კახეთი, თელავი
თელავის თემის ბიუჯეტი იზრდება, 2014 წელს 7 მლნ 600 ათასი იყო, შარშან კი 12 მლნ 600 ათასი
მეტწილად სიმართლე
356 ნახვა
A+
A
A-

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის განცხადებით (6:38 წთ-დან) 2014 წლისთვის თელავის თემის ბიუჯეტი 7 მილიონ 600 ათასი იყო, 2016 წელს კი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 12 მილიონ 600 ათსამდე გაიზარდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2013 წელს საქართველოს მთავრობამ „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები“ დაამტკიცა, სადაც  რეფორმის მიმართულებები და ეტაპებია გაწერილი, ხოლო 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი „თვითმმართველობის კოდექსი“.

თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, შვიდი მუნიციპალიტეტი გაიყო და თოთხმეტი ახალი მუნიციპალიტეტი (მათ შორის შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქი) ჩამოყალიბდა. კერძოდ, კანონით დამატებით თვითმმართველ ქალაქებად გამოცხადდა შვიდი ქალაქი: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2014 წლის 15 ივნისს ჩატარდა, რის შედეგადაც თელავის მუნიციპალიტეტის ბაზაზე დღეს ორი თვითმმართველი ერთეული – თემის მუნიციპალიტეტი და ქალაქი ჩამოყალიბდა, საკუთარი ბიუჯეტით და ვალდებულებებით. თუმცა, მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აღნიშნული ერთეულები კვლავ გაერთიანდებიან და ზემოხსენებული შვიდი ქალაქიც თვითმმართველ სტატუსს დაკარგავს. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოფიციალური წერილით მივმართეთ და 2014-2017 წლების ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხის მიხედვით, თვითმმართველობის გაყოფის შედეგად ორი ახალი მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო წლის მე-8 თვეს შეიქმნა, ბიუჯეტი კი 7 922 500 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტების 2014 წლის ბიუჯეტი სრულ საბიუჯეტო წელს არ მოიცავს.

 

ცხრილი 1: თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი (ფაქტობრივი შესრულება) 2014-2017 წლებში, ათასი ლარი

წელი თანხა
2014 7 923
2015 10 550
2016 12 129
2017 12 455

 

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 2014 წელს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფაქტობრივმა შემოსავლებმა 7.5 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 1.7 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლების სახით იქნა ჩარიცხული, 4.5 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების, 818 ათასი ლარი კი სხვა შემოსავლების სახით. ამავე წელს, 2.4 მილიონი ლარი გამოიყო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

2016 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 12.8 მილიონი ლარი შეადგინა. საიდანაც ბიუჯეტში 8.4 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების სახით, ხოლო 3.1 მილიონი ლარი საკუთარი შემოსავლების სახით უნდა შესულიყო. 2.4 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადასახადების, 742 ათასი ლარი კი სხვა შემოსავლების სახით უნდა შესულიყო. თუმცა, 2016 წლის ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულება 12 129 210 ლარია.

 

დასკვნა

თელავის გამგეობის ადმინისტრაციიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, თვითმმართველობის გაყოფის შედეგად ორი ახალი მუნიციპალიტეტი 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა, ბიუჯეტი (ფაქტობრივი შესრულება) კი 7 922 500 ათასი ლარით განისაზღვრა. გამგეობის ცნობით, 12 129 210 ლარს შეადგენდა 2016 წლის ბიუჯეტი (ფაქტობრივი შესრულება), რაც პაატა გიორგობიანის დასახელებულ რიცხვზე (12 600 000 ლარი) 470 790 ლარით ნაკლებია. აღნიშნული უზუსტობის მიუხედავად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2014 წლის შემდეგ მართლაც ზრდადია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პაატა გიორგობიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

გააზიარეთ: