გაზეთი ფაქტ-მეტრი
ტრამპის მშვიდობა და უკვდავი რუსი
უკატეგორიოდ
959 ნახვა
მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობა
A+
A
A-

მეორე მსოფლიო ომი დიდი ხანია დასრულდა, მაგრამ რუსეთსა და იაპონიას სამშვიდობო შეთანხმება კვლავაც არ აქვთ გაფორმებული. ომის ბოლოს საბჭოთა კავშირმა კურილიის კუნძულები მიიტაცა და სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მორიგებულან მოსკოვი და ტოკიო. ოდესღაც, 50-იან წლებში ხრუშჩოვი იაპონელებს კუნძულების დაბრუნებას შეჰპირდა, მაგრამ ეს იმ იმედით გააკეთა, რომ იაპონელები თავიანთი ტერიტორიიდან ამერიკის სამხედრო ბაზას გაისტუმრებდნენ. როცა ეს არ მოხდა, გარიგებაც ჩავარდა. ამის შემდეგ  ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას მუდამ მოჰყვება ხოლმე მითქმა-მოთქმა, რომ, ბოლოს და ბოლოს, კუნძულების პრობლემა შეიძლება გადაიჭრას.

თვის დასაწყისში კიდევ ერთი ასეთი შეხვედრა შედგა: იაპონიის პრემიერი აბე ვლადივოსტოკში ჩავიდა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე და იქ, ბუნებრივია, პუტინს ესაუბრა. მათი წინა შეხვედრის შემდეგ (რომელიც მაისში გაიმართა, სოჭში) ყველა რაღაც განსაკუთრებულს ელოდა, რადგან იმ შეხვედრაზე ორი ლიდერი კურილიის კუნძულებთან მიმართებაში „ახალ მიდგომაზე“ ალაპარაკდა. ამჯერად ამ საკითხზე განსაკუთრებული აღარაფერი უთქვამთ და რას ნიშნავს „ახალი მიდგომა“ კვლავაც გაურკვეველია. თუმცა, გადაწყდა, რომ დეკემბერში ლიდერები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან და ამჯერად უკვე იაპონიაში.

იაპონიასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, ცხადია, მოსკოვისთვის წარმატებად უნდა ჩაითვალოს. რუსი მიმომხილველები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ტოკიო აშკარად დააშინა რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებამ და აბეს გააქტიურება სწორედ ამით არის გამოწვეული. იმასაც აღნიშნავენ, რომ აბე კურილიის კუნძულების პრობლემის მოგვარებას ჩქარობს მაშინ, როცა პუტინს საჩქარო არაფერი აქვს – რაც არ უნდა მოხდეს, იგი უფრო დიდხანს იქნება ხელისუფლების სათავეში, ვიდრე აბეო.

მაგრამ ცხადია, თავისი ინტერესი ამ დაახლოებაში რუსეთსაც აქვს და ეს ინტერესი ეკონომიკური ხასიათისაა. ორი წლის წინათ, როცა უკრაინის გამო დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაადო, დიდის ამბით დაანონსდა „ჩინეთისკენ მიტრიალება“. მიტრიალება საქმითაც დამტკიცდა, გაფორმდა რა 30-მილიარდიანი ხელშეკრულება რუსეთიდან ჩინეთზე გაზსადენის მშენებლობაზე. რუსული მედია აჟიტირებული არწმუნებდა მოსახლეობას, რომ ეს უპრეცედენტო გარიგება ყველანაირ სანქციას გადაფარავდა.

ცხადია, ეს ყველაფერი უკვე მაშინვე გაზვიადებული იყო: ჯერ ერთი, 30 მილიარდი რუსეთისთვის არც ისე დიდი თანხაა, და მეორეც, ეს ინვესტიცია დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში უნდა დახარჯულიყო… მალე ისიც გაირკვა, რომ ჩინეთი პროექტის განხორციელებას სულაც არ ჩქარობდა. მას რომ არასოდეს ეჩქარება, ეს ცნობილი ამბავია, მით უმეტეს, როცა მისი პარტნიორი უფროა მასზე აქეთ დამოკიდებული.

ამასობაში კი სანქციებს ნავთობის გაიაფებაც დაემთხვა, რამაც რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად აზარალა. მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ გამოცდას კარგად გაართვა თავი, რუბლი გარკვეულ ნიშნულზე გააჩერა და სავალუტო რეზერვების უაზროდ ფლანგვას (რაც რუბლის ძველ ნიშნულზე დაჭერისთვის იყო აუცილებელი) მოერიდა.

შიდა დავალიანებებსა და ვალდებულებებს რუსეთი ისევ რუბლებში ისტუმრებს და, ამ მხრივ, ხაზინას რეალურად საქმე გაუიოლდა. მაგრამ რუბლის დევალვაციის პირობებში ძალიან გაძვირდა იმპორტი, მაშინ, როცა ნავთობის გაიაფების გამო ქვეყანას ვალუტა აღარ შესდის, სანქციების გამო კი უცხოურმა ინვესტიციებმაც იკლო. შესაბამისად, რუსეთს სავალუტო რეზერვების ხარჯვა მაინც უწევს. უკვე წელს სარეზერვო ფონდიდან ერთ ტრილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯა (15 მილიარდ დოლარზე მეტი). ამ ფონდში ახლა მხოლოდ 2 ტრილიონია დარჩენილი და ბიუჯეტში გაჩენილი ხვრელის გათვალისწინებით არაა გამორიცხული, კიდევ ერთი ტრილიონი დაიხარჯოს უკვე ამ წლის ბოლომდე.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გასულ წელს ფონდიდან უფრო ნაკლები, ტრილიონამდე დაიხარჯა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკურ ელიტას არ ტოვებდა იმედი, რომ ნავთობის ფასი ისევ ზემოთ წავიდოდა, მაგრამ…

მოკლედ, უკვე მომავალ წელს რუსეთს შეიძლება მეორე ყულაბის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის გახსნა მოუხდეს. სადღეისოდ იქ დაახლოებით 72 მილიარდი დოლარია თავმოყრილი (4,72 ტრილიონი რუბლი), თუმცა აქედან ნაწილი არალიკვიდურია და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებშია განთავსებული. ანუ, თუკი ნავთობი არ გაძვირდა ან რუსეთს სანქციები არ მოეხსნა, მიმდინარე დინამიკით ეს ფონდიც დაახლოებით ორ წელიწადში გაიხარჯება.

ვითარება რომ მძიმეა, ამას ისიც მოწმობს, რომ კრემლი „როსნეფტის“ აქციების გაყიდვასაც კი ფიქრობს. თავის დროზე პუტინმა მოღვაწეობა სწორედ იმით დაიწყო, რომ ნავთობისა და გაზის კომპანიებზე სახელმწიფო მონოპოლია დაამყარა. ასე გაქრა „იუკოსი“ (ის ახლა სწორედ „როსნეფტის“ ნაწილია), მისი თავკაცი ხოდორკოვსკი კი ციხეში აღმოჩნდა.

მთავარ ეროვნულ სიმდიდრეზე სახელმწიფო კონტროლი რუსეთის ძლიერების აღდგენის ერთ-ერთი წინაპირობა იყო – ასე მიაჩნდა პუტინს. მაგრამ დღეს იგი მზადაა, ამ სიმდიდრის ნაწილს შეელიოს.

„როსნეფტის“ აქციების ნაწილის გაყიდვით 11 მილიარდი დოლარის ამოღება იგეგმება. ეს არც ისე ბევრია, ზემომოყვანილ სტატისტიკას თუ შევხედავთ, და რუსეთს ასეთ ვითარებაში ნახევარ წელიწადს თუ ეყოფა.

პარალელურად რუსეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპეკთან და უპირველესად მის არაფორმალურ ლიდერ საუდის არაბეთთან. ცხადია, განიხილება ნავთობის მოპოვების შემცირება და ამგვარად ნავთობის ფასის ზრდისთვის ხელის შეწყობა. მაგრამ აქ ორი დიდი პრობლემაა – საუდის არაბეთთან რუსეთს დაწყობილი ურთიერთობები არასოდეს ჰქონია, ხოლო სირიაში მისი ჩარევის შემდეგ ეს ურთიერთობები ისე გაუარესდა, როგორც არასოდეს.

შესაძლოა, დავუშვათ, რომ ნავთობდოლარების ხათრით საუდელებმა ამაზე თვალი დახუჭონ, მაგრამ აქ უკვე მეორე პრობლემა იჩენს თავს: ნავთობის ფასის გასაღები უკვე აღარ არის ოპეკისა და რუსეთის ხელში. თუკი ისინი შეთანხმებული ქმედებით ნავთობის გაძვირებას გამოიწვევენ, ცოტა ხანში ამერიკაში ფიქლის ნავთობის მოპოვების ახალი ბუმი დაიწყება (ეს ბუმი ახლა შენელებულია, რადგან ნავთობზე ახლა არსებული ფასი ფიქლის ბევრ საბადოზე მუშაობას არამომგებიანს ხდის), მსოფლიო ბაზარს უკვე ამერიკული ნავთობი გადაავსებს და ფასიც ისევ დავარდება…

ასეთ ვითარებაში რუსეთისთვის იაპონური ინვესტიციები მართლაც რომ ჰაერივით საჭიროა. მით უფრო, რომ ციმბირში იაპონელების შეშვებით (ინვესტიციების დიდი ნაწილი კი, წესით, სწორედ აქეთ უნდა წავიდეს) რუსეთი იქ ჩინეთის მზარდ გავლენას დააბალანსებს. მაგრამ ამისთვის კომპრომისია საჭირო. სადაც ასეთ კომპრომისზე არა თუ ხრუშჩოვი, არამედ ელცინიც არ და ვერ წავიდა, მეტად საეჭვოა, პუტინი წავიდეს.

უკანასკნელი დუელი

აბეს შემდეგ სულ რამდენიმე დღეში პუტინმა ობამა იხილა. ეს დიდი ოცეულის შეხვედრაზე მოხდა ჩინეთში, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია. ყველაზე საინტერესო, ალბათ, სწორედ პუტინისა და ობამას შეხვედრა იყო, თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტების რანგში ისინი, წესით, ერთმანეთს უკანასკნელად შეხვდნენ.

ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტებს სირიაზე უნდა ესაუბრათ. ამერიკულმა მხარემ წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ობამას ისეთი წინადადება უნდა შეეთავაზებინა, რაზეც პუტინი უარს ვერ იტყოდა. დეტალები უცნობი იყო, თუმცა გაჟონა ხმებმა, რომ ამერიკელები ითხოვდნენ ალეპოს დაბომბვების შეწყვეტას, ჰუმანიტარული კორიდორების გახსნას და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქმედებათა კოორდინაციას.

თავიდან საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა: შეხვედრა ლამის დასრულებულიც არ იყო, როცა ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. ეს ისეთი სილის გაწვნა აღმოჩნდა, რომ ლავროვმა მას „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

ცხადია, ახალი ამერიკული სანქციები რუსეთს განსაკუთრებულს ვეღარაფერს დააკლებს. უბრალოდ, მათი გამოცხადება სიმბოლურად იყო მნიშვნელოვანი. პუტინმა შეთავაზებაზე უარი თქვა და პასუხიც მაშინვე მიიღო. თანაც საჯაროდ.

პუტინის უარი ლოგიკური ჩანდა. ამერიკაში არჩევნები ახლოვდება და ობამასთვის რაიმეში დათმობის აზრს იგი ვერ ხედავს. მით უფრო, რომ მას ამერიკელი პრეზიდენტი გულზე არ ეხატება და ამიტომ სულაც არ სურს, მეორე ვადის ბოლოსკენ მას რაიმე საჩუქარი გაუკეთოს.

მაგრამ, როცა მთელი მსოფლიო შეგუებული იყო სირიის საკითხის კიდევ ერთ ჩავარდნას, კერიმ და ლავროვმა დიდი ოცეულის შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად განაცხადეს, რომ შეთანხმება შედგა: რუსეთმა ობამას შეთავაზება მიიღო. შეთავაზების დეტალებიც გაირკვა: ორივე მხარე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაერთვება, ასადი ზომიერ ოპოზიციას დროებით დაუზავდება და ამიერიდან ოპოზიციას განურჩევლად აღარ დაბომბავენ.

რა მოხდა? რატომ გადაწყვიტა საბოლოოდ პუტინმა ობამას შეთავაზების მიღება? ალბათ, იმიტომ, რომ ობამა მიდის და მას, ალბათ, ჰილარი კლინტონი შეცვლის. მასთან მოლაპარაკება კი, ალბათ, უფრო რთული იქნება. ჰილარის არ დავიწყებია, რომ პირადად მან განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა. მას რუსებით იმედგაცრუების დიდი გამოცდილება აქვს და მათ აღარ ენდობა.

ჰილარისთან მოლაპარაკება რთული იმიტომაც იქნება, რომ თავის დროზე მან დაამკვიდრა ტერმინი decoupling. ეს გულისხმობს საკითხების განცალკევებას, ანუ, მაგალითად, იგი არ განიხილავს შეთავაზებას, რომელიც გულისხმობს სირიიდან რუსების გასვლას რუსეთისთვის უკრაინის გადაბარების სანაცვლოდ.

მაგრამ რამდენ ხანს იმუშავებს კერი-ლავროვის შეთანხმება? რამდენად შეასრულებს მას რუსეთი? და რა მოხდება, თუკი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს? პუტინი ხომ ტრამპს ელოდება. ამას მოსკოვში უკვე თითქმის აღარ მალავენ და ტრამპის მხარდასაჭერად არა მხოლოდ ჰაკერები, არამედ პროპაგანდისტული მანქანაც ჩართეს. უკვე აგორდა კამპანია, რომ, თუკი ჰილარი გაიმარჯვებს, ამას ამერიკასა და რუსეთს შორის ომი მოჰყვება. ეს კი არც რუსეთს უნდა სურდეს, არც ამერიკას და არც არავის მსოფლიოში. გინდათ მშვიდობა? მაშინ აირჩიეთ ტრამპი!

და თუკი ტრამპი მოვა, არაა გამორიცხული, იაპონია-ამერიკის ურთიერთობებიც ისე აირიოს, რომ კურილიის კუნძულების საკითხიც გადაწყდეს ისე, როგორც ამას თავის დროზე ხრუშჩოვი იმედოვნებდა (ტრამპი ხომ სულ იმას გაიძახის, რომ მოკავშირეების დაცვით ამერიკამ თავი ძველებურად აღარ უნდა შეიწუხოს). პუტინი, ალბათ, სწორედ ამას იმედოვნებს და აბესთანაც სწორედ მაშინ აპირებს ჩასვლას, როცა ამერიკის ახალი პრეზიდენტის ვინაობა უკვე ცნობილი იქნება.

პუტინი ხომ უფრო დიდხანს იქნება, ვიდრე აბე, ჰილარი თუ ტრამპი…

გააზიარეთ: