ობამას ორი ვადის შეჯამება თითქოსდა უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიძლებოდა. მაგრამ, შეჯამება და შეფასებები ნაადრევი აღმოჩნდა. ნოემბრის შემდეგ გაირკვა ის, რაც ობამას მემკვიდრეობას ალბათ ყველაზე დიდ ლაქად დააჩნდება. მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთმა განახორციელა ისეთი მასშტაბის კიბერშეტევა ამერიკაზე, რომელმაც არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია... უფრო სწორად კი, ამერიკის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერია კლინტონის წინააღმდეგ... უფრო რომ ჩავეძიოთ, ამერიკის დაზვერვის მოხსენებაში პირდაპირ და უტყუარად არ ჩანდა, რომ რუსეთის ჩარევამ გადამწყვეტი გავლენა იქონია, მაგრამ მოხსენება მაინც მძიმე იყო და კიდევ უფრო მძიმე იყო ობამას რეაქცია - რუსი დიპლომატების გაძევება. ამით მან პრინციპში აღიარა კიდეც, რომ რუსეთის ჩარევა გადამწყვეტი იყო. ისევ და ისევ, შეიძლება არც ყოფილა, მაგრამ ობამას რეაქციიდან ასე გამოვიდა.

ობამას მემკვიდრეობას ლაქად დარჩება არა ჩარევა, არამედ აღიარება, რომ ამერიკის შიდა საქმეეში ვიღაც ჩაერია. მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო ამერიკისთვის, რომლის მოქალაქეებსაც სწამთ, რომ მსოფლიოში პირველთა შორის პირველები არიან და რომ მათთან ახლოს ვერავინ მივა. რუსეთი რომ ცდილობს სხვის საქმეებში ჩაერიოს, ეს გასაგებია. ტელეარხი „რაშა თუდეი“ უკვე დიდი ხანია ანტიამერიკული პროპაგანდითაა დაკავებული, მაგრამ ამერიკაში მისი გათიშვა არავის უფიქრია. ამერიკა მეტისმეტად ძლიერად მიიჩნევდა თავს, რომ თუნდაც ძალიან მაღალპროფესიული რუსული პროპაგანდის არხის შიში ჰქონოდა. რუსეთი გავლენას მართლაც ახდენდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების და ზოგჯერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შიდა პოლიტიკაზეც, მაგრამ ამერიკაზე გავლენა კომიკურად ჟღერდა. ობამამ და მისმა მთავრობამ საკუთარ ხალხს განუცხადეს, რომ ეს კომედია ახდა. რომ ამერიკა ის აღარ არის...

ერთი შეხედვით, პუტინისნაირი ლიდერი ამაზე სასიამოვნო ახალ ამბავს ვერ ინატრებდა. იგი არა მხოლოდ დააფასეს და აღიარეს, არამედ ამერიკის ახალი პრეზიდენტის დასმაც მას მიაწერეს. 90-იანებში დამცირებული და შურისძიებაზე მეოცნებე ქვეყნის ლიდერისათვის ამაზე უფრო საოცნებო რა უნდა იყოს.

მაგრამ, ის რაც შემდეგ მოხდა მოსკოვისთვის დიდად სასიხარულო არ უნდა იყოს. ობამამ ერთის მხრივ ამერიკელთა თვითრწმენას დიდი დარტყმა კი მიაყენა, მაგრამ მეორეს მხრივ ქვეყანაში ისეთი ანტირუსული განწყობები ააგორა, რომლებიც ალბათ ადრეული ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა. გარდა ამისა, მან წასვლის წინ რუსეთს ახალი სანქციებიც გამოუწერა.

ტრამპი თავიდან დაზვერვის მოხსენებას სერიოზულად არ აღიქვამდა და ამისთვის მას ალბათ გარკვეული საფუძველიც ჰქონდა: გასაგებია, რომ პუტინს ჰილარი კლინტონის გასვლა ნაკლებად სურდა, მაგრამ საარჩევნო პერიპეტიებს კარგად რომ გადავხედოთ, აშკარაა, რომ დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან მოპარულ და გასაჯაროებულ ინფორმაციაზე უფრო მეტად (რასაც რუსეთს აბრალებენ) ჰილარის შანსებს დაარტყა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ (არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე) ახალი გამოძიების დაანონსებამ. რომ არაფერი ვთქვათ თავად ჰილარის შეცდომებზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა ისეთ მიზეზებზე, რომლებსაც რუსებს ნამდვილად ვერავინ დააბრალებს. გარდა ამისა, ტრამპის მიერ დაზვერვის მოხსენების აღიარება ნაწილობრივ იმის აღიარებასაც ნიშნავდა, რომ იგი რუსების წყალობით გაპრეზიდენტდა. ამიტომაც, ახალმა პრეზიდენტმა მოხსენება თავიდან არაფრად ჩააგდო, მაგრამ მხოლოდ თავიდან. იგი ალბათ ძნელად ელოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა.

მოხდა ის, რომ კონგრესში როგორც დემოკრატებმა ასევე რესპუბლიკელებმა ტრამპის მომავალ მთავრობას ნამდვილი განკითხვის დღე მოუწყეს. მთავარი თემა რუსეთი იყო. არის თუ არა რუსეთი აგრესორი, დაარღვია თუ არა რუსეთმა საერთაშორისო სამართალი, არის თუ არა რუსეთი ამერიკის მოწინააღმდეგე, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე...

სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი ტილერსონი (რომელიც ზოგიერთმა პუტინის აგენტად მონათლა იმის გამო, რომ მისგან ჯილდო აქვს მიღებული) კონგრესის მოსმენებზე ისეთ მძიმე დღეში ჩავარდა, რომ იძულებული გახდა კონგრესმენებს ყველაფერში დათანხმებოდა და რუსეთზე ისეთი კრიტიკული რაღაცეები ეთქვა, რაც ჯონ კერის ალბათ არასოდეს უთქვამს.

თავად ტრამპიც, ასეთ ფონზე იძულებული გახდა, რომ დაზვერვის მოხსენება ეღიარებინა. კი - რუსები ჩაერივნენ, კი - რუსები ცუდები არიან...

ჯერ კიდევ ირიოდე კვირის წინ ბევრი შიშობდა, რომ ტრამპი ახალ გადატვირთვას დაიწყებდა და რომ ალბათ სანქციებსაც მოუხსნიდა რუსებს. ამის შემხედვარე სანქციებს ევროპაც მოხსნიდა და რუსეთს უკრაინა ჩვეულებრივად შერჩებოდა.

მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ტრამპმა ძალიანაც რომ მოინდომოს ეს ძალიან გაუჭირდება. „პუტინის მიერ დასმული პრეზიდენტის“ კომპლექსი მას ძალიან დიდხანს გაჰყვება და იმისთვის რათა დაამტკიცოს, რომ „პრორუსული“ არ არის, რომ რუსებს მასზე კომპრომატი არა აქვთ (კიდევ ერთი ბოლოდროინდელი სკანდალი), ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც მოსკოვში დიდად არ უნდა ეამოთ.

შეიძლება, ამის საპასუხოდ გავიხსენოთ, რომ ტრამპი ექსტრავაგანტული ადამიანია, ამიტომაც შესაძლოა სულაც არაფრად ჩააგდოს „პრორუსულობის“ კომპლექსი და მაინც ისე მოიქცეს როგორც საჭიროდ მიაჩნია და ახალი გადატვირთვა მაინც დაიწყოს. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში მას კონგრესი უკვე ნამდვილ განკითხვის დღეს მოუწყობს. კონგრესს ემატება გავლენიანი ამერიკული პრესა, რომელიც უკვე განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, თუ როგორ შეიძლება ტრამპს იმპიჩმენტი მოუწყონ და ძირშივე დაასრულონ მისი პრეზიდენტობა. თუკი გავიხსენებთ პრესამ რა უყო რიჩარდ ნიქსონს - ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ზეგამოცდილ პოლიტიკოსსა და ისტებლიშმენტის განუყოფელ ნაწილს, იოლი წარმოსადგენია რა შეიძლება მან უყოს ტრამპს, რომელიც პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი არასოდეს ყოფილა.

ჯერჯერობით, სრულიად აშკარაა, რომ ეს ისტებლიშმენტი ტრამპს მოდუნების საშუალებას არანაირად არ მისცემს. ახალ პრეზიდენტს ალბათ არც ას დღეს არ მისცემენ, კრიტიკა მას ყოველ ნაბიჯზე დაატყდება თავს. ამ კრიტიკის უკან კი ყოველთვის იდგება რუსეთის საკითხი - ხომ არ აკეთებს ტრამპი ისეთ რამეს, რაც დაადასტურებს, რომ ის რუსების ინტერესებს ემსახურება?

როცა რუსები დემოკრატიული პარტიის სერვერებს ტეხავდნენ, სამთავრობო არხებზე ჰილარი კლინტონს ეშმაკის მოციქულად წარმოაჩენდნენ და ამერიკული დემოკრატიის ნაკლოვანებებზე მსჯელობდნენ, მათ ალბათ მაინც ვერ წარმოედგინათ, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა. ყველაფერი ეს ალბათ იქითკენ იყო მიმართული, რომ ჰილარის მოსალოდნელი გამარჯვება არჩევნების გაყალბებით აეხსნათ და ვაშინგტონი ფარისევლობის ბუდედ გამოეცხადებინათ, რომელიც სხვებს უჩიჩინებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, მაგრამ თვითონ კი საკუთარ მოქალაქეებს ართმევს არჩევანს და „სახალხო კანდიდატს“, ტრამპს ჩაგრავს.

მოიგო ტრამპმა. ობამა დამცირებული ჩანს. მას სირიაში რუსეთმა აჯობა, ამერიკის არჩევნებშიც ჩაერია. ობამა სუსტი პრეზიდენტია, პუტინმა იგი კიდევ ერთხელ მოატყუა - გაისმის ყველგან. მაგრამ, ობამამ წასვლის წინ რუსეთს დარტყმა მიაყენა - მთელი ამერიკული ისტებლიშმენტი და საზოგადოებრივი აზრი მოსკოვის წინააღმდეგ მიმართა.

ყველაფერი ეს ერთ რამემდე დადის - ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა მოსკოვისთვის გაცილებით უფრო პრობლემატური აღმოჩნდეს ვიდრე იყო ობამას ადმინისტრაცია. ობამამ თავისი მოღვაწეობა სულაც გადატვირთვით დაიწყო და რუსეთის საზიანოდ არანაირი სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამს. დაპირისპირება მხოლოდ უკრაინის მოვლენების შემდეგ დაიწყო. საერთოდ, ობამასთან, ინტელიგენტ იურისტთან, სურვილის შემთხვევაში ურთიერთობების დალაგება ძნელი არ უნდა ყოფილიყო.

და არც ისაა გამორიცხული, ტრამპის ადმინისტრაციაზე უფრო იოლი რუსეთისთვის კლინტონის ადმინისტრაცია ყოფილიყო. მას პრორუსულობის კომპლექსი ნამდვილად არ ექნებოდა.

მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი