პროფიციტმა 24.9 მილიონი ლარი შეადგინა. მეორე კვარტლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტი 131 მილიონი ლარი იყო, ხოლო მესამე კვარტალში დეფიციტი 374 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ხარჯების დინამიკა ყოველთვიურ ჭრილში უთანაბრობით ხასიათდებოდა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ასახულია ბიუჯეტის დეფიციტი ყოველთვიურ ჭრილში.

გრაფიკი 1:

ბიუჯეტის დეფიციტი თვეების მიხედვით

image001 წყარო: სახელმწიფო ხაზინა

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მონაცემებით, ბიუჯეტის დეფიციტი თვეების განმავლობაში საკმაოდ არათანაბარი იყო. განსაკუთრებით მაღალი დეფიციტური ხარჯვა ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა, როდესაც ბიუჯეტიდან 204 მილიონი ლარი დეფიციტურად დაიხარჯა.

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ვალის აღებით ხდება. საგარეო ვალის მოზიდვის კუთხით მიმდინარე წელსაც ჩამორჩენაა. მეორე კვარტალში 555 მლნ ლარის საგარეო ვალის აღება იყო დაგეგმილი, თუმცა, რეალურად, მხოლოდ 271 მლნ ლარის ჩარიცხვა მოხდა, ხოლო მესამე კვარტლის ბოლოს საგარეო ვალის ზრდამ 457.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმით გათვალისწინებული თანხის (769 მლნ ლარის) 60%-ია. საგარეო ვალში ჩამორჩენა გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფომ ვერ მოახდინა ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მოზიდვა, რაც 275 მლნ ლარით იყო განსაზღვრული.

გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო ვალის აღება ვერ მოხერხდა, ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება ძირითადად შიდა ვალის ხარჯზე მოხდა. კერძოდ, მეორე კვარტალში 7.2 მლნ ლარის შიდა ვალის აღება იყო დაგეგმილი, თუმცა, ფაქტიურად შიდა ვალი 62.1 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში შიდა ვალის ზრდამ 211 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმას 3-ჯერ აღემატება.

სახელმწიფო ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც,

 სადაც ხაზგასმულია, რომ ცალკეული პროგრამებით გათვალისწინებული სახსრების ათვისება მნიშვნელოვნად ჩამორჩება გეგმით გათვალისწინებულს. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ჩამორჩენა ერთის მხრივ დაგეგმვის ნაწილში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს, მეორეს მხრივ კი, ზრდის წლის ბოლოს ბიუჯეტიდან დეფიციტური ხარჯვის ალბათობას, რაც უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე.

დასკვნა

მიმდინარე წლის ბიუჯეტი კვლავ არათანაბარი ხარჯვით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში ბიუჯეტი პროფიციტური იყო, მეორე კვარტლიდან ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეინიშნება. ამასთან, გარკვეული თვეები ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მკვეთრი ზრდით ხასიათდება. კერძოდ, ოქტომბრის თვეში, ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, ბიუჯეტიდან დეფიციტურად 204 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების არათანაბარი ხარჯვის პრობლემის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც არის საუბარი, სადაც მითითებულია, რომ გარკვეული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სახსრების ათვისება გეგმით გათვალისწინებულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც წლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვისა და სავალუტო კურსზე ფისკალური წნეხის ალბათობას ზრდის.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი